"ყველას თავს კედელზე მიგარტყმევინებთ": სი ძინპინი დასავლეთს აფრთხილებს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ყველას თავს კედელზე მიგარტყმევინებთ": სი ძინპინი დასავლეთს აფრთხილებს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სათაურით - "ყველას თავს კედელზე მიგარტყმევინებთ": სი ძინპინი დასავლეთს აფრთხილებს...", რომელშიც ჩინეთის კომპარტიის დაარსების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია გადმოცემული. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"ყველას კედელზე თავს მიგარტყმევინებთ..."

"ჩინეთის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პეკინი არცერთ ქვეყანას არ ჩაგრავს და თუ ვინმე მის საშინაო საქმეებში ჩაერევა, "ყველას თავს ფოლადის კედელზე მიარტყმევინებს და სისხლით შეუღებავს".

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სიტყვები გაისმა იმ დასავლური კრიტიკის ფონზე, რომელიც სინძიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში და ჰონგ-კონგში მომხდარ მოვლენებს ეხება. დასავლეთი თვლის, პეკინი ეროვნულ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი - უიღურებს ჩაგრავს, ამერიკა ჩინეთის მიერ უიღურების მიმართ გატარებულ პოლიტიკას "გენოციდს" უწოდებს, ჰონგ-კონგში კი, რომელიც 1997 წლიდან (ანუ დიდი ბრიტანეთის კონტროლიდან გამოსვლისა და ჩინეთისათვის გადაცემის პერიოდიდან) გარკვეული ავტონომიური უფლებებით სარგებლობს, ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ბევრი შეზღუდვა დაუწესა. დასავლეთი პეკინის ამ გადაწყვეტილებებსაც "ანტიდემოკრატიულად" თვლის.

"ჩვენ დედამიწის ზურგზე არავის მივცემთ ნებას, დაგვაშინოს, დაგვჩაგვროს და ჩვენს დაქვემდებარებას შეეცადოს", - განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონფრონტაცია ტაივანის გამო გამწვავდა, რომელსაც პეკინი ამბოხებულ პროვინციად თვლის. ამერიკული კანონის თანახმად კი, ვაშინგტონი ვალდებულია ტაივანს სამხედრო დახმარება გაუწიოს, თუ პეკინი მის გაკონტროლებას ძალის გამოყენებით შეეცდება.

სი ძინპინმა გუშინ, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი მტკიცედ ინარჩუნებს ტაივანის მიერთების სურვილს: "ნურავინ დაეჭვდება ჩინელი ხალხის სიმტკიცეში და ურყევ ნებაში თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად".

ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივნის გამოსვლას თან სდევდა "მქუხარე აპლოდისმენტები" პეკინის ტიანანმენის მოედანზე შეკრებილი 70 ათასი მაყურებლისაგან.

კომპარტიის ასი წლისთავს ჩინეთში ფართოდ აღნიშნავენ. სი ძინპინის გამოსვლა ერთ საათს გაგრძელდა. იგი ამბობდა, რომ სწორედ კომპარტია ასრულებს მთავარ როლს ქვეყნის განვითარებაში და ყველა არაკეთილმსურველი გააფრთხილა, რომ გარეშე ძალების ხრიკები ჩასაფუშავადაა განწირული: "ჩინეთის მომავალი სოციალიზმშია. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სოციალიზმის ჩინური მოდელით უნდა განვითარდეს", - განმარტა მან.

მმართველი კომპარტიის იუბილეს აღსანიშნავად პეკინის ცაზე ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს: ისინი ისე იყვნენ დაწყობილები, რომ ციფრი "100" გამოხატეს.

კომპარტიის საკვანძო როლი

როგორც "ბი-ბი-სის" შანხაელი კორესპონდენტი რობინ ბრანტი ამბობს, სიტყვით გამოსვლის დროს სი ძინპინს, თანამედროვე ჩინეთის ყველაზე გავლენიან ლიდერს მაო ძედუნის დროიდან, ღია-ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა. ეს ფორმა იმის იდენტურია, რომელიც კომპარტიის დამაარსებელის იმ პორტრეტში ჩანს, ტიანანმენის მოედანს რომ ამშვენებს.

ამხანაგმა სი ძინპინმა ჩინელი ხალხი შეაქო "ახალი სამყაროს" შექმნისათვის და იქვე დასძინა, რომ კომუნისტური პარტიის ბრძნული ხელმძღვანელობის გარეშე ასეთი მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა.

არ უნდა დავივიწყოთ: ჩინეთის კომპარტიის სტრატეგიის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, ხელისუფლება და ერი ერთ მთლიანობად აღიქმება.

ჩინელები თავიანთ წარმატებებს და პროგრესს - მაგალითად, ეკონომიკის გრანდიოზულ განვითარებას - უპირველეს ყოვლისა, ჯერ პარტიის, შემდეგ კი მთავრობისა და ხალხის დამსახურებად თვლიან.

და რომ ლიდერის გზავნილი ადამიანების ცნობიერებაში კარგად იქნეს ჩანერგილ-განმტკიცებული, საზეიმო ცერემონიის დროს მრავალმა ათასმა ბედნიერმა ჩინელმა ტრადიციულად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით "კომპარტიის გარეშე ახალი ჩინეთი არ იქნებოდა".

როგორ ემზადებოდნენ ზეიმისათვის

ჩინეთის კომპარტია 1921 წელს დაარსდა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებაში მხოლოდ 28 წლის შემდეგ მოვიდა, ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შედეგად. განვლილი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის მართვის ძირითად ბერკეტებს შორის მთავარ როლს პროპაგანდა ასრულებს.

ასწლოვანი იუბილის მზადების დღეებში ქვეყნის ყველა კინოთეატრებში აჩვენებდნენ ე.წ. "წითელ ფილმებს", რომლებშიც ქვეყნის ისტორიაში პარტიის როლი და დამსახურებაა ნაჩვენები. იუბილისთვის სპეციალურად დაიწერა სიმღერა სახელად "100%", რომელიც ასმა რეპერმა და მუსიკოსმა შეასრულა.

"წითელი ტურიზმის" ჩარჩოებში 100 ახალი მარშრუტი იქნა შემუშავებული, რომელიც ჩინელი კომუნისტების საბრძოლო დიდების ადგილებს აერთიანებს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზეიმის ორგანიზატორებმა ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს ჩინეთის კომპარტიის ისტორიიდან გვერდი დუმილით აუარეს: მაგალითად, "კულტურულ რევოლუციას", რომლის ჩარჩოებში პოლიტიკური ოპოზიცია განადგურდა, ასევე, სტუდენტების დახვრეტას ტიანანმენის მოედანზე 1989 წელს, ჰონგ-კონგის საპროტესტო გამოსვლებს და სხვა მოვლენებს, რომლებიც კომპარტიის პროპაგანდისტულ სქემაში არ ჯდება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ