"მივმართავ კანდიდატ "კლან" მოსამართლეებს... ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ "კლანს". მართლმსაჯულება გადავა ხალხის ხელში" - კვირის პალიტრა

"მივმართავ კანდიდატ "კლან" მოსამართლეებს... ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ "კლანს". მართლმსაჯულება გადავა ხალხის ხელში"

"მივმართავ კანდიდატ "კლან" მოსამართლეებს - თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე",- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა წარიმართოს, უაზრო ბიუროკრატიაა, რომელშიც "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "კლანი" უნდა დამარცხდეს და მართმსაჯულება ხალხს დაუბრუნდეს.

"ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ "კლანს". აუცილებლად მართლმსაჯულება გადავა ხალხის ხელში და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, ისევე როგორც გავათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, ისევე როგორც თანამდებობა დავატოვებინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამყალბებელ თავმჯდომარეს, ზუსტად ასე "კლანი" დამარცხდება. ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულად სწორი ქმედებები, რომელთა მთელი ჯაჭვი გვაქვს ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელს" ჩამოყალიბებული. ვაპირებთ სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მივყვეთ ამ ქმედებათა ჯაჭვს. მე პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არც ისე შორეულ მომავალში დადგება დრო, როდესაც "კლანისგან" გავათავისუფლებთ სასამართლოს. არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხია აქ, აქ არის მთლიანად "კლანისგან" გათავისუფლება მართლმსაჯულების სისტემის, რომელმაც წაგვართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ჩვენ არ ვიღებთ რაღაც უაზრო ბიუროკრატიულ პროცედურაში მონაწილეობას, რომელიც ჩამოყალიბდა იურიდიულ კომიტეტში, რაღაც დიპლომების შემოწმებას აპირებს იურიდიული კომიტეტი. უბრალოდ სასაცილოა და ცინიკურია საერთოდ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მივმართავ ამ კანდიდატ "კლან" მოსამართლეებს -თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე,"- განაცხადა ვაშაძემ.