"სხვებზე ბრაზის გადატანით, სიცარიელის გრძნობა არ ამოივსება... ორი­ენ­ტა­ცია არ­ჩე­ვა­ნი არ არის და არც ცხოვ­რე­ბის წესი" - კვირის პალიტრა

"სხვებზე ბრაზის გადატანით, სიცარიელის გრძნობა არ ამოივსება... ორი­ენ­ტა­ცია არ­ჩე­ვა­ნი არ არის და არც ცხოვ­რე­ბის წესი"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და "თბილისი პრაიდის" გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საზოგადოებაში საკითხის ირგვლივ არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება:

"სხვადასხვანაირობაზე სხვადასხვანაირად ვბაასობთ ყველა, ხოდა ახლა მე ჩემებურად მოგიყვებით ამ ამბავს, - განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს აწუხებთ არა ის, რომ "სახლში რასაც უნდათ ვერ აკეთებენ", არამედ ის, რომ გარეთ უყურებენ ალმაცერად თავიანთი იმ თავისებურების გამო, რასაც ნამდვილად მხოლოდ სახლში აკეთებენ და არა საჯაროდ, ისევე, როგორც ყველა. აწუხებთ ის, რომ საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ ლაპარაკი ეკრძალებათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ ეკრძალებათ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის პრობლემა არის უგულებელყოფილი და ხმა ჩახშობილი. აწუხებთ ის, რომ მშობლები და უახლოესი ადამიანები ირცხვენენ და უარყოფენ მათ, იმის შიშით, "რას იტყვის ხალხი", ისე როგორც უამრავ ჩვენგანს უარი გვითქვამს ჩვენს ნამდვილ თავზე და სურვილებზე და ვერ ვიაზრებთ, რომ თავად ვქმნით შეუბრალებელ გარემოს, სადაც შემდეგ ყველა ერთად ვწუხვართ საკუთარი თავის დაკარგვას.

განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა არის ისეთივე კარგი ადამიანი, როგორც ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა არის კარგი ადამიანი. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს საზოგადოებისთვის უამრავი ბედნიერი წუთი აქვთ ნაჩუქარი, დაშავებული კი ბევრად ნაკლები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ორიენტაციისას.

ორიენტაცია არჩევანი არ არის და არც ცხოვრების წესი. ბიოლოგიური თეორიების მიხედვით თანდაყოლილი თავისებურებაა, რომლის შეცვლაც ადამიანის სურვილზე დამოკიდებული არ არის. ხოდა ახლა მე რომ ქალს მიმათხოვოთ, თუ კარგი მზარეულია და ხურციძესავით ფუმფულაცაა, შეიძლება მშვენივრადაც მოვეწყო და უფრო მშვიდადაც ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, მაგრამ საკითხის იდეალური გადაწყვეტა რომ ვერ იქნება, ხომ ხვდება ამას ყოველი კომბლიანი? ხოდა ვაცადოთ ერთმანეთს ღელვა, ჩემო ბატონო... სიყვარული სიმშვიდისთვის კი არა, ვნებათაღელვისთვის გვინდა, პეპლებისთვის და ჟრუანტელებისთვის, დამირეკა-არ დამირეკასთვის, ვეჭვიანობ-არ ვეჭვიანობ, აუ რა მაგარი დღეა, - ფუ რა საძაგელი დღეა, ეგ დამპალი-ეგ ბრილიანტი, მოვკლავ! მოვკვდები!.. ვიღელვოთ ყველამ ჩვენებურად, სანამ ირხევა სულში რამე, გვიყვარდეს ოღონდ, ხომ ჯობს გვიყვარდეს, ვიდრე არ გვიყვარდეს? ჩვენც გვიყვარდეს, სხვასაც უყვარდეს. ერთი ცალი და ძალიან მოკლე სიცოცხლე გვაქვს და თუ სხვებს უნდა ვდიოთ, ბარემ ჩვენს სიყვარულს ვდიოთ, ბევრად მეტი სიხარული მოაქვს იმას, რაც ჩვენში ხდება და თუ ჩვენში არაფერი ხდება, მერწმუნეთ, არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით. ხოდა ვიზეიმოთ სხვადასხვანაირობა.

რომ გვკითხოს ვინმემ, ჩიპი იმიტომ არ გვინდა, ერთნაირები გავხდებითო, ხოდა რა გვინდა ჩამოვყალიბდეთ. სადაც ერთნაირობაა, ამბები აღარ ხდება, სხვადასხვა არომატები, ფერები, გემოები, ფორმები, ფაქტურები ქმნის ამბებს. ხოდა მივიღოთ სიცოცხლე ისეთი, როგორიც ის არის, დაგვხვდა და არაფერი უკითხავს ჩვენთვის. ციკლიდან: არ დავიჩიპებით".