პროფესიონალი მეტყევის მწვანე ბაღი
მეტყევე-ინჟინერია და ეს პროფესია მისთვის ყველაფერია, უკვე 48 წელია, შეიძლება ითქვას, ტყეშია. ჩვენი რესპონდენტი ადრეც ყოფილა, მაგრამ მაშინ მის პროფესიასა და ტყის პრობლემებზე ვსაუბრობდით. მარინა სუჯაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მრჩეველი და საქართველოს დამსახურებული მეტყევეა. "მეტყევეობა ჩემი ცხოვრებაა, ეს საქმე ძალიან მიყვარს და ამდენი წელია ამიტომაც ვემსახურები", - ამბობს ქალბატონი მარინა. ათწლეულების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს ტყეს და "ტყის ენა" კარგად ესმის... თუმცა ამჯერად თბილისში, საცხოვრებელი სახლის ეზოში მის გაშენებულ ბაღზე ვისაუბრებთ.
- ეზო პატარაა. ადრე აქაურობას ჩემი და უვლიდა, მაშინ ბაღი მწირი იყო, თუმცა ლამაზი. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლსა და ეზოს მე ვუვლი, მისი დაწყებული საქმე გავაგრძელე. მაქვს 25-30 დასახელების წიწვოვანი, ფოთლოვანი და მოყვავილე მცენარეები. მუდმივად ვცდილობ შევმატო ის, რაც ქართულია და კლიმატს შეგუებულია. უცხოეთიდან შემოტანილებს ცოტა უჭირთ და განმეორებით მიწევს ყიდვა. არადა, უცხო ქვეყნის მცენარეებიც მომწონს, მინდა გავამრავლო და ზოგჯერ არ გამომდის. შემოდგომაზე სახლში ყველაფერი ვერ შემაქვს, ამის გამო გაზაფხულის პირზე დანაკლისი მაქვს.
ქოთნის უამრავი მცენარეც მაქვს, მათგან სამი ისეთია, გაზაფხულზეც ვერ გამომაქვს, მხოლოდ სახლში უნდა იყოს. რომ იღუპებიან, ძალიან განვიცდი. ამიტომაც ვცდილობ სახლის მცენარეები ნაკლებად მოვამრავლო და უმეტესად ეზოს მცენარეები მქონდეს.
- რა დროს უთმობთ მათ მოვლას? - არის ყვავილები, რომელთაც ძალიან უყვართ წყალი და ვცდილობ სხვებისგან გამორჩეულად მივაწოდო. ასეთია, მაგალითად, ჰორტენზია. შარშან დასავლეთიდან ჩამოვიტანე, ყველამ ვერ გაძლო, რადგანაც გზაში ხანგრძლივად მოუწიათ ყოფნამ და განახლება გაუჭირდათ. ჰორტენზია წყლის მოყვარულია, თბილისში კი ტენი ნაკლებად არის. რაც მთავარია, გამარგვლა უყვართ, სუფთად რომ ჰქონდეთ გარშემო "ჯამები", მზეც უნდა ხვდებოდეს.
ბევრი ველური ია მაქვს, ლამის მთელ ეზოშია გაშლილი, საოცარი ფერი და სურნელი აქვს. ამიტომ ვერ ვანადგურებ, მაგრამ ისინი ანადგურებენ მცენარეებს. მერე "ჯამების" გარშემო ამოსულ იებს მაკრატლით ვაჭრი, რომ თვითონაც არ დაიღუპონ და მცენარესაც მზე და სინათლე არ მოაკლდეს.
- ანუ ჯამს დაფარავენ და მცენარემდე მზეს არ მიუშვებენ. - ამიტომაც ვკრეჭ, ფესვები მიწაში რჩება და გაზაფხულზე ისევ ამოდის. თუმცა ზოგჯერ ვძირკვავ კიდეც, რაკი მცენარეებს უყვართ გარშემო სუფთა ნიადაგი და წყალი. თუმცა ზოგიერთს მეტად, ზოგიერთს ნაკლებად და ამასაც ვითვალისწინებ.
მოგეხსენებათ, მავნებლები საოცრად აფუჭებენ მცენარეებს, უმეტესად ვარდებს. ამიტომ ვწამლავ, თუმცა უკვე აყვავებულ ვარდებს ვერიდები, რომ არ დაზიანდეს.
- ალბათ, თქვენი პროფესია გეხმარებათ ამ ყველაფერში.
- რა თქმა უნდა, მეტყევეობა ის ხომ არ არის, რომ მხოლოდ ტყესთან გვაქვს შეხება. ეს "მწვანე მშენებლობაცაა", ყვავილებსა და დეკორატიულ მცენარეებსაც მოიცავს.
ჩემს ბაღში ტყის მცენარეებიც მაქვს - თრიმლი, გრაკლა, ორ ფერის ჩიტავაშლა და ისე მომწონს, მისგან მინდა "ქალაქი" გავაკეთო. მაქვს შინდი, ალუბალი, კარალიოკი.
- ბაღში ლამაზი დეკორაცია-კომპოზიციებიც თქვენი შექმნილია? - მივლინებებში ხშირად მიწევს ყოფნა. ბუნებაში თუ უცნაური ფორმის ხის ნარჩენი ან ლამაზი ქვა შემხვდება, შინ მომაქვს. ქუჩაში ხის ტოტი ეგდო, ნიანგს ჰგავდა. მოვიტანე, შევღებე და ახლა ზედ მცენარეები ხარობენ.. ღრმულებიან ქვებში სედუმები მაქვს გამრავლებული. კარგა ხნის წინ ხავსმოკიდებული გამხმარი ხის ნარჩენი შემხვდა და ისიც ჩამოვიტანე, მაგრამ თუ სისტემატურად არ მორწყე, ხმება. მიყვარს ასეთი რაღაცების შექმნა და ბაღში შერევა.
კარგი ხვიარა ვარდები მაქვს, მაგრამ ახლა მინდა პერგოლა გავაკეთო (ერთგვარი ტალავერი, ჰორიზონტალური გადახურვით, - ლ.ფ.), ოღონდ ამ ყველაფერს დრო და ფული სჭირდება და ამიტომ ნელ-ნელა ვამატებ სიახლეებს..
- საქართველო შემოვლილი გაქვთ, თქვენი დაკვირვებით, გარემოზე ზრუნვა ყველაზე მეტად რომელ მხარეში იგრძნობა? - დასავლეთი განსაკუთრებით გამოირჩევა ეზოს მოვლის კულტურით. გურიასა და სამეგრელოში ვერ ნახავ ეზოს, რამე თვალში საცემი არ იყოს. ამას კლიმატიც ხელს უწყობს. მცენარეების მრავალფეროვნება და მოვლის მაღალი კულტურა განსაკუთრებით სამეგრელოშია. ულამაზესი ეზოები კი აქვთ, მაგრამ ბევრი მიტოვებულია. აღმოსავლეთ საქართველოში გამოვარჩევ ლაგოდეხსა და მის სოფლებს. იქ მცენარეების გამრავლება ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს. ლაგოდეხში გამოჰყავთ ქონდარა ხეები, რომლებიც ორ-ნახევარ მეტრამდე იზრდება და ძალიან ლამაზია. ბევრია სანერგე, რაც ძალიან მიხარია. ადგილობრივი პროდუქტის შექმნა სასიამოვნოა და თან აქ გამოყვანილის გახარების შანსი მეტია. სანერგე ბევრია დასავლეთშიც.
- თქვენ გარშემო თუ უვლიან ეზოებს? - ეზოს ნახევარი მეზობელს ეკუთვნის, ისიც მცენარეების დიდი მოყვარულია. ლამაზი ბაღი აქვს, ოღონდ ჩვენი გემოვნება განსხვავდება და ასევე ბაღებიც, მაგრამ ორივე ერთმანეთს კარგად ავსებს... მაქვს ბევრი ხვიარა მცენარეც. მთლად უპრობლემოები არ არიან, მოვლა სჭირდება. სურომ მოდება იცის და სადაც არ არის საჭირო, უნდა მოშორდეს. მერე მოცილებულ სუროს სხვებს ვუნაწილებ. ორი კედელი მაქვს სუროთი დაფარული - შემოდგომაზე არაჩვეულებრივი სანახავია ერთი კედელი წითელია, მეორე - მწვანე.
- რას ურჩევთ მებაღეობის დაწყების მსურველთ? - ბუნება სიცოცხლეს გვმატებს.
გახარებული ყვავილის ერთი ქოთანიც კი დიდ სიხარულს განიჭებს და მეტის გაკეთება გსურს. ამიტომ ყველას ვურჩევ, გაუფრთხილდნენ ბუნებას. ქალაქში ზოგან ინტენსიურად ამწვანებენ, მაგრამ შეხედავ და, ტოტია მოტეხილი, ყვავილია მოგლეჯილი და გადათელილი. ეს არ შეიძლება, ისევ ჩვენ გვაკლდება.
- ბევრი ამბობს, რომ არ შეუძლია ყვავილის მოვლა... - მეც მიფუჭდება მცენარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს თავი დავანებო. რაღაც გამოგდის, რაღაც - არა, ამიტომ რაც უკეთესად ხარობს, ის შევინარჩუნოთ. მორწყვის გარდა, მცენარეების მოვლის ცოტა მეტი ცოდნაც არის საჭირო. ამით ხომ ჩვენს კარგ განწყობაზე ვზრუნავთ, ლამაზი გარემოს შექმნასა და ჟანგბადზე.