მშვენიერაძეების მშვენიერი ღვინის ამბავი
"ჩვენი სოფელი XIX საუკუნეში იმერეთის იმ ექვს სოფელს შორის მოიხსენიებოდა, სადაც საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ და გვინდოდა, ეს ტრადიცია დაბრუნებულიყო"
გიორგი მშვენიერაძეს საზოგადოება უმეტესწილად იურისტად იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა საქმეს აკეთებს თავის მშობლიურ სოფელში, - გიორგი ოჯახთან ერთად ვენახს უვლის და ნატურალურ ღვინოს აყენებს, რომლის დაგემოვნება შეიძლება საქართველოშიც და აშშ-შიც. ყველა პროცესში თავად აქტიურად არის ჩართული, რადგან, როგორც ამბობს, ამით დიდ სულიერ საზრდოს იღებს.
- ნატურალური მეღვინეობა ნიშნავს, რომ ყურძნის მოვლის პროცესში პესტიციდები, ჰერბიციდები არ გამოიყენება და ნიადაგიც შხამქიმიკატებით არ იჟღინთება. ასე მოწეული მოსავალი რაოდენობრივად ნაკლებია, მაგრამ - ხარისხიანი. ნატურალურ ღვინოს ვიღებთ, როცა მეღვინე ნაკლებად ერევა ღვინის დაყენების პროცესში, არ იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიურ საშუალებას და ხელოვნური დახმარების გარეშე, მხოლოდ სპონტანური დუღილით კმაყოფილდება. მინიმალური რაოდენობით მხოლოდ გოგირდის გამოყენება (ლიტრზე 40 მილიგრამი) შეიძლება.
მაქსიმალურად ვცდილობთ, ღვინოში, ერთი მხრივ, შენარჩუნებული იყოს ტერუარის (ადგილწარმოშობის) გემო, ეტყობოდეს ინდივიდუალურობა და, მეორე მხრივ, იყოს ჯანმრთელი. ქვევრიც ტრადიციული მეთოდით, გასაწმენდელით ირეცხება და არა - სოდით ან რამე სხვა ნივთიერებით. ესეც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა.
- საკუთარ თავს მეღვინე-მევენახეს უწოდებთ თუ მემარნეს? - ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მემარნეები ვართ. მეღვინე ზრუნავს ღვინოზე, მევენახე - ყურძენზე, ყურძნის ხარისხზე. მემარნეს კი გაცილებით მეტი რაღაცის კეთება უწევს და ეს მხოლოდ ღვინის ჭურში დაყენება არ არის.
- როგორია თქვენი ღვინო? - პროდუქტი ცოტა გვაქვს. წლეულს, ალბათ, 1200 ბოთლი გვექნება, სამაგიეროდ, სპეციფიკური ღვინოა. ასე მგონია, ყველა ღვინო დამყენებელს ჰგავს და ჩვენი ღვინოც ჩვენი მსგავსია. მეურნეობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროშია. აქედან იყო ჩემი ბაბუა, აქ გაიზარდა მამა და იქვეა დაკრძალულიც. მეც ამ სოფელში გავატარე ბავშვობა. მოკლედ, ცხენთარო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არის ადგილი, საიდანაც მოვდივართ, ამიტომ გვინდოდა, ისეთი ღვინო დაგვეყენებინა, როგორსაც ადრეულ წლებში ბაბუა, მამა, ბიძა აყენებდნენ. არანაირ ხელოვნურ საშუალებას არ იყენებდნენ. ჭურებშიც ბუნებრივად დუღდა მაჭარი. მოკლედ, არსებობდა გამოცდილება და გვინდოდა, ის სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. ამას დავუმატეთ ცოდნა, რომელიც დავაგროვეთ არაერთ ტრენინგზე, ლექციასა თუ სემინარზე, ასევე - ლიტერატურით, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
- ამ საქმიანობაში ოჯახის რამდენი წევრი ხართ ჩართული? - მე, ჩემი ძმა, რძალი, ჩემი მეუღლე, შვილები და ჩემი ბიძაშვილი. ვენახები ჩვენივე სოფელში გვაქვს. ასეთი პრინციპი ავირჩიეთ - ყველაფერი ცხენთაროში გვქონდეს და სხვა სოფლისა თუ ტერუარის ყურძენი არ გამოვიყენოთ, რათა მომხმარებელმა იცოდეს, როგორი ღვინო დგება ჩვენთან. ჩვენი სოფელი XIX საუკუნეში იმერეთის იმ ექვს სოფელს შორის მოიხსენიებოდა, სადაც საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ და გვინდოდა, ეს ტრადიცია დაბრუნებულიყო.
- რომელ ყურძენს წურავთ?
- იმერული ჯიშები გვაქვს: ციცქა, ცოლიკაური, ძელშავი. ჩაყრილი გვაქვს ახალშენი ვენახიც, ოცხანური საფერე, რომელიც მოსავალს გაისად მოგვცემს. წელს ვგეგმავთ კრახუნას დამატებას, უკვე მზად გვაქვს და შემოდგომაზე ჩავყრით.
ღია მარანი გვქონდა, საიდანაც ძველი ქვევრები ამოვიღეთ, დავამუშავეთ, რომელიც კარგი იყო, დავიტოვეთ. მერე დახურული მარანი ავაშენეთ, რადგან ღია მარანში გაზაფხულის მერე, როცა ტემპერატურა იმატებს, ღვინის შენახვა შეუძლებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ღია მარანზე. წლეულს შემოდგომაზე ღია მარანიც გვექნება.
მარანში 11 ქვევრია, ჯამური მოცულობა 3,5 ტონაა, წელს ერთი ახალი, 6,5-ტონიანი ქვევრი დაემატება, მისთვის ადგილი დატოვებულია.
- თქვენი პროდუქტი ექსპორტით სად გადის? - შარშანდელი მოსავლის ნაწილი აშშ-ში წავიდა და მცირე ნაწილი, ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ერთი მხრივ, გვინდა, სტუმრები რომ გვეწვევიან მარანში, აქვე შეძლონ ჩვენი ღვინის გასინჯვა, მათ შორის იმ ვენახში, სადაც ყურძენია დაკრეფილი, მეორე მხრივ კი საქართველოში იყოს რამდენიმე ადგილი, სადაც ამ ღვინის გასინჯვა იქნება შესაძლებელი.
ციცქა-ცოლიკაური წლეულსაც გვექნება, იმერულ ჭურში 30% ჭაჭაზე დაყენებული, რომელმაც ჭურში, ჭაჭასთან ერთად, დაახლოებით შვიდი თვე გაატარა. მაისში ქვევრიდან ამოღებული კი ცენტრალურ საცავში ინახება. გვაქვს ცოლიკაური, რომელსაც სულ ჭაჭაზე ვაყენებთ. ძელშავიც არის, ოღონდ - ცოტა, 200 ბოთლამდე გამოგვივა.
- ეს საქმიანობა თქვენთვის რას ნიშნავს?
- მე და ჩემი ოჯახის წევრები ამ საქმეზე შეყვარებული ვართ და ისე ვემსახურებით მას, როგორც შეყვარებული ბიჭი ჩუქნის გოგოს ყვავილებს. აქ ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული.
- გამოდის, მშვენიერაძეები მშვენიერ საქმეს მშვენივრად ემსახურებით... - სხვათა შორის, ჩვენი გვარის წარმომავლობა სოფელ საღვინედანაა, სოფელ ცხენთაროში კი XVII საუკუნიდან ჩნდება.
- თქვენს პროფესიაშიც აქტიური ხართ და სხვადასხვა საქმე ერთმანეთს ხელს არ უშლის? - ჩემი პროფესია ადამიანების დახმარება და დაცვაა. თუ ვინმეს ჩაგრავენ, უსამართლოდ ავიწროებენ და სამართლებრივი დახმარება სჭირდება, ვეხმარები, მემარნეობა კი ჩემთვის სულიერი შვებაა.
- დამწყებ მეღვინე-მევენახეებს თქვენი გამოცდილებით რას ეტყვით? - ამ საქმეს ჯერ დაწყება და მერე ფიქრი არ უყვარს. ამ ყველაფერს სჭირდება კარგი ანგარიშიც. უნდა გვესმოდეს, რა ხარჯებთან იქნება ეს საქმე დაკავშირებული. თუ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა გვინდა, ყველაფერი სწორად უნდა გავთვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის მიტოვება მოგიწევთ.