კარგი ბალი იყოს და მუშტარი კატარიდანაც მოვა
"ნამდვილად არ მოველოდი, რომ ბლის ბაღების გაშენება ასე ინტენსიურად დაიწყებოდა"
გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბალი ყველაზე საყვარელი და ძვირი ხილია. ეს წლევანდელმა სეზონმაც დაადასტურა, როდესაც 1 კილოგრამი საუკეთესო ბლის (მაგალითად, გოგრაბლის) ფასი 6 ლარზე ნაკლები თითქმის არ ყოფილა. ქართული ბალი ექსპორტიორებმაც დაახლოებით ამავე ფასად შეისყიდეს და სხვადასხვა ქვეყანაში გადაიტანეს. ჩვენმა ბალმა ისეთ ქვეყანაშიც კი ჩააღწია, როგორიც კატარია. ბლის ასეთი პოპულარობის მიზეზი, უპირველესად, მისი გემოა. ქართულ გოგრაბალს დღემდე არ გამოუჩნდა კონკურენტი, დღეს კი ბლის კარგ გემოს მისგან მიღებული შემოსავალიც დაემატა. ამის გარდა, ცნობილია, რომ ბალი ბევრ ვიტამინს შეიცავს. რაც მთავარია, ეს კულტურა საქართველოს ყველა მხარეში ხარობს, მაღალმთიან რეგიონებშიც კი....
ყაზბეგში ან სვანეთში ბლის მწიფე კუნწულას სექტემბრის ბოლოსაც კი გაუსინჯავთ გემოს, თუმცა ამ დროისთვის ბალი არც მთელი ქვეყნის ბაზრისთვის არის უცხო. სამაცივრე მეურნეობების განვითარების წყალობით ხილი ქართულ ბაზარში თვეობით გამოულეველია. სწორედ ამის გამო ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო ბლის ბაღების გაშენება. მებაღეობის ტრადიციული რეგიონის - ქართლის გარდა, ბლის ბაღები გაჩნდა კახეთშიც. მართალია, კახელებისთვის, რომლებიც ოდითგან ვაზს ემსახურებიან, ბლის ბაღები სიახლე იყო, მაგრამ როგორც წესი, მათ მეურნეობის გაძღოლა იციან და ბლის მოსავალიც სანაქებო მიიღეს. ინტენსიური ბლის ბაღების გაშენება დაიწყეს გურჯაანშიც, კერძოდ, საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს სოფელ ჩუმლაყში. ფერმერმა გიორგი ქიტესაშვილმა აქ პირველი ბაღი 2016 წელს გააშენა, მეორე კი - 2018-ში. მოსავალიც უკვე მეორედ მიიღო და შემოსავალმაც ბლის სარგებლიანობაში დაარწმუნა.
- ბალი საუკეთესო ხილი რომ არის, იმიტომაც ზრუნავდა ოდითგან მასზე ქართველი კაცი და საუკეთესო ჯიშებიც გამოჰყავდა, თუმცა ნამდვილად არ მოველოდი, რომ ბლის ბაღების გაშენება ასე ინტენსიურად დაიწყებოდა. მაგრამ ყველაფერს ბაზარი წყვეტს და როცა დაინახა ხალხმა, რომ ბალი შემოსავალს იძლევა, ბევრი არ უფიქრია და ბაღების გაშენებაც დაიწყო. მით უფრო, რომ დღეს, საბედნიეროდ, საუკეთესო ნერგები ადვილად იშოვება. ჩვენი სანერგეები უცხოეთში გამოყვანილ საუკეთესო სადედეებზეც მუშაობენ და ადგილობრივსაც აუმჯობესებენ. მეც ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია ბლის ბაღის გაშენებისთვის.
პირველი ბაღი ნახევარ ჰექტარზე 2016 წელს საკუთარი ხარჯით გავაშენე, მეორე კი - ორი წლის მერე. შარშან პირველი მოსავალიც მივიღე. რა თქმა უნდა, პირველი შედარებით ცოტა, მაგრამ კარგი ხარისხის იყო. წლეულს მოსავალი უფრო უხვი მქონდა, მომავალი წლებიდან კი, როცა ბაღი მაქსიმალურად მსხმოიარე გახდება, მოსავალიც მოიმატებს, თუმცა ყველაზე მთავარი ბლის ხარისხია, საუკეთესო გემოსი და სისავსის ნაყოფი მივიღე.
რაც შეეხება მეორე ბაღს, მის გაშენებაში უკვე სახელმწიფო დამეხმარა "დანერგე მომავლის" პროგრამით. ნერგების ფასიცა და სარწყავი სისტემის მოწყობაც ამ პროგრამამ დამიფინანსა, რისთვისაც მადლიერი ვარ.
ბაღი ინგლისურ სადედეზე, ანუ კოლტზეა გამოყვანილი, რომელზეც ჩვენი ხარიგულაა დამყნობილი. მეორე ნაწილში კი უცხოური ჯიშის ბალი გავაშენეთ, რომელიც ჩვენს ხარიგულას არაფრით ჩამოუვარდება.
- აი, თურმე რატომ არის სავსე ბაზარი სხვადასხვა ჯიშის ბლით, რომელთაც აქამდე ვერ შეხვდებოდი. - დიახ და ყველა გემრიელია. ქართველი კაცი ნამდვილად არის განებივრებული გემრიელი ხილით და უცხოური ხილიც გემრიელი შემოიტანა. რაც შეეხება სადედეებს, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი სადედეებიც, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ბალამწარა, აღმოსავლეთში კი - ბალღოჯი, ველური ალუბალი, მაგრამ კოლტი ამ შემთხვევისთვის საუკეთესო იმიტომ არის, რომ სხვადასხვა ტიპის ნიადაგს ადვილად იტანს, ამასთანავე, ნარგაობას საშუალებას არ აძლევს, 5 მეტრზე მაღალი გაიზარდოს. ეს სავსებით საკმარისია კარგი მოსავლის მისაღებად და ძალიან მოსახერხებელია მოვლისა და კრეფისთვის. სხვათა შორის, კოლტზე გაშენებული ბალი 2-3 წლით ადრე გვაძლევს მოსავალს, ვიდრე ჩვენს ბალამწარაზე. კიდევ ერთი თავისებურება: ბალღოჯი, რომელიც კახეთში ვარგობს, დასავლეთ საქართველოს ნიადაგის გამო ვერ გამოდგება.
ტრადიციულ ქართულ ბალს ბაღად ვერაფრით გააშენებ, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან მაღალია და სიმაღლის გამო ბევრის კრეფა თითქმის შეუძლებელია, ინტენსიურ თუ ნახევრად ინტენსიურ ბაღებში კი ხეები 5 მეტრზე მეტად არ იზრდება და მისადგმელი კიბითაც მოკრეფ. თანაც საუკეთესოდაც მოუვლი, რაც კარგი მოსავლისთვის აუცილებელია.
ინტენსიურ ბალს პირველი 2-3 წლის განმავლობაში გასხვლა სჭირდება. შემდგომში კი აუცილებელია, გამოაჭრა ტოტები, რომლებიც ბლის ნაყოფს მზისგან ჩრდილავს. ინტენსიურ ბაღს სეზონზე 6-7-ჯერ სჭირდება შეწამვლა. დღევანდელ ბაზარზე სწორედ ასეთი ბაღების მოსავალია.
- ცნობილია, რომ ბლის გაყიდვა არ ჭირს. ქართულმა ბალმა სპარსეთის ყურეშიც კი ჩააღწია, კატარში 1,5 ტონა ჩვენ ბალი თვითმფრინავით გაიტანეს. ექსპორტიორები თქვენთანაც გამოჩნდნენ? - ნეტავ იმდენი მოსავალი გვქონდეს, როგორიც მოთხოვნაა. ექსპორტიორები მართლაც ბევრს ითხოვენ, მაგრამ ფერმერებს ურჩევნიათ, ბალი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ, რადგან მეტს თუ არა, ნაკლებ ფასს არ იღებენ.
წლეულს ბალს ყვავილობისას გვალვები წამოეწია, ამიტომ მოსავალი ნაკლები მოვიდა, თუმცა - ხარისხიანი. შესაბამისად, ბაზარზე ფასმაც აიწია. ადგილზევე საადრეო ბალი 1 კილოგრამი 12 ლარად იყიდებოდა, შედარებით ნაგვიანები ხარიგულა კი - 6 ლარად. მოკლედ, ბლის რეალიზაცია პრობლემა არ იქნება, რაც უნდა ბევრი ბაღი გაშენდეს. ახლა სამაცივრე მეურნეობებიც შენდება. მხოლოდ ჩუმლაყში უკვე 31 სამაცივრე მეურნეობაა და კიდევ ემატება.