ნინო წილოსანი ქმარს დაშორდა - რა გახდა მილიონერი დეპუტატის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი? - კვირის პალიტრა

ნინო წილოსანი ქმარს დაშორდა - რა გახდა მილიონერი დეპუტატის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი?

ნინო წილოსანი, მეათე მოწვევის პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან" ქმარს დაშორდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძესა და პოლიტიკოს ნინო წილოსანს სამი შვილი ჰყავთ და მათი ოჯახი წლების მანძილზე სამაგალითოდ ითვლებოდა. 2021 წლის დეკლარაციაში დეპუტატს ქმარი ჯერ კიდევ მოხსენიებული ჰყავს.

"ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ..." - ამბობს დეპუტატი "თბილისელებთან" ინტერვიუში და ვლადიმერ აბულაძეს, ამჯერად უკვე შვილების მამად მოიხსენიებს.

თან იქვე დასძენს, რომ ურთიერთობის დასრულების მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობა არ გამხდარა, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო წარმატებული კარიერაში და გყავდეს ბედნიერი ოჯახი.

ნინო წილოსანი:

"დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება, თუმცა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია…".

მილიონერი დეპუტატი ხშირად საუბრობდა მედიასთან პირად ცხოვრებაზე, ამბობდა, რომ ნაადრევად, 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ შვილების გამო ამ ნაბიჯს დღემდე არ ნანობს. უფროსი ვაჟი თემუკა აბულაძე დიდ ბრიტანეთში სწავლობს, ნიკოლოზ აბულაძე, კალათბურთელია და უმცროსი, 9 წლის მარიამი კი დედის თქმით, მხიარული და ლაღი ბავშვია.

"ოჯახი სიყვარულით შევქმენი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ოჯახის შექმნა ადრე იყო, რადგან მხოლოდ 19 წლის ვიყავი. თუმცა ალბათ ყველაფერი ბედია და როცა დგება მომენტი, წინააღმდეგობას ვეღარ უწევ.-" ასე იხსენებდა ვლადიმერ აბულაძეზე დაქორწინებას ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

ვეგეტარიანელი დეპუტატი ასევე ამბობდა, რომ ვლადიმერ აბულაძემ თავის დროზე ჯანსაღი ცხოვრების წესით მოხიბლა.

მართალია, წილოსანს პირადი ცხოვრებიდან მედიასთან არაფერი დაუმალავს, მაგრამ არასოდეს აქვეყნებდა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. არ ჩნდებოდა მასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ შეკრებებზე, სადაც მისი კოლეგები მეორე ნახევრებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილები, ამიტომ ვლადიმერ აბულაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები რთულად მოიძებნება სოციალურ ქსელში.

ნინო წილოსანის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ამჯერად უკვე ყოფილი მეუღლე, ვლადიმერ აბულაძის მფლობელობაშია: 3 ბინა (თბილისში, მცხეთასა და წყნეთში), მიწის ნაკვეთი საგურამოში, 2 ფართი თბილისში; მსუბუქი ავტომობილი - ბმვ X 5. ფლობს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციებს. ამასთან, არის რამდენიმე კომპანიის პარტნიორი საქართველოში, ასევე აშშ-სა და ჩეხეთში. მისმა შემოსავალმა კი 2020 წელს ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე - 8 131 ლარი; რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე კი 17 140 ლარი შეადგინა. გაგრძელება