"გამორიცხული არაფერია, მაგრამ მერობაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ" - კვირის პალიტრა

"გამორიცხული არაფერია, მაგრამ მერობაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ"

"სხვათა შორის, კალაძე ჯერ თავადაც არ არის ჩამოყალიბებული, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ინფორმაცია მაქვს, რომ მარცხის ეშინია. მისი შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. უკვე ცხადზე ცხადია, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება..."

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილებას პარტია 15-დან 20 ივლისის პერიოდში გაასაჯაროებს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, "სტრატეგია აღმაშენებელი" არ განიხილავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საერთო კანდიდატის წამოყენებას და მუშაობს მესამე ძალის ფორმირებაზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. "ნაციონალების" გარდა, კიდევ რომელ პოლიტიკურ ძალასთან გამორიცხავს თანამშრომლობას "სტრატეგია აღმაშენებელი", როგორი იქნება მისი წინასაარჩევნო სტრატეგია და შეესაბამება თუ არა სიმართლეს კულუარული ინფორმაცია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერების მერობის კანდიდატი შეიძლება გიორგი ვაშაძე ან მამუკა ხაზარაძე იყოს, ამის გარკვევა თავად გიორგი ვაშაძესთან შევეცადეთ:

- 1-ლ ივლისამდე ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა საპარლამენტო მექანიზმების მნიშვნელობა და ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხები დაგვებრუნებინა პარლამენტის დღის განრიგში. ვფიქრობ, ეს შევძელით, იმიტომ, რომ განსჯის საგანი გავხადეთ პენსიისა და სახელმწიფო ვალის თემა, ასევე სააშკარაოზე გამოვიტანეთ ჭიათურელებისა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლების პრობლემები. 1-ლი ივლისიდან დავიწყეთ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან არჩევნების საკითხზე.

ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ ამომრჩევლის 60%-ზე მეტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია რეფერენდუმი.

- იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში 43% ვერ უნდა აიღოს. - ბოლო დროს საკმაოდ ბევრ ხალხს შევხვდი და ვიცი, როგორია მათი განწყობა. მათ არ სურთ "ქართული ოცნების" გამარჯვება. ამასთან, "ედისონ რისერჩის" კვლევაც ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი 43%-ს ვერ აიღებს. ჩვენი პრობლემა რაში მდგომარეობს? 2 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია რეალობა და ჩვენც ამის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ.

"ნაცმოძრაობის" გზა დღეს "ოცნების" გზაა. არის მესამე, სხვა გზა, რომლის ფორმირებაც ჩვენ უნდა დავიწყოთ. შემიძლია გარანტირებულად ვთქვა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის კონტურები თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოიკვეთება, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

- ამბობთ, ყველას დაველაპარაკებით, "ნაციონალების" გარდაო. გახარიაზე შეიცვალეთ აზრი?

- ჩემთვის გახარია იგივე "ქართული ოცნებაა". მასთან საუბარი ჩვენი დღის წესრიგიდან ავტომატურად არის ამოვარდნილი. საზოგადოების დიდი ნაწილი მას ოპოზიციად არ აღიქვამს, ამიტომ წავიდეს და გაუყოს ხმები "ოცნებას".

- თუ ოპოზიცია არ არის, "ოცნებას" ხმებს რატომ გაუყოფს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო დროს "ოცნება" გახარიას ხან შეთქმულებაში ადანაშაულებს, ხან პარტიულ საქმიანობაში უშლის ხელს, შესაძლოა ამომრჩეველმა თქვენი ვერსია სარწმუნოდ აღარ მიიჩნიოს. - ეს ხომ ჩვეულებრივი თამაშია, სწორედ იმისთვის, რომ გახარიას ოპოზიციონერობა დამაჯერებელი იყოს.

- რა იგულისხმეთ, როდესაც განაცხადეთ, კახა კალაძის მხილებას ვაპირებთო? - ჩვენ უკვე ვამხილეთ კახა კალაძე სამარშრუტო მძღოლების საქმეში. ასეთი ფაქტი კიდევ ბევრია... მთელმა თბილისმა იცის, თუ კალაძესთან მეგობრობ, სადაც რა გინდა, იმას ააშენებ, სადაც რისი გაკეთება გინდა, იმას გააკეთებ, რომელ ბიზნესსაც გინდა, იმას გააჩერებ, რომელ ტენდერსაც გინდა, იმას მოიგებ...

ათობით პროექტია დღეს თბილისში გაჩერებული, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ძალიან დიდ მასალებს ვამუშავებთ, სისტემურად ვაჩვენებთ ამომრჩეველს, თუ რამხელა პრობლემაა კახა კალაძე როგორც მერი.

- თუმცა მისი რეიტინგი მაღალია. "ედისონ რისერჩის" კვლევით, 50%-ს კალაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. - შეიძლება მისი პერსონალური რეიტინგი მაღალია, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატის რეიტინგი 12 პუნქტით დაეცა ბოლო ორი თვის განმავლობაში. სხვათა შორის, ჯერ თავადაც არ არის ჩამოყალიბებული, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ინფორმაცია მაქვს, რომ მარცხის ეშინია. მისი შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. უკვე ცხადზე ცხადია, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

- "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოს" ერთი მერობის კანდიდატი ეყოლებათ? - ჯერ არა გვაქვს გადაწყვეტილი, თუმცა მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები წარმოვადგენთ ქვაკუთხედს, რომლის გარშემოც უნდა შეიქმნას მესამე ძალა. ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც შეთანხმების დოკუმენტს არც "ქართული ოცნება" აწერდა ხელს და არც "ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალები" დღემდე არ აწერენ ხელს.

- შეიძლება მერობის კანდიდატად თქვენ გიხილოთ? - გამორიცხული არაფერია, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. ახლა ჩვენი ამოცანა ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა და ახალი ადამიანების წინ წამოწევაა.

"სტრატეგია აღმაშენებელს" ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო და პროფესიონალი წევრი გვყავს, ხალხი მათ არ იცნობს.

- ცესკოდან თამარ ჟვანიას წასვლა თქვენთვის არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიაა? - არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესს ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი მოვაშორეთ.

- როგორი უნდა იყოს "ცესკოს" ახალი თავმჯდომარე, რომ თქვენ მხარი დაუჭიროთ? - სტრესტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი. ადამიანს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ზეწოლისთვის უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა გაწეული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიღებული.

თამარ ჟვანია სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა და მერე მთავარ გამყალბებლად ჩამოყალიბდა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა სტრესტესტი გავლილი. მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა, რათა მხოლოდ 2-3 კანდიდატი არ დაფიქსირდეს და ცუდსა და უარესს შორის გაგვიხდეს არჩევანი გასაკეთებელი.

- თქვენ თქვით, რომ ნინო ლომჯარიას დაუჭერდით მხარს, რადგან, თქვენი წარმოდგენით, სტრესტესტი გავლილი აქვს როგორც სახალხო დამცველს. თუმცა თავად პრინციპულ უარს ამბობს. - ლომჯარია მაგალითად მოვიყვანე, აბა, ბოჟაძეს ხომ არ დავასახელებდი?!

თუ ბოჟაძე გახდება ცესკოს თავმჯდომარე, ახლავე უნდა გამოვკეტოთ კაბინეტში და არჩევნების დასრულებამდე გარეთ არ გამოვუშვათ.

- რაც შეეხება სასამართლოსა და მოსამართლეების დანიშვნას, ბოჟაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოსამართლეების თემა სავაჭროდ გამოიყენოს. მაინც რისი გამოვაჭრება არის შესაძლებელი ამ თემით? - ლადო ბოჟაძისთვის მართლმსაჯულება სავაჭრო თემაა, ჩემთვის კი ყველზე მნიშვნელოვანი საკითხი, ურომლისოდაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ.

მოვუწოდებ კლანის მოსამართლეებს - თუ არ გინდათ ცხოვრება დაიმსხვრიოთ, საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შეილახოთ, უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე. მოსამართლეთა შერჩევა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა წარიმართოს, უაზრო ბიუროკრატიაა და ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.

კლანი უნდა დამარცხდეს, მართლმსაჯულება ხალხს უნდა დაუბრუნდეს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულად სწორად მოქმედება, რისთვისაც მთელი ჯაჭვი გვაქვს ჩამოყალიბებული. ვაპირებთ სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მივყვეთ ამ ქმედებათა ჯაჭვს. პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - არც ისე შორეულ მომავალში დადგება დრო, როდესაც კლანისგან გავათავისუფლებთ სასამართლოს - მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებაზეა ლაპარაკი. საზოგადოება ამისთვის უკვე მომწიფებულია, საერთაშორისო პარტნიორებიც მობილიზებული არიან, ამიტომ გარღვევას აუცილებლად მოვახდენთ.

- რას გულისხმობთ? - მოდელი, რომელსაც ვგულისხმობ, არის უცხოელ მოსამართლეთა პანელი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაერთოს მოსამართლეთა შერჩევაში. დღეს სასამართლოს იმ დონეზე აქვს ნდობა დაკარგული, იუსტიციის საბჭოში სამი ნაზი ჯანეზაშვილიც რომ შევიყვანოთ, ვერაფერს შეცვლის.

ხათუნა ბახტურიძე