"ჩავშლი ოპოზიციის შემოთავაზებულ ჩემთვის არასერიოზულ შეთავაზებებს" - კვირის პალიტრა

"ჩავშლი ოპოზიციის შემოთავაზებულ ჩემთვის არასერიოზულ შეთავაზებებს"

"ცესკოს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით", - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისი აზრით, ჟვანიას პოსტი, სავარაუდოდ, იძულებით არ დაუტოვებია. ეს იყო "ქართული ოცნებისა" და ჟვანიას ერთობლივი შეთანხმება.

- ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ჟვანიას დარჩენა თავად "ოცნებისთვის" აღარ იყო მიზანშეწონილი, იმდენად დისკრედიტირებული იყო არჩევნების წინა პროცესი. დარწმუნებული ვარ თამარ ჟვანიას ხვალ სხვა საპატიო ადგილზე გადაიყვანენ.

- ვინ წარმოგიდგენიათ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე? - რა თქმა უნდა, "გირჩის" წარმომადგენელი, მაგრამ იმედი არ მაქვს.

- რატომ თქვით, რომ ვაჭრობა თქვენი საყვარელი საქმეა და თქვენი გადაბირებაც მარტივია? - თქვენმა კოლეგებმა მკითხეს, ხომ ვერ შეძლებდა ხელისუფლება ჩემს გადაბირებას, რომ იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრებად მისთვის სასურველი კანდიდატებისთვის დამეჭირა მხარი. სიმართლე ვუთხარი, მართლა არაფერი უნდა ჩემს გადაბირებას, მთავარია, ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ. რას ვითხოვ? არჩევით მოსამართლეებს და არჩევით შერიფებს, თუ ამას შემომთავაზებენ, ვინც უნდა წარმოადგინონ, მხარს დავუჭერ. ოპოზიცია მართალია, როდესაც აპროტესტებს ხელისუფლების ნაბიჯებს, მაგრამ არ იცის, თავად რა უნდა გააკეთოს სასამართლოს საშველად. მგონია, სასამართლოს ხალხის ხმა უშველის. ახლა ხალხი გასულია მართლმსაჯულების სისტემიდან. არის 10 კაცი, რომელიც თვითონ წყვეტს ყველაფერს. ამ 10 კაცს 5 დავამატოთ თუ არა, მაგაზეა ლაპარაკი. მე რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში, თუ იქ რამე საჩემო არ დავინახე, საჩემო კი არის არჩევითი პოლიციელები და არჩევითი შერიფები. ამ იდეაზე ჩვენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ხელი მოვაწერინეთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაავიწყდათ. ახლა მინდა ისევ გავახსენო და როგორც ხელისუფლების წარმოდგენილ პროექტებს არ ვეთანხმები, ასევე ჩავშლი ოპოზიციის შემოთავაზებულ ჩემთვის არასერიოზულ შეთავაზებებს.

ჩემთვის არასერიოზული შეთავაზებაა, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახლა აკომპლექტებს "ოცნება" და მომავალში დააკომპლექტებს "ნაცმოძრაობა", ან ენჯეო სექტორი.

- არჩევნებისთვის როგორ ემზადებით? - ჩვენ გვინდა ჩვენი იდეების გარშემო შევქმნათ ინტერესჯგუფები. დიდი ხანია ვიბრძოდით მარიხუანას ლეგალიზებისთვის, მაგრამ 2018 წელს ბრძოლა შევწყვიტეთ.

ახლა გადავწყვიტეთ შევქმნათ მარიხუანას მოყვარულთა საზოგადოება, რომელთა სახელითაც ვილაპარაკებთ პარლამენტში და გავალთ არჩევნებზე.

ასევე გვაქვს დიდი ამნისტიის პროექტი. გვექნება კერძო სკოლების სახელმწიფო რეგულირებისგან გათავისუფლების პროექტი და დავიწყებთ მუშაობას ჰოუმსქულების თემაზე მათთვის, ვისაც შვილებისთვის განათლების მიცემა თავად სურთ. შევეცდებით მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ მათი გამდიდრება გვინდა. გვინდა ამ ქვეყანაშიც იშოვოს ხალხმა ფული. თუმცა, კავკასიაში კანაფის ლეგალიზება სომხებმა დაგვასწრეს. კანაფის ლეგალიზება მაინც ყველგან მოხდება, უბრალოდ, თუ არ ვიჩქარებთ, ფულს ვეღარ ვიშოვით.

- პრაიდზე რას ფიქრობთ? - მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. სინამდვილეში, არც იციან, რის გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ხათუნა ბახტურიძე