"300 მოსამართლეში 20-მდე ცოლ-ქმარი და 20-მდე და-ძმაა"
"მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების მოთხოვნილების შესაბამისად შედიოდა კანონმდებლობაში ცვლილებები და ამას ერქმეოდა რეფორმები - პირველი, მეორე, მესამე ტალღა, რაც სინამდვილეში, სისტემაში მოსამართლეების ამ ჯგუფის გაბატონება-ჩაბეტონებას უწყობდა ხელს"
ახლახან აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს სწრაფად შეასრულონ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას "გაატაროს ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის გზით შემუშავებული სისტემური რეფორმები, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის". შარლ მიშელის შეთანხმებაში ვკითხულობთ: "ამ საპარლამენტო ვადაში ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა". ადვოკატი მამუკა ნოზაძე გვესაუბრება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.
- სასამართლო სისტემას პრივილეგირებულ მოსამართლეთა ჯგუფი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში 300-ზე მეტი მოსამართლეა დასაქმებული, მხოლოდ რამდენიმე პირი წყვეტს, ვინ უნდა გამწესდეს მოსამართლედ, ვინ ჩაირიცხოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ა.შ. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობენ მიხეილ ჩინჩალაძე და მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი. კლანი არ შექმნილა "ქართული ოცნების" პირობებში. ის შეიქმნა და გაძლიერდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას და ის პირები, რომლებიც მაშინაც იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, უკვე ახალ ხელისუფლებას გაურიგდნენ. ფაქტობრივად, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების მოთხოვნილების შესაბამისად შედიოდა კანონმდებლობაში ცვლილებები და ამას ერქმეოდა რეფორმები - პირველი, მეორე, მესამე ტალღა, რაც სინამდვილეში, სისტემაში მოსამართლეების ამ ჯგუფის გაბატონება-ჩაბეტონებას უწყობდა ხელს. მათი მიზანი იყო, დასავლეთისთვის ეჩვენებინათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობა. "ქართულმა ოცნებამ" საბჭოს დამოუკიდებელ წევრებად თავისი ინტერესების გამტარებელი და კლანთან დაახლოებული პირები გაამწესა. თუნდაც ბოლო ფაქტი რად ღირს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ლევან გზირიშვილის შვილი დაინიშნა მოსამართლედ. ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ჩვენს საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოსო. არ არსებობს არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი მათ საქმიანობაში ჩარევის წინააღმდეგ. კლანის წყალობით ამ 300 მოსამართლეში დაახლოებით 20-მდე ცოლ-ქმარი და 20-მდე და-ძმაა, დანარჩენი კი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ნათლიები არიან. მათ არჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ ვისი ახლობელია. ამბობენ, რა ვქნათ, თუ ჩვენი ოჯახის წევრი იურისტია, არ უნდა მიეცეს მუშაობის საშუალებაო? ყველას უნდა მიეცეს, მაგრამ რატომ ხდება სისტემატურად, რომ ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი ხდებიან მოსამართლეები?
კლანის სათავეში ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ყველა ის პირი დგანან, ვინც დღეს იუსტიციის საბჭოს წევრია, ვინც აგრესიულობით გამოირჩევა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც დასჯადია. იცით, კლანურობას რა განაპირობებს? თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას დანიშვნაზე, დაწინაურებაზე. დღეს სასამართლო სისტემაში ფორმალურად არის მოსამართლეების დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც თვითონ იუსტიციის საბჭო ნიშნავს და ის დამოუკიდებელი კი არა, დამოკიდებულია. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ამა თუ იმ მოსამართლის გადაცდომაზე, ის მაინც ვერ დაისჯება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, ის კი თავისი დაჯგუფების წევრს არ გაწირავს. ამიტომაც გასდით კანონის დარღვევა.
- ცნობილია სასამართლო სისტემის პარტიაზე დამოკიდებულება სააკაშვილის დროს. ახლა რა ხდება? მოსამართლეებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო, როგორც არასდროს, ისეთი დამოუკიდებელია და დროა, შეწყდეს მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია. - სააკაშვილის დროს იყო პარტიაზე დამოკიდებულება და დღესაც ასეა. მაშინაც იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც "ნაცმოს" სურდა, ახლა კი "ქართული ოცნების" დაკვეთით იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ ჰყავთ კლანთან დაკავშირებული საკომუნიკაციო პირი, რომელიც ამ საკითხებს აგვარებს.
სასამართლოს დისკრედიტაცია თავად მოსამართლეების ბრალია. ეს პოსტსაბჭოთა აზროვნებაა. ამით, ფაქტობრივად, ევროატლანტიკური მისწრაფებები დაგმეს და თქვეს, დამოუკიდებლები ვართო. ამერიკას და ევროკავშირს მილიონობით თანხა აქვთ ჩადებული სასამართლო რეფორმებში, მოსამართლეების მომზადებაში. რადგან ამხელა თანხებს გამოყოფენ სისტემის განვითარებისთვის, ბუნებრივია, სასამართლო სისტემის ხარვეზებსაც კარგად ხედავენ. მათ კომუნიკაცია აქვთ ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კარგად იციან, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს. ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დამოუკიდებელი ხალხი შევა სისტემაში. დღეს მხოლოდ მათი ოჯახის წევრები და თანაშემწეები ინიშნებიან მოსამართლეებად, იქ გარედან არავინ შედის, ჩაკეტილი სფეროა. უამრავი ჩვენი მოქალაქე იღებს იურიდიულ განათლებას უცხოეთში, აქვთ წარმატებული იურიდიული პრაქტიკაც, მაგრამ არ ენდობიან იუსტიციის საბჭოს, არც კონკურსებში არ მონაწილეობენ, რადგან აზრი არა აქვს. როდესაც ამას ხედავს ევროკავშირი, ამიტომაც მოგვიწოდებს სასამართლო სისტემაში მეტი გამჭვირვალობისკენ. პუტინური რუსეთის გარდა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ მოსამართლეები მსგავს მიმართვას ავრცელებდნენ.
ხშირად, როცა კრიზისული მომენტი დგება ქვეყანაში, მოსამართლეები გამოხტებიან და იცავენ კლანს. გავიხსენოთ, როცა კლანს აკრიტიკებდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა და ყველამ განაცხადა, მე მურუსიძე ვარ, მე მურუსიძე ვარო. "ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის" პრინციპით მოქმედებენ და ერთმანეთს ამყარებენ. 300 კაცში ამდენ ნათესაურად გადაჯაჭვულ ადამიანს ვერც ერთი ქვეყნის სასამართლო სისტემაში ვერ ნახავთ.
როგორ ფიქრობენ ქართველი მოსამართლეები, გერმანიასა და ინგლისში მოსამართლეებს არა ჰყავთ იურისტი ოჯახის წევრები? ჰყავთ, მაგრამ არ კადრულობენ სასამართლო სისტემაში დასაქმებას. არსებობს თვითცენზურის, თავშეკავების გამოხატულება და ამას უნდა დაექვემდებაროს ყველა.
- სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე საუბარია როგორც შარლ მიშელის შეთანხმებაში, ამასვე მოგვიწოდებს ამერიკის სენატიც. რატომ ვერ თუ არ ხერხდება ეს? - "ქართულ ოცნებას" რეფორმის გატარება რომ სურდეს, როგორ ფიქრობთ, მოსამართლეები გაბედავდნენ და ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ? ამ ხელისუფლების ხელში წარმოუდგენლად მიმაჩნია სასამართლოს რეფორმირება. ამის ნება არავის აქვს, არავის სურს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს არც ერთი ხელისუფლების ინტერესში არ არის. არავის სურს გამომზეურდეს ის უსამართლობა და უკანონობა, რასაც ხელისუფლება სჩადის, ან მათი გადაწყვეტილებები იქნეს ბათილად ცნობილი. სასამართლო ყველაზე ქმედითი ბერკეტია ხელისუფლების ხელში. იქ სულ რამდენიმე, სამი-ოთხი კაცი იღებს გადაწყვეტილებას, დანარჩენები კი მათი მონა-მორჩილი და ნება-სურვილის აღმსრულებელი არიან, მაგალითად, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და სხვები. არ დაემორჩილებიან კლანს და, მათ კომფორტს საფრთხე შეექმნება.
კლანის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის "ნაცმოძრაობას" და ამას აღიარებს კიდეც. აღიარებს, რომ სასამართლო რეფორმა არ გატარდა. მაშინაც მოსამართლეების თანაშემწეებსა და მდივნებს ნიშნავდნენ მოსამართლეებად. ხელისუფლება კომფორტს უქმნის კლანს, მის ყველა ნება-სურვილს ასრულებს.
- სასამართლო რომ დამოუკიდებელია, ამის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად მოსამართლეებს სტატისტიკა მოჰყავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელიო. მაგალითად მოჰყავთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფის კვლევა, რომლის თანახმადაც, რეიტინგით საქართველოს მართლმსაჯულება ევროპის ქვეყნების ოცეულშია. - დაკვეთილი კვლევები სანდო არ არის. ბუნებრივია, არის გამამართლებელი განაჩენები, ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ ძალიან ცოტა, და მოსამართლეები ამასაც შერჩევით უდგებიან, მაინც იღებენ გადაწყვეტილებას იმ შეხედულების მიხედვით, რაც მავანთ მოეწონებათ, ან მათი ინტერესების გამტარებელია. იუსტიციის საბჭო იმგვარად უნდა დაკომპლექტდეს, რომ მოსამართლე წევრებს არ ჰქონდეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. უნდა იქნეს დაცული ბალანსი, კვორუმი მაღლა აწეული, ანუ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ ყველა წევრის თანხმობით და კლანი დათმობაზე წავიდეს. ამასთან, გარდა მოსამართლე წევრებისა, საბჭოში უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რათა ერთმა ჯგუფმა ვერ შეძლოს გაბატონებული მდგომარეობის მოპოვება.
არსად მინახავს, კლანს ასე ჰქონდეს ხელში ჩაგდებული ყველაფერი.