"ცესკოს თავმჯდომარედ გოგორიშვილი რომ შევთავაზოთ ოპოზიციას, მაინც უარს იტყვის..." - კვირის პალიტრა

"ცესკოს თავმჯდომარედ გოგორიშვილი რომ შევთავაზოთ ოპოზიციას, მაინც უარს იტყვის..."

"გახარია იმაზე მეტ ზიანს "ოცნებას" ვეღარ მიაყენებს, რაც თავისი გადადგომით მიაყენა... ის გაცილებით დიდი საფრთხეა იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობენ..."

"ოპოზიციას შესაძლოა უნდა კიდეც, რომ მე გავხდე ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ასე არ მოხდება. თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ განცხადებაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ოპოზიციამ ჩემით მანიპულირება დაიწყო. ზოგჯერ მინიშნებით, ზოგჯერ პირდაპირ სახელისა და გვარის დასახელებით ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შეეცდება ცესკოს თავმჯდომარედ მასთან აფილირებული პირი გაიყვანოს, და მას მხარს არ დაუჭერენ, ჩააგდებენ და ა.შ. ოპოზიციას სპეკულირების საშუალებას არ მივცემ, პოლიტიკური დებატების საგანი არ გავხდები", - ამბობს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე, რომლის აზრითაც, დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა და არჩევნებისთვის მომზადება. რაში ხედავს სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემიდან გამოსავალს, ვინ შეიძლება გახდეს ცესკოს ახალი თავმჯდომარე, რატომ შეიძლება ოპოზიციას ამ პოსტზე ლადო ბოჟაძის ხილვა სურდეს და როგორ შეიძლება წარიმართოს საარჩევნო პროცესი, ლადო ბოჟაძე გვესაუბრება:

- სასამართლოს თემას ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში მოჰყვა პოლიტიკური ცვლილებები. მაშინვე ითქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, სანამ სათანადო კანონმდებლობა არ დაიხვეწებოდა. მას შემდეგ ვენეციის კომისიის და სხვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. დღეს პარლამენტის წინაშე წარდგენილი 9 კანდიდატი სწორედ ახალი კანონმდებლობით და რეკომენდაციების გათვალისწინებით არიან შერჩეული. ვითარება ასეთია: ერთი მხრივ, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ამბობენ, რომ თუ კანდიდატებზე შეთანხმდებიან, მოსამართლეების დანიშვნა პრობლემა არ იქნება; მეორე მხრივ, საუბარია მიშელის დოკუმენტზე, რომელიც მხოლოდ სასამართლო რეფორმას კი არა, ყველა იმ რეფორმის გაგრძელებას ითვალისწინებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს გახდა პოლიტიკური დებატების საგანი არა იმიტომ, რომ ოპოზიცია მართლმსაჯულების საკითხის მოგვარებით არის დაინტერესებული, უბრალოდ სურს კიდევ ერთი სავაჭრო თემა ჰქონდეს შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. "ლელომ" და "ნაცმოძრაობამ" მხარი რომ არ დაუჭირონ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ფაქტობრივად, რეფორმა წარმატებით ვერ დასრულდება, რადგან ერთი მხრივ მივიღეთ საარჩევნო კოდექსი, მაგრამ მეორე მხრივ უნდა შევცვალოთ ბარიერი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ ოპოზიციამ არჩევნებამდე ეს საკითხი კიდევ ერთხელ არ გამოიყენოს ვითარების ასარევად. უკვე გაისმა მოწოდებები, რომ პარლამენტიდან უნდა გავიდეთ და ა.შ.

"ლელომ" საარჩევნო კოდექსის ცვლილებას არ მისცა ხმა, ამნისტიის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია, რასაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს და ამნისტიის საკითხი, ისევე როგორც მოსამართლეების დანიშვნა შემოდგომაზე, არჩევნების შემდგომ გაგრძელდება.

- მიშელის დოკუმენტი თავისთავად გულისხმობს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას რეფორმების დასრულებამდე. თუ ხელისუფლება ზედმიწევნით შეასრულებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს, ოპოზიციას სიტუაციის ასარევად საბაბი დარჩება? - "სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა და რეფორმა მანამდე დაიწყო, ვიდრე მიშელის დოკუმენტს მოეწერებოდა ხელი. ახლა პარლამენტი ორი არჩევნის წინაშე დგას: ან მიჰყვეს კონსტიტუციას და კანონს, ან მიშელის შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ არც კანონია და არც კონსტიტუცია. მით უფრო, აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტში სასამართლოსა და არჩევნების საკითხს ყველა, მათ შორის ხელმომწერებიც, სხვადასხვაგვარად განიხილავენ. იმედია, პროცესი არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. ისე, თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვსურს, კონსტიტუციით გაწერილი პროცედურები არ უნდა შევაჩეროთ. არ არის სწორი, როცა გაგვიხარდება, მაშინ ჩავერიოთ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში. ამიტომ მგონია, რომ ელჩების განცხადებები მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების შესახებ ვითარების არევის შიშს უკავშირდება. შეუძლებელია ვინმემ ვერ შეამჩნიოს, რამდენად გაუმჯობესებულია სასამართლო სისტემა. თუმცა გეთანხმებით, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება რაიმე საბაბით უარი თქვას შეთანხმების შესრულებაზე. ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობისთვის", საარჩევნო ბარიერი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე მართლმსაჯულება.

ხომ ნახეთ, გოგი წულაიას საქმეზე როგორ დაიცვა მოსამართლე ნიკა გვარამიამ. თუ ასეთი კარგი მოსამართლეები გვყავს და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიღას ებრძვიან?

- არიან პოლიტიკოსები და კონსტიტუციონალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ხელს არ უშლის შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული შეთანხმების შესრულებას და საშუალებას იძლევა მოსამართლეები 2024 წლამდე დროებითი ვადით დაინიშნონ. - კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეების დროებითი ვადით დანიშვნა მაშინ იქნებოდა მართებული, თუ კანონით არ იქნებოდა დადგენილი შესაბამისი პროცედურები. თუმცა მთელ მსოფლიოში სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტია სწორედ მათი უვადოდ გამწესებაა. მოსამართლე თვალებში არ უნდა უყურებდეს ხელისუფლებას იმ იმედით, რომ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ სადმე დანიშნონ. რატომ 2024 წელი? იმიტომ, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და ვიღაცებს აწყობთ მოსამართლეს გაურკვევლობის შიში ჰქონდეს. არა ბატონებო, 2021 წელს, დღესვე უნდა დავნიშნოთ მოსამართლეები უვადოდ, რათა საერთოდ არ აინტერესებდეთ არჩევნების შედეგები, არც ახლა და არც 30 წლის შემდეგ. ამას გარდა, ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს: თუ საზოგადოებას სასამართლო სისტემაში ვინმე არ მოსწონს, ვინმეს არ ენდობა, ეს ხალხი "ოცნების" დანიშნულია?! "ნაციონალების" დროს ხომ არ ჩამოყალიბდა ეს სასამართლო კორპუსი?! თქვენ გახსოვთ, 2012 წლამდე ვინმეს ვინმესთვის წამოეძახოს, კლანი ხარო?

ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, თვალსაჩინოა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება. ამაზე მეტყველებს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების შემცირება... რა უნდა ექნა "ქართულ ოცნებას", მთელი სასამართლო კორპუსი სახლში უნდა გაეშვა?! ახლა უმნიშვნელოვანესია შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომ მოსამართლეები ანგარიშვალდებული იყვნენ მხოლოდ კანონსა და საკუთარ სინდისთან.

- უკვე ვიცით, თვითმმართველობის არჩევნებს ცესკოს ახალი თავმჯდომარე ჩაატარებს. ცოტა ხნის წინ თამარ ჟვანია ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. როგორ ფიქრობთ, დამოუკიდებლად გადაწყვიტა გადადგომა? - რა თქმა უნდა, თამარ ჟვანიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ არ მოქცეულიყო, ყოველი შემდგომი არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. ზეწოლა დაუსრულებლად გაგრძელდებოდა. კიდევ უფრო კარგად იყო გათვლილი გადადგომის დრო. ადრე რომ გადამდგარიყო, ეს იქნებოდა არჩევნების გაყალბების აღიარება, ამასთან, ჩვენ ჯერ არ გვექნებოდა შეცვლილი კანონმდებლობა და ვერც ოპოზიციას ექნებოდა ცესკოს ფორმირების ბერკეტები. თამარი წავიდა მართალი. ამასობაში საგამოძიებო კომისიამაც დაასრულა მუშაობა. ოპოზიციამ ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა, რომელიც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებს.

- რატომ უნდა აწყობდეს ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარედ თქვენი დანიშვნა? - შესაძლოა ახლა იმ სცენარის გათამაშება სურთ, რაც 2020 წლის ოქტომბერში ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, აწყობთ ისეთი ცესკოს თავმჯდომარე, რომელსაც მიკერძოებასა და არჩევნების გაყალბებას დააბრალებენ. არ ვაპირებ ამ პროცესში მონაწილეობას. არც ის მინდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების საგანი გავხდე და არც კომისიის წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებაა ჩემი მიზანი.

- ვინ წარმოგიდგენიათ თავმჯდომარედ? - ძალიან გართულდება ისეთი კანდიდატურის მოძებნა, რომელსაც ყველა დაუჭერს მხარს. არა იმიტომ, რომ ასეთი კანდიდატურა არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციას არ სჭირდება ასეთი კანდიდატი. რატომ? იმიტომ, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარეს მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციაც დაუჭერს მხარს, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევთ. ოპოზიცია წერს სცენარს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" 48%-ს უნდა გამოაკლონ გახარიას წილი პროცენტი (თითქოს გახარია მარტო "ოცნებას" ართმევდეს ხმებს) და უნდა დაიწყონ წრეზე ტრიალი, თითქოს ისევ გაყალბდა არჩევნები და ასე შემდეგ... ამიტომ ვამბობ, რომ ძნელია განტევების ვაცის პოვნა. ხათუნა გოგორიშვილი რომ შევთავაზოთ ოპოზიციას, მაინც უარს იტყვის და ყველანაირად შეეცდება ვითარების არევას, რომ არ ცნოს არჩევნები, სადაც "ოცნებას" 43%-ზე მეტი შედეგი ექნება. საბოტაჟი და ბოიკოტი იმაზე კი არ იქნება, რომ ვინმე მუნიციპალიტეტში არ შევიდეს, ისევ პარლამენტიდან გამოსვლაზე დაიწყებენ საუბარს.

ისე შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანია თავის დროზე სწორედ "ნაცმოძრაობამ" წარადგინა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე, ლომჯარია და კოჟორიძე უჭერდნენ მას მხარს.

- საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ოპოზიცია კომისიაში იქნება წარმოდგენილი. როგორ შეძლებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას? - მიუხედავად იმისა, კომისიაში შევიდნენ, მაინც არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფრისგან ხელის დაბანას მოახერხებენ. ჩემი ინფორმაციით, არც სურდათ კომისიაში მუშაობა, უბრალოდ, თამარის გადადგომის შემდეგ იძულებული გახდნენ. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებშივეა გარდამავალი ფიგურის შერჩევა, რომელიც მხოლოდ 6 თვით დარჩება ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე. თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად ყველაზე რთული არჩევნებია და ბევრი სამუშაოა. პატარა მიზეზიც არ უნდა მივცეთ ოპოზიციას, რომ არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

- თქვენ არაერთხელ ახსენეთ გახარია. "ქართულ ოცნებას" გახარიას შიში ხომ არა აქვს? - გახარია და "ნაციონალები" ახლა სიტუაციური მოკავშირეები არიან. მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას აწყობს ვადამდელი არჩევნები - გახარიას იმისთვის, რომ პარლამენტში მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს და მეტად ანგარიშგასაწევი გახდნენ. "ნაცმოძრაობას" კი დღემდე ძალიან უნდა რევოლუციური სცენარი.

გახარია იმაზე მეტ ზიანს "ოცნებას" ვეღარ მიაყენებს, რაც თავისი გადადგომით მიაყენა. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მცირე პროცენტს წაიღებს, მაგრამ ეს არც იქნება სათვალავში ჩასაგდები. გახარია გაცილებით დიდი საფრთხეა იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობენ.

ის ხალხი, ვისაც არც "ოცნება" სურს და არც "ნაციონალები", გახარიაში დაინახავენ იმ ძალას, რომელმაც შეიძლება წვლილი შეიტანოს მესამე ძალის ფორმირებაში. დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებზე გახარიას პროცენტული მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება. იმის თქმაც შემიძლია, რომ ოპოზიცია გახარიას მიღებულ პროცენტებს გამოაკლებს "ოცნებისას" და იმის მტკიცებას დაიწყებს, ამაზე მეტს მმართველი გუნდი ვერ აიღებდაო.

- გახარიას გუნდის აზრით, "ოცნება" ებრძვის. შეთქმულების თეორიებით რომ ვერაფერი დაგვაკლეს, ახლა პარტიულ შეკრებებზე ელექტროენერგიის მიწოდებას გვიწყვეტენ და ოფისის მეპატრონეებთან საქმის ჩაწყობას ცდილობენ, რომ ფართობი აღარ დაგვითმონო. - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა გახარიამ დაიწყო. ერთია, რომ არ გინდა შენს ისტორიაში კიდევ ერთი "სისხლიანი" თარიღის ჩაწერა და გეგონა, მელიას დაჭერას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვებოდა და მეორე, როდესაც უკან ბრუნდები პოლიტიკაში და ებრძვი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც გია ხუხაშვილის მოტანილი სივით ჯერ მინისტრად დაგნიშნა, მერე მეორე სამინისტრო ჩაგაბარა და ბოლოს პრემიერი გაგხადა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ამბობ, "ოცნება" 43%-ს აიღებს თუ არა, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნებაო...

ხათუნა ბახტურიძე