"როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შენი ნამუშევრები სხვებისთვისაც განსაკუთრებული ხდება" - კვირის პალიტრა

"როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შენი ნამუშევრები სხვებისთვისაც განსაკუთრებული ხდება"

"როდესაც პორტრეტს ვქმნი, ვიღებ იმ ადამიანის ემოციას, რომელსაც ფოტოს ვუღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ემოციები და არა - გარეგნობა"," - ენტონი ბარბოზა.

1971 წელს მაილზ დევისის შემოქმედება ნიუიორკელების მთავარი სალაპარაკო თემა იყო. მაშინ კარიერას ვიწყებდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მისი გადაღების შესაძლებლობა მომეცემოდა, მაგრამ ერთ დღეს გამოცემა Essence-მა დამირეკა, მაილზის გადასაღებად უნდა წახვიდეო,"- იხსენებს ენტონი ბარბოზა, ფოტოგრაფი, მწერალი და ჯაზის ლეგენდად წოდებული მაილზ დევისის მეგობარი, რომელიც ცნობილია თავისი შემოქმედების აფროამერიკული სტილითა და ჯაზ-მუსიკოსების ფოტოსესიებით. ფოტოგრაფი ახლა 77 წლისაა და მისი გამოფენის ნახვა პორტ-ვაშინგტონის საჯარო ბიბლიოთეკის ონლაინგამოფენაზეც შეიძლება. ბარბოზას ფოტოებით ამერიკის სოციალური თუ კულტურული ცხოვრების მთავარი სათქმელი მჟღავნდებოდა, სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრებიდან არა მხოლოდ გმირები გვიცქერენ, არამედ ეპოქის მთავარ პრობლემებსაც ვხედავთ. ენტონი ბარბოზა "კვირის პალიტრის" მკითხველს ექსკლუზიურად მოუთხრობს თავის შემოქმედებაზე.

- ბავშვობაში, როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი, ყოველთვის ვჩერდებოდი მეორეული წიგნების მაღაზიასთან და გამოცემებს Life-სა და Look-ს ვუცქერდი. მიყვარდა იქ გამოქვეყნებული ფოტოების თვალიერება; ძველი საოჯახო ფოტოალბომებიც მიტაცებდა. ჩემთვის ინსპირაცია, ძირითადად, ლიტერატურაა, რადგან ის გაძლევს უნარს, წარმოსახვითი სურათები შექმნა.

დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მქონდა ჩემი საგაზეთო რუბრიკა. ფოტოგმირების შესახებ ვწერდი. ამ რუბრიკაში იყო მაილზ დევისიც. ჩვენ ფოტოგადაღებების დროს დავმეგობრდით და სიამოვნებით გაგიზიარებთ მასზე ჩემს მოგონებებს.

საუკეთესო წვნიანი

პირველად მაილზს 1971 წელს შევხვდი, როცა გამოცემა Essence-მა გადაღებებზე გამიშვა. ძალიან ვღელავდი. მითხრეს, არაპროგნოზირებადი, რთული ადამიანია, ერთხელ ფოტოგრაფს 4 საათი ალოდინა და, ალბათ, გაგიჭირდება მასთან მუშაობაო. შეხვედრის დღეს მანჰეტენზე, მის სახლთან მივედი და ზარი დავრეკე. კარი თავად გამიღო. ჩემ წინ იდგა ლამაზი კანის ფერით და გამჭოლი თვალებით. არსებობს მითი საყვირის შემსრულებლებზე, თითქოს ისინი ისე მძლავრად ჰბერავენ საყვირს, რომ მათი ტვინი საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს, ამიტომაც ცოტა შეშლილები არიან. სად გინდა გადამიღო?" - მკითხა შესვლისთანავე და თავისი სამსართულიანი სახლი მომატარა. გადაღება პირველ სართულზე გადავწყვიტეთ, კართან, რომელიც უკანა ეზოში გადიოდა. გრძელი ქურთუკი და ლამაზი ბათინკები ჩაიცვა. მაილსის საძინებელი სავსე იყო ფერადი სამოსით და ფეხსაცმლით, ჰქონდა უამრავი პერანგი. მითხრა, კონცერტის დროს ისე ვიოფლები, იმავე პერანგს მეორედ ვეღარ ვიცვამო. სახლი სავსე იყო საყვირებით, საღამოს კი მაილზის სამზარეულოშიც ავღმოვჩნდი, სადაც წვნიანი მივირთვით და ეს იყო საუკეთესო წვნიანი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. მაილზი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა იმისა, რაც მასზე მითხრეს. ჩემი ტელეფონის ნომერი დავუტოვე. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე რეკავდა და კითხულობდა, ფოტოების საქმე როგორ მიდიოდა. ასე დავმეგობრდით. მერე უამრავი ქალი გამოუშვა ჩემთან გადაღებებზე. მისი პირველი ცოლი ბეტი დევისი იყო. ერთ დღესაც მირეკავს: "ბარბოზა, ფლირტი ხომ არ გააბი ჩემს გამოგზავნილ გოგოსთან?" არ ინერვიულო, ვიცი, რომ შენი გოგოა-მეთქი, ვუპასუხე.

"მოპარული" "ლამბორჯინი"

დევისი: "ტონი რას შვრები?"

ბარბოზა: "ქალებს ვუღებ ფოტოებს"."

დევისი: "ლამაზები არიან?"

ბარბოზა: "რა თქმა უნდა! შენ რას შვრები?"

დევისი: "მე ქალებს ვხატავ, ისინი ტილოზე ცეკვავენ..."

დევისმა ხატვა 1980-იან წლებში დაიწყო. მეც ვხატავდი. ზოგჯერ მირეკავდა და ტილოების გადაჭიმვას მთხოვდა. რამდენჯერმე ჩემს ტილოზეც დახატა, რომელიც მერე ალბომების ყდად გამოიყენა. 1984 წლის მაისში გამოცემა Essence-მა კვლავ მთხოვა გადამეღო. მაშინ ის უკვე მეხუთე ავენიუზე ცხოვრობდა ნიუ-იორკში. მის სახლში რომ შევედი, კედლები ნახატებითა და განსხვავებული ფერის საყვირებით სავსე დამხვდა... 1985 წელს "ნიუ-იორკ თაიმსმა" მთხოვა, მაილზი გადამეღო. მაშინ მალიბუზე ცხოვრობდა. ჩემს მეუღლესთან ერთად წავედი. საოცარი სახლი ჰქონდა სანაპიროზე, მისაღები ოთახი ოკეანეს გადაჰყურებდა... მანქანა ეზოში მაილზის "ლამბორჯინის" გვერდით გავაჩერე. მაცინა - თურმე ლოს-ანჯელესის პოლიციას გაუჩერებია - ვერაფრით წარმოვიდგინეთ შავკანიანი მამაკაცი სპორტული მანქანით, გვეგონა, მოპარული გყავდაო... ჩემი ცოლი მის ცოლს, სისლი ტაისონს დაუმეგობრდა. სისლი ჯანსაღი კვების მოყვარული იყო და ჩემს ცოლს უყვებოდა საკვებზე, რომელსაც ქმარს უმზადებდა (დევისისთვის სისლი მესამე ცოლი იყო, რომელიც დაეხმარა ალკოჰოლისა და კოკაინისთვის თავის დაღწევაში. წყვილი ერთმანეთს 1988 წელს დაშორდა - ავტ.). ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოსესია. მისი პორტრეტი "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა, შემდეგ - "LIFE Magazine"-შიც, როგორც წლის საუკეთესო ფოტო. გადაღების დროს მაილსი ჰყვებოდა პრინცზე, როგორც დიდ მუსიკოსზე და აღფრთოვანებული იყო მასთან მუშაობით. მაშინ მითხრა, ძირითადად, პოპმუსიკას ვუსმენ და არა ჯაზს, ვცდილობ, თვალყური ვადევნო თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებსო.

გამორთული მუსიკა...

მაილზ დევისს ფოტოები ბოლოს 1985 წლის 25 ივნისს გადავუღე. ალბომის ყდისთვის ვიღებდით. ჩემთან მოსვლამდე ლეგენდარულ ფოტოგრაფთან, ირვინგ პენთან იმუშავა, თუმცა მათ შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა. მაილზს უნდოდა, გადაღებების დროს მუსიკა ყოფილიყო ჩართული, ირვინგ პენს კი ეს არ სურდა. პენის ფოტოები მართლაც დიდებული იყო, თუმცა მე მაილზისთვის მუსიკის ჩართვაზე უარი არ მითქვამს. ეს ჩვენი ბოლო თანამშრომლობა აღმოჩნდა - 1991 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი შემოქმედება და ფოტოები ისტორიამ შემოინახა.

ხელოვნება თქვენი გრძნობების, თქვენი კოლექტიური ცნობიერების გამოხატვაა, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებით დააგროვეთ. შემოქმედებითი ვნება გაძლევს ენერგიას, დააგროვო ეს გამოცდილება, რომელიც შენი წარმოსახვის ანარეკლია. როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შენი ნამუშევრები სხვებისთვისაც განსაკუთრებული ხდება. ამიტომ არის ხელოვნება კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი.