"ქუთაისელი ფიროსმანი"
რატომ დაუდგა ძეგლი ქუთაისმა ლეგენდარულ ებრაელ ილო ფოტოგრაფს
ქუთაისის მერია ყოველწლიურად ატარებს ფოტოკონკურსს "ილო", რომელშიც მონაწილეობენ როგორც ქუთაისელი, ასევე თბილისელი და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები. ბოლო წლებში კონკურსი საერთაშორისო მასშტაბის გახდა. ილო ფოტოგრაფი ქუთაისში, მასწავლებელთა სახლის შენობის კიბის ქვეშ ცხოვრობდა, ფიროსმანის მსგავსად. ფოტოებს ყველას უფასოდ უღებდა და მთელი ქუთაისის სიყვარული მოიპოვა. ამბობენ, მუდამ იღიმოდაო... ქუთაისიდან 90-იან წლებში ებრაელები ისრაელში წავიდნენ, მაგრამ ილო ფოტოგრაფი ქუთაისს ვერ შეელია. მადლიერმა მოსახლეობამ მას უდიდესი სიყვარულის ნიშნად ძეგლი დაუდგა.
ილო ფოტოგრაფის სახელი ყველა ქუთაისელისთვისაა ცნობილი. იგი ქუთაისის ნამდვილი კოლორიტი და ისტორიის ნაწილი გახდა. ქართველი ებრაელი ილო ხახიაშვილი 1935 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. მწირი ბიოგრაფიული მონაცემებიდან ცნობილია, რომ ძველ ებრაელთან მუშაობდა შეგირდად, შემდეგ ჯარში წავიდა, დაბრუნების შემდეგ კი, 1940-50 წლებში, ფოტოგრაფობა დაიწყო. იმ დროს თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი, მათ შორის - პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები დიდი სიამოვნებით სტუმრობდნენ რუსთაველის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეასთან მდებარე ილოს პატარა სტუდიას (ხუხულას), რომელიც ადამიანთა თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. ილოს არ უყვარდა ბევრი საუბარი. არ ჰქონდა მნიშვნელობა წოდებას, ის ყველას სიყვარულით ექცეოდა. დაჯილდოებული იყო იუმორის ნიჭით, მის გამონათქვამებს იტაცებდნენ. ილოს ოჯახი არ ჰყავდა. ქუთაისში ჰყვებიან, რომ მისი ბერბიჭობის პერსპექტივით შეშფოთებულმა დებმა არაერთხელ წაიყვანეს "გადანახულებაზე", თუმცა ილო ხან თვალებს აელმებდა, ხან სხვა ხრიკებით იძვრენდა თავს უღლის დადგმისგან. ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ ილოს ვერ დაიყოლიებდნენ და თავი დაანებეს.
საინტერესოა, რომ ილო სიცოცხლის ბოლომდე იმ ძველი აპარატით მუშაობდა, რომელზეც თავად ისწავლა ფოტოგრაფობა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, ნამდვილი შედევრები შეექმნა. ძირითადად, პორტრეტებს იღებდა. მისი გადაღებული ფოტოები თითქმის ყველა ქუთაისელის საოჯახო ალბომშია. ილო ძალიან დიდხანს ურჩევდა კლიენტს შესაბამის პოზას, ათასჯერ გაასწორებინებდა სახეს, რასაც ხშირად წყობიდან გამოჰყავდა კლიენტები, მაგრამ შედეგი ისეთი კარგი იყო, რომ ყველა მაინც მოთმინებით იტანდა მის ასეთ ქცევას.
2003 წელს ილოს ყოფილ სტუდიაში მისივე მუზეუმი გაიხსნა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიწვა, შენობის წინ კი დღემდეა ძეგლი, რომელიც ქუთაისში ილო ფოტოგრაფს დაუდგეს..."
"ის ყოველთვის სხვას უღებდა სურათს, მას კი სრულყოფილად თითქმის ვერავინ ხატავდა... ძნელია, აღიქვა ასეთი უბრალო და, ამავე დროს, დიდი ადამიანი..."
ნანული ცხვედიანი მრავალი წელი პრესას ემსახურა. მისი მოგონებები ილო ფოტოგრაფზე უნიკალურია.
- ილო ფოტოგრაფი ქუთაისის ფოტომემატიანეა. მისმა პორტრეტმა-შედევრებმა შთამომავლობას შემოუნახა ჩვენი ქალაქის საუკეთესო შვილთა სახეები და ხასიათები, ბედნიერებისა და სიხარულის ულამაზესი წამები. ის ყოველთვის სხვას უღებდა სურათს, მას კი სრულყოფილად თითქმის ვერავინ ხატავდა ვერც ფოტოაპარატით, ვერც ფუნჯით, ვერც ავტოკალმით. ძნელია, აღიქვა ასეთი უბრალო და, ამავე დროს, დიდი ადამიანი... მისი 60 წლის იუბილეზე სტატია გამოვაქვეყნე, რომელსაც თქვენც გაგაცნობთ.
"თუ პასპორტში, ან პირადობის მოწმობაში, ყოველ შემთხვევაში, საოჯახო ალბომის ერთ გვერდზე მაინც, ილო ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათი არა გაქვს ჩაკრული, მაშინ რა ქუთაისელი ხარ! ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისელობის დამადასტურებელი ფოტოდოკუმენტი არ გაგაჩნია... თუ ილოს სახელოსნოში პური გაგიტეხია და უბრალო ჭიქით სიკეთისა და ძმობის სადღეგრძელო დაგილევია, ეს უკვე იმის დასტურია, რომ ქუთაისის სიყვარულში მაგისტრის ხარისხამდე ამაღლებულხარ.
პირადად არავის გაუცნია შენთვის ილო ფოტოგრაფი? მაშინ შენ თვითონ მოახერხე: დილაადრიან, როცა სამსახურისკენ მიიჩქარი და თავისი სახელოსნოს გარე კედელზე ცალფეხმიბჯენილ, კლიენტებზე მეტად ძმაკაცების მომლოდინე, ჯერაც "სტიმულმიუცემელ" ილოს მიუახლოვდები, გულღიად მიესალმე, ნუ მოგერიდება - მაგას იმდენი ნაცნობ-მეგობარი და სალმის მთქმელი ჰყავს, სულ ვერ მიხვდება, რომ არ გიცნობს. ის კი არა, თავს მდაბლად დაგიკრავს და ისეთ სათნო, სიყვარულით სავსე ღიმილს მოგაგებებს, მთელი დღე გაგყვება კარგი განწყობისთვის. მისი ძმები არიან: მწერლები, ჟურნალისტები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და, საერთოდ, ყველა კარგი ქუთაისელი. არაქუთაისელებთანაც მეგობრობს, რასაკვირველია, მაგრამ ვინ დაჩრდილავს მის თვალში ოთარ ქანდარიას, თემურ ლორთქიფანიძეს, ვაჟა ჭყონიას, რეზო გაბრიაძეს, დური შენგელიას თუ სიყრმის მეგობართა კოჰორტის სხვა დიდებულ წარმომადგენლებს! ზოგმა საკუთარი ლექსით უკვდავყო, ზოგმა - მოთხრობით, პიესის პასაჟით, ფერწერული ტილოთი, ან, უბრალოდ, საუცხოო ანეკდოტით... ამასობაში კი 60 წლისა გახდა ილო ფოტოგრაფი! ჩვენი ილო! ქუთაისის ილო!"
მოდი, კიდევ ერთხელ ვესტუმროთ მის პატარა, ნესტიან სახელოსნოს. ხუმრობაა? აქ, მეოთხე გასტრონომის გვერდით, ილო ფოტოგრაფთან ისწავლა თურმე თავის დროზე ხელობა ჩიტმა ბორიამ (რეზო გაბრიაძის ცნობილი მარიონეტი ხომ გაიხსენეთ?), მე კი ხელობაში ზურაბ კუხიანიძეს ნამდვილად ვერ ვაჯობებ და აქაურობის დასახატავად მისი მოთხრობის""ილოს" ფრაგმენტს შემოგთავაზებთ:
"სახელოსნო საკანს ჰგავს, მაგრამ ყოველნაირი საჭირო მოწყობილობა მოხერხებულად აქვს განლაგებული: ონკანი, უჟანგავი ლითონის ნიჟარით, სადაც გამჟღავნებულ ფირებსა და ფოტოსურათებს აჟანჟღალებს. ფარდაჩამოფარებული კედლის განჯინა - წამლებით სავსე; გამადიდებული, ჟანგით დაჭორფლილი რეფლექტატორი; ფირფიცრის სამსაფეხურიანი, გამარჯვებულ სპორტსმენთა კვარცხლბეკის მსგავსი ჩამოსაჯდომი, ჯორკოს სიმაღლე ხის სამი კუბი, ორი ტაბურეტი და, რაც მთავარია, შუა ოთახში, სამფეხა, საქათმისხელა შავჩაბალახმოხვეული აპარატი დგას, რომლის ზარბაზნის ლულასავით გაშვერილი ობიექტივის თითბრის სალტეზე მის ინგლისურ წარმომავლობას ამოიკითხავთ: F.H. dallweyrt B. PETEND LONDON. N 05772 BKJ AJNJUHFAB. სახელოსნოს მარჯვენა კედელში გასასვლელია... აქედან ილო "მღვიმეში" შედის, რომელიც მეორე სართულზე, მასწავლებელთა სახლში ამავალი კიბის ქვეშაა. შეიყუჟება ილო იმ "მღვიმეში" და მიბნედილ წითელ სინათლეზე ფოტოსურათებს ბეჭდავს".
"სადაა დანარჩენი სპირტი, ერთი ამპულა მეყოფა მე?"
მისი ბიოგრაფიის ფრაგმენტს გაგაცნობთ, ვაჟა ჭყონიას მოგონებიდან (ქუთაისის საპატიო მოქალაქე, იუმორითა და მახვილსიტყვაობით ცნობილი, ილოს ბავშვობის მეგობარი, აწ გარდაცვლილი): "1935 წლის 16 აგვისტოს ხახიაშვილების მრავალსულიანი ოჯახი დიდ მოლოდინში იყო. სამშობიარო ტკივილებს გაეთანგა ქალბატონი სარა, მაგრამ ილომ დაიგვიანა გამობრძანება. იმხანად სად ჰქონდათ (მით უმეტეს, საოჯახო პირობებში!) დამაჩქარებელი, ამიტომ მშობიარეს სპირტი გაუკეთეს. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ილომაც დაიძახა: - სადაა დანარჩენი სპირტი, ერთი ამპულა მეყოფა მე?"
იმავე ბიოგრაფს თუ ვერწმუნებით, პატარა ილო საოცრად საყვარელი და ჭკვიანი ბავშვი ყოფილა. პირველ კლასში, თურმე, არა უშავდა, სწავლობდა, მეორეში ცოტა გასჭირვებია, მესამეში კი ოქროს მედლით გადასულა. მედლით?" - ყოველ შემთხვევაში, დავაზუსტოთ მთხრობელთან.
"დიახ, მედლით, ოქროს მედალიონით, რომელიც სარას მიუტანია დამრიგებლისთვის და ასე გადაუყვანიათ ილო მესამე კლასში. მერე, რომ შეატყვეს ფილხაზ ბიძიამ და სარა დეიდამ, ბავშვმა გული მთლად აიცრუა სწავლაზეო, გადაწყვიტეს, ხელობა მაინც შეისწავლოსო და იოსკასთან დაოსტატდა ჩვენი ილო.
სარა სულ წყევლიდა: "არ გეეზარდე დედაშენს" და დარჩა ასე გაუზრდელი... მაგას ვენაცვალე მე! 60 წლისაა და 52 წლის შრომის სტაჟი აქვს! 45 წელია, სულ ამ კიბის ქვეშ, ამ პატარა სახელოსნოშია! რაც მაგას სიკეთე უთესია, რაც მაგას ქვრივ-ობლებისთვის, ღარიბ-ღატაკებისთვის უფასოდ სურათები უკეთებია, იმ ფულით ემაგ ქუჩას მთლიანად იყიდდა კაცი!"
"მხოლოდ ქუთაისელი"
მირონ გოგებაშვილი, რომელსაც ილოსთან მეგობრობის რაღაცორმოციოდე წელი აკავშირებს, გვიმტკიცებს: "იცით, თქვენ, რომ ილომ მხოლოდ ერთხელ დატოვა ქუთაისი? აი, მაშინ, ჯარში რომ გაიწვიეს. ისე, მაგი რიონის სადგურშიც არაა ჩასული, გესმით? სამტრედიაში, წყალტუბოში არაა ნამყოფი. ქუთაისიდან ფეხი არასოდეს მოუცვლია. მაგას ერთი ღამის გათევა არ შეუძლია ქუთაისის გარეთ!..
არის თუ არა ეს ცნობა მთლად ზუსტი, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ხომ ის არის, რომ ძირძველ ქუთაისელთა წარმოდგენაში ასე ლამაზადაა დამკვიდრებული ილო ფოტოგრაფის სახე: "მხოლოდ ქუთაისელი".
"ილო ფოტოგრაფი ძეგლს სიცოცხლეშივე იმსახურებდა!"
ილო ფოტოგრაფი 2002 წელს გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე მთელმა ქუთაისმა გააცილა, ხოლო სულ ცოტა ხანში ფოტოსახელოსნოს წინ მას ძეგლი დაუდგეს. როგორც ამბობენ, ეს მსოფლიოში ერთადერთი ძეგლია, ქალაქისგან ფოტოგრაფისადმი მიძღვნილი. ამ იდეის ავტორია ქუთაისელი ხელოვანი მერაბ ქაჯაია (მეტსახელად "პიკასო"), ხოლო ქანდაკება მოქანდაკე რევაზ რამიშვილმა შექმნა.
მერაბ ქაჯაია (პიკასო): - ილო ფოტოგრაფთან ვინ აღარ დადიოდა, ვერიკო ანჯაფარიძით, სერგო ზაქარიაძით დაწყებული, ახალგაზრდა მსახიობების ჩათვლით... საოცარი პორტრეტისტი იყო, ბუნებრივად ჰქონდა ეს ნიჭი!
მე 40 წელი იქვე, მასწავლებელთა სახლთან ვცხოვრობდი და მუდმივად ვხედავდი ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ილო ფოტოგრაფის მიმართ... ბავშვს რომ დაინახავდა, კანფეტს, ნაყინს ან რამე ტკბილეულს საიდანღაც მყისვე გააჩენდა... თავად ველაპარაკე იმ ხალხს, ვინც მასთან დადიოდა. ყველა ამბობდა, რომ ქუთაისში ფოტოს გადაღების სანაცვლოდ ფულს არავისგან იღებდა... მოგეხსენებათ, ებრაელებს როგორი სათვისტომო აქვთ და ილო ფოტოგრაფს ძალიან ეხმარებოდნენ. ძვირფას ქურთუკს, ფეხსაცმელს ან რამეს თუ გამოუგზავნიდნენ, გაყიდდა და ფოტოებისთვის მასალას ყიდულობდა. ადრე ხომ დაბეჭდვა, გამჟღავნება იყო და ციფრული ტექნოლოგია არ არსებობდა...
ყოველთვის მინდოდა მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, მაგრამ სულ ამბობდა, გადავდოთო. უაღრესად თავმდაბალი კაცი იყო და ძალიან ერიდებოდა. მასთან ურთიერთობას არაფერი შეედრებოდა. თვითონ ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და გულისყურით ისმენდა ნაამბობს. გული მწყდება, ინტერვიუ რომ ვერ ჩავწერე, მაგრამ ბედნიერებაა, რომ მასზე გადაღებული კადრები დამრჩა.
მის სიცოცხლეშივე მინდოდა ძეგლის დადგმა. ჰოლანდიაში გახლდით ფილმის გადაღებაზე 1993 წელს და იქ ვნახე ცნობილი ფირმის, "ფილიპსის" დამაარსებელი ძმებიდან ერთს, ენტონს, სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი... ილო ფოტოგრაფი ძეგლს სიცოცხლეშივე იმსახურებდა! ყველაზე ფასეული ის იყო ჩემთვის, რომ უფულო კაცი მთელი ცხოვრება ისე მუშაობდა, ხალხს ფულს არ ართმევდა. მასთან ყველა თაობის ხალხი მიდიოდა, ჩინოვნიკები თუ არაჩინოვნიკები. იქ ნაგემს ყველაფერს სხვა ხიბლი ჰქონდა, თორემ მის სუფრაზე იყო მხოლოდ არაყი, ხახვი, პური, ყველი, მწნილი... მის დაბადების დღეზე ძეგლის წინ ზუსტად ასეთივე სუფრას ვაწყობდი. გამვლელ-გამომვლელს შეეძლო აეღო და ილოსთვის მადლობა ეთქვა. მასთან ხომ ყველას უყვარდა გემრიელად მირთმევა... ძალიან კარგად თქვა ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა საშა გოგებაშვილმა - ილო ფოტოგრაფს გემრიელად დალევა უყვარდაო, ზოგიერთებს კი უბრალოდ მსმელი ეგონათ.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი, მერე ოჯახი შევქმენი და ილო ფოტოგრაფი დიდხანს აღარ მინახავს, თუმცა მისთვის არაფერი შეცვლილა. ყოველთვის ძალიან თბილად მხვდებოდა. როცა დამინახავდა, ბავშვთან ერთად მივდიოდი, უცებ გაქრებოდა და ბავშვს აუცილებლად ტკბილეულს დაახვედრებდა. ვერაფრით ამიხსნია, ასე უცებ საიდან შეეძლო თუნდაც ნაყინის მოტანა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, თავის სიკეთეზე სიტყვა დასცდენოდა.
მოგეხსენებათ, ებრაელები ყოველ კვირას სინაგოგაში დადიან, რელიგიურ წესებს ზედმიწევნით იცავენ, მაგრამ ილო არ დადიოდა. რაღაცნაირად, ქართულად ცხოვრობდა. გოჭის ხორცის მირთმევასაც არ ერიდებოდა. 1990-იან წლებში ბევრი ებრაელი სამშობლოში წავიდა. ილოს რომ ეკითხებოდნენ, რატომ არ მიდიოდა, ქუთაისელებს პასუხობდა, თქვენც წამოდით და წავალ, მარტო არაო... ილოს მსოფლიო ადამიანი დავარქვი, ჩემი იდეალი გახდა და მის მსგავსად ბოჰემური ცხოვრება ავირჩიე. ჩემთანაც სულ მეგობრები იკრიბებოდნენ, ფულისთვის არსად და არავისთან ვმუშაობდი... ილო რომ გარდაიცვალა, შეკვეთილში მეგობართან ვისვენებდი. ქალაქიდან გასვლის წინ წესად მქონდა, ილოსთან მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. ერთგვარი თილისმა იყო ჩემთვის. ორი თვის მერე შეკვეთილიდან დავბრუნდი, მივედი და მითხრეს, ილო გარდაიცვალაო. მეგონა, მთელი ქალაქი დაცარიელდა...
ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ირაკლი ჯაოშვილმა დაიწყო გადაცემა "არ იდარდო", რომლის წამყვანიც გივი ბერიკაშვილი გახლდათ. დაკარგულ ხალხს ერთმანეთს აჩვენებდნენ... მე ძეგლის დადგმა ილოს სიცოცხლეშივე მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. ეს სურვილი ირაკლის ილოს გარდაცვალების შემდეგ გავანდე და ისიც ვუთხარი, რომ მის ოთახში მუზეუმის გახსნაც მინდოდა, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ფული არ გამაჩნდა... ირაკლის იდეა ძალიან მოეწონა, მითხრა, რომ ერთ კვირაში ახალ გადაცემას იწყებდა და შემომთავაზა, პირველ გადაცემაში შენი პროექტი ვახსენოთო... ძეგლისთვის ირაკლიმ სოლიდური თანხაც გაიღო. ქუთაისელ ხალხს ეს იდეა ისე მოეწონა, ვისაც რა შეეძლო, მოჰქონდა. ზოგს - მცირეოდენი ფული, ზოგს - ქვიშა და ღორღი... ამ ძეგლის დადგმაში მაშინდელი გუბერნატორის, გია გეწაძის დამსახურებაც დიდია. მან თავისი ფონდიდან გამოყო თანხა. მინდოდა, ყოველ წელს, 16 აგვისტოს, ილოს დაბადების დღეზე, ძეგლის წინ ახალგაზრდა თაობის ფოტოების გამოფენა გაგვემართა, იქვე მისი ტრადიციული სუფრაც გაშლილიყო, ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2015 წლიდან გარეთ აღარ გავსულვარ. ილო კი ჩემთვის მსოფლიო ადამიანად დარჩა და ყოველთვის ასე იქნება!