"სმენითაც კი ვხვდებოდი, რას ისროდნენ, "გრადს" თუ "ურაგანს"... იმ ერთი ხელი ტანსაცმლით დავტოვე სოხუმი, რაც ზედ მეცვა. მიდიხარ და ტოვებ, რაც 50 წლის განმავლობაში შეგიქმნია..." - კვირის პალიტრა

"სმენითაც კი ვხვდებოდი, რას ისროდნენ, "გრადს" თუ "ურაგანს"... იმ ერთი ხელი ტანსაცმლით დავტოვე სოხუმი, რაც ზედ მეცვა. მიდიხარ და ტოვებ, რაც 50 წლის განმავლობაში შეგიქმნია..."

"60 წელი მაინც იქნება, რაც ეს ვიოლინო მაქვს"

აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძეა. მსახიობების ოჯახში დაიბადა, არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის აღსანიშნავია ლატვიაში, ფესტივალზე "ოქროს ქარვა" მიღებული პირველი პრემია. გადაღებულია ფილმებში "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში", "თბილისი-თბილისი", "უკვე მრავალჯერ გადაფასებული", "ჰეროკრატია". 2009 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ის "დიდების შოუს" ერთ-ერთი მონაწილეა და ძალიან სასიამოვნოა მოისმინო, როგორ უკრავს ვიოლინოზე, მაგრამ მტკივნეულია იმის მოსმენა, როგორ წამოვიდა სოხუმიდან და რა გზა გამოიარა გადასარჩენად...

- მამა, მიხეილ ჩუბინიძე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ის მეცხრე შვილი გახლდათ. დედა, ფლორა შედანია საქართველოს სახალხო არტისტი იყო. ორივენი სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყვნენ და ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლები - სალომე ყანჩელი, ოთარ კობერიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, მარინა თბილელი, ელენე საყვარელიძე. 1944 წლის 6 იანვარს, ზუსტად 12 საათზე დავიბადე და ამიტომ თეატრის მთელი დასი გვსტუმრობდა ხოლმე 6-შიც და 7-შიც. ისეთი ბუმბერაზი მსახიობი, როგორიც ვერიკო ანჯაფარიძეა, რომ იტყვის, ფლორამ პიესაში "ხეები ზეზეულად კვდებიან" ჩემზე უკეთ ითამაშაო, მეტი შეფასება რაღა გინდა? კარგი მეგობრები იყვნენ ვერიკო და დედაჩემი. დედამ "უძინართა მზეში" ერთ-ერთი კოლორიტული პერსონაჟი განასახიერა - ნავროზაშვილი, რომელსაც აღარაფერი ახსოვს და გარშემო მყოფებს უცნაურ კითხვებს უსვამს. ითამაშა "დათა თუთაშხიას" მე-6 სერიაშიც.

მსახიობობა მინდა-მეთქი, რომ ვთქვი, მშობლებმა უარი მითხრეს, უკვე ვართ ოჯახში, თანაც ორნიო და მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს. მუსიკალურის მაშინდელი დირექტორი შემოგხედავდა და თვითონ გეუბნებოდა, რომელ საკრავზე დაკვრა უნდა გესწავლა. მე ვიოლინოზე გამამწესა. სამი წელი დავიტანჯე, არ მინდოდა სწავლა. მე-4 კლასში რომ გადავედი, რუსეთიდან ჩამოვიდა მასწავლებელი, ებრაელი ქალი. უკან დამიჯდებოდა ხოლმე და თუ არასწორად დავუკრავდი, თავში მირაკუნებდა. ახლა ამ ამბავზე მეცინება, მაგრამ მაშინ გავიდა რამდენიმე გაკვეთილი და ერთ დღესაც სახლში ახეული ყურის ბიბილოებით დავბრუნდი, სისხლი მომდიოდა. ხომ მტკიოდა, მაგრამ თან მიხაროდა, ახლა მაინც შევეცოდები მშობლებს და თავს დავაღწევ-მეთქი ამ ტანჯვას, დედამ კი უარესად დამიმატა... სხვა გზა აღარ მქონდა და იმავე დღეს დავიწყე მეცადინეობა. სამუსიკო სკოლისა და სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე. პარალელურად ვმუშაობდი სოხუმის დრამატული თეატრის ორკესტრში, სწავლის დამთავრებისთანავე კი აფხაზეთის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი გავხდი. ანსამბლ "აფსნი-67"-ის წევრი ვიყავი. ანსამბლში სულ აფხაზები იყვნენ, მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. სადაც უნდა წავსულიყავით, რომელ სოფელშიც, ყველგან დიდ პატივს მცემდნენ. ამის გამო სიცილით ამბობდნენ, ჩვენ აფხაზები ვართ და ვაჟას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენო. სად არ ვიყავით გასტროლებზე, საზღვრებს გარეთაც - პოლონეთში, რუმინეთში, გერმანიაში, ვმონაწილეობდით საერთაშორისო ფესტივალებში. კამბოჯაში, ქალაქ პნომპენში 5000 კაცი და 25 ელჩი ესწრებოდა კონცერტს. იქ იყვნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც. მოცეკვავეები მოცვივდნენ ჩემთან, ვაჟა, დაუკარი, მსმენელი ვერ ავიყოლიეთო. ჩემგან რა გინდათ-მეთქი? შენ ისე უკრავ, ქვას გახეთქავსო. ავედი სცენაზე და დავიწყე დაკვრა. რომ დავასრულე, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში სიჩუმე ჩამოვარდა. ვიფიქრეთ, არ მოეწონათ-მეთქი და უცებ ისეთი ტაში გაისმა, ყველაფერი დაინგრა. სამჯერ გამიყვანეს სცენაზე და იქიდან დაბრუნებულს…აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდებაც მომანიჭეს.

- 27 სექტემბერს წამოხვედით სოხუმიდან. ალბათ, ძალიან მტკივნეულად გახსოვთ ეს დღე... - იმ დღეების გახსენებაზე დღემდე მეტირება... მაშინ დროებით ფილარმონიის დირექტორი ვიყავი. რამდენიმე კაციღა შემომრჩა, მაგრამ რეპეტიციებს მაინც ვატარებდი.

სმენითაც კი ვხვდებოდი, რას ისროდნენ, "გრადს" თუ "ურაგანს". ერთ დილას მორიგე შეშინებული დამხვდა, ბომბი ჩამოაგდეს და არ აფეთქდაო. სახურავი მთლიანად ჩამონგრეული იყო. ვცადე გადაგორება, კარი რომ გამომეღო, მაგრამ ვერ შევძელი. სპეციალისტები გამოვიძახე და გააუვნებლეს. გაუკვირდათ, როგორ არ შეგეშინდათ შეხებისო? თურმე სამი ნემსა ჰქონია, ერთი მოღუნულა და ამიტომ არ აფეთქდა.

უკვე გამოშიგნული ჭურვი კაბინეტში შევიტანე, მინდოდა, რელიკვიად შემენახა. მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ამიტომ დედა მერხეულში წავიყვანე, ახლობელთან. ცოლ-შვილი, კიდევ კარგი, რაჭაში მყავდა. 27 სექტემბერს, დილით, სანაპიროზე რომ გამოვედი და სამხედრო მანქანები დავინახე, გამიკვირდა. ნაცნობმა ჯარისკაცმა მითხრა, თითქმის მთელი ქალაქი აღებულია და შენც თავს უშველეო. სახლში წავალ, რამეს მაინც წამოვიღებ-მეთქი. რა უნდა წამოიღო, ახლავე წადიო.

იმ ერთი ხელი ტანსაცმლით დავტოვე სოხუმი, რაც ზედ მეცვა. მიდიხარ და რაც 50 წლის განმავლობაში შეგიქმნია, ყველაფერს ტოვებ. რამხელა გული უნდა გქონდეს, ეს რომ გადაიტანო?

წადიო, გეუბნებიან, მაგრამ სად უნდა წახვიდე? მერხეულისკენ გავეშურე, დედა რომ წამომეყვანა. იქ რომ მივედი, სოხუმიდან უკვე+ შაშხანების ხმა ისმოდა. მთავრობის სახლის წინ დიდი ამბავი იყო, სოხუმის აღებას და გამარჯვებას ზეიმობდნენ. მივედი იმ სახლთან, სადაც დედა იყო, მაგრამ კარი აჭედილი დამხვდა. გავგიჟდი, არ ვიცოდი, სად მეძებნა, რა მექნა. დავადექი გზას, თუმცა არც ის ვიცოდი, საით წავსულიყავი. მაშინ წუთითაც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ უკან ვეღარასდროს დავბრუნდებოდი. არავინ ელოდა ასეთ დასასრულს. თითქოს შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველებს საშიშროება აღარ გვემუქრებოდა. რვა დღე ფეხით ვიარე. ღამეს ხან სად ვათევდი, ხან სად. ვიღაც ქალი შემხვდა, ხილს კრეფდა თავის ეზოში და ერთი ვაშლი მომცა. ვნატრობდი, ერთი ნაჭერი პური მქონოდა, შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავი. საკენში უცხო ქალს ვთხოვე ერთი ნაჭერი პური და სანაცვლოდ რას მომცემო? - მკითხა. მერე, ეტყობა, შევეცოდე და ყველი და პური გამომიტანა, თან დამარიგა, დილის 6 საათზე დავდგომოდი გზას, თუ მინდოდა ჭუბერში ჩასვლა დაღამებამდე მომესწრო. ასეც მოვიქეცი. ფეხები არ მემორჩილებოდა, ამიტომ დავწვებოდი ხოლმე და დაღმართზე სრიალით ვეშვებოდი. იმდენი რამ ვნახე, რაც მეხსიერებიდან არ იშლება…განსაკუთრებით იმოქმედა ერთმა ამბავმა - კაცი გაუნძრევლად იდგა და მიწაზე დასვენებულ ქალს დაჰყურებდა. და ყოფილა. უყურებდა და ვერაფერს აკეთებდა. მიწა ისეთი გაყინული იყო, ბარიც რომ გქონოდა, მაინც ვერ ამოთხრიდი და გარდაცვლილს ვერ დაასაფლავებდი.… წამოდი, ვეღარაფერს უშველი-მეთქი, ვუთხარი. როგორ დავტოვოო, ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის.

სოხუმში გიტარაზე დაკრასაც ვასწავლიდი. ჩემი მოსწავლის მამა შემხვდა გზაში, ტომარა ჰქონდა ზურგზე მოგდებული. ფეხი ამტკივდა და სწრაფად სიარული ვეღარ შევძელი, მან კი მიმატოვა და წავიდა, ტომარაც თან წაიღო... მერე უღელტეხილზე დავინახე ის ტომარა, ძირს ეგდო. ეტყობა, ვეღარ შეძლო ზიდვა.

- თქვენ კი მხოლოდ და მხოლოდ ვიოლინო გადაარჩინეთ...

- დიახ, ისიც - შემთხვევით. იმ პერიოდში თბილისში მქონდა გამოგზავნილი სარესტავრაციოდ და ასე გადარჩა. 60 წელი მაინც იქნება, რაც ეს ვიოლინო მაქვს.

- თქვენს სახლში დღეს ვინ ცხოვრობს?

- დედას უფიქრია, მდგომარეობა ჩაწყნარდებაო და მერხეულიდან ისევ უკან, სოხუმში გაბრუნებულა. სახლში უკვე ჩვენი აფხაზი მეზობელი დახვედრია. დედას ეს რომ დაუნახავს, გაგიჟებულა. კარგად ვიყავით ერთმანეთთან. მისი სამი შვილიდან ერთი "ბოევიკებთან" იყო. მას წაუყვანია დედაჩემი სანაპიროზე, გემში ჩაუსვამს და ბათუმში გაუშვია. ჩამოსვლიდან ერთ თვეში დავრეკე ჩემი სახლის ტელეფონზე. ნომერიც კი არ ჰქონდათ შეცვლილი. გამარჯობა, კოლია, მანდ რა ხდება-მეთქი? ნორმალური სიტუაციაა, თუ გინდა, ჩამოდი ორი დღითო. და სამი დღით რომ იყოს? - ვკითხე. სამი დღით გარანტიას ვერ მოგცემო. გინება არ მიყვარს, მაგრამ მახსოვს, თავი ვერ შევიკავე და შევაგინე გამწარებულმა. ახლა როგორც ვიცი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აუშენებიათ. მასაც ვიცნობ, ვინც ააშენა.…

- თბილისში გააგრძელეთ ცხოვრება? - ჯერ ჯვარში ვიყავით, მერე - სამტრედიაში და ბოლოს თბილისში ჩამოვედით. სამსახურის ძებნა დავიწყე. ერთ-ერთ ორკესტრში მითხრეს, აი, გუშინ რომ მოსულიყავი, ადგილი გვქონდაო.

წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა გადავიტანე - მთელი ცხოვრება სოხუმში დავტოვე და ახლა სამსახური მინდოდა, ლუკმაპურის ფული რომ მქონოდა. ერთი თვე შოკში ვიყავი. არც ვლაპარაკობდი. პურის ნაჭერი მუდმივად ჯიბით დამქონდა. მეგონა, მომშივდებოდა და ის ერთი ნაჭერი პურიც არ მექნებოდა, როგორც წამოსვლისას, გზაზე... ბატონ გივი აზმაიფარაშვილთან რეპეტიციებზე რომ დავდიოდი, მაშინაც კი ჯიბეში მედო ერთი ნატეხი პური. ზოგს ამაზე ეცინებოდა.

რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრში რომ მივედი, გივი აზმაიფარაშვილი გახლდათ მაშინ დირიჟორი. პირველ რეპეტიციაზე კონცერტმაისტერის ადგილზე დამსვა, რეპეტიციის დაწყებიდან 20 წუთში კი ორკესტრი გააჩერა და მითხრა, ხვალიდან ჩემთან იმუშავებთო. მეორე დღიდანვე შევუდექი საქმიანობას, ორი თვის შემდეგ კი უკვე ოფიციალურად ვიყავი კონცერტმაისტერი. არასდროს დამავიწყდება მისი სიკეთე. შემდეგ მისმა ვაჟმა მთელი ორკესტრი ოპერაში გადაიყვანა და მე კვლავ უმუშევრად დავრჩი. ამის შემდეგ რესტორნებში ვუკრავდი. რა ეროვნების ტურისტიც უნდა შემოსულიყო, უნგრელი იქნებოდა, გერმანელი თუ ინგლისელი, მათ პატივსაცემად ვუკრავდი და ძალიან უხაროდათ, მშობლიურ ჰანგებს რომ ისმენდნენ, თუმცა მუსიკას საზღვრები არა აქვს. ერთხელ კორეელები შემოვიდნენ და თარჯიმანმა მითხრა, არ გინდა არაფრის დაკვრა, ისეთი რა უნდა შეასრულო, ამათ რომ მოეწონოთო? მაინც დავიწყე დაკვრა. ვხედავ, დანა-ჩანგლები დააწყვეს, ყველა მე შემომაცქერდა და უცებ სიმღერა დაიწყეს...

ახლა შინ ვარ. ამ პანდემიის გამო წელიწადზე მეტია, რაც რესტორნებიც აღარ მუშაობს.

- ოჯახის შესახებაც მითხარით... - მეუღლე, მარინა დავითულიანიც მევიოლინეა, ხელოვნების სკოლაში ასწავლის. მარინა თბილისიდან ჩამოვიდა სოხუმში, ორკესტრში გვერდიგვერდ ვისხედით. თავიდანვე მომეწონა. ერთხელ მითხრა, გეტყვი, რომელ თვეში ვარ დაბადებული და რიცხვს თუ გამოიცნობ, დაბადების დღეზე დაგპატიჟებო. რანაირად გამოვიცნობ-მეთქი, ვიფიქრე და ისე ვუთხარი 20 ნოემბერი. თურმე მართლა 20-ში ყოფილა დაბადებული. ალბათ, ვინმემ გითხრაო. ვინ მეტყოდა, ახალი ჩამოსული იყო და არავინ იცოდა, როდის ჰქონდა დაბადების დღე. რაღას იზამდა, დამპატიჟა სახლში და მას მერე აღარ მოვცილდი. მარინა მაშინ 24 წლის იყო, მე - 33-ის. გაცნობიდან სამ წელიწადში დავქორწინდით. გვყავს ერთი ვაჟი, რომელიც სვეტიცხოველში გალობს, უკრავს ვიოლინოზე, ფანდურზე, ჩონგურზე, გიტარაზე, ჭიპონსა და ჭუნირზე.

- რა გენატრებათ ყველაზე მეტად? - რა იქნება, იქაურობა დამანახა, თუნდაც ნახევარი საათით მამყოფა ჩემს ქალაქში, ჩემს სახლში - სულ ამაზე ვფიქრობ...

ნინო ჯავახიშვილი