"ბებია და მამიდები მეუბნებიან, დედა არ უნდა გენატრებოდესო... მე მაინც მენატრება"
14 წლის ლიზის სულისშემძვრელი ჩანაწერები ანუ ონლაინუბედურების ქრონიკა
"ერთ დილით დედამ მე სკოლასთან, ჩემი ძმები კი ბაღის ჭიშკართან დატოვა და სამსახურში წავიდა... საღამომდე ველოდეთ, მერე ჩემმა მასწავლებელმა დაურეკა, დედას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ბევრი წვალების შემდეგ ბაბუას დაურეკეს და ის მოვიდა ჩემს წასაყვანად. ჩემი პატარა ძმები ბაღის კართან იდგნენ შეშინებული. დამინახეს თუ არა, გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ. 9 წლის ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემი იმედი ჰქონდათ და მათზე უნდა მეზრუნა", - ეს 14 წლის ლიზის ჩანაწერებია. მას 4 წელია დედა არ უნახავს. დედამისი ლუდომანია. ყველასთან და ყველგან ვალები ჰქონდათ, მევალეები ურეკავდნენ ან სახლში უცვივდებოდნენ. აღარავინ ენდობოდა. ერთ დილასაც სამსახურში წავიდა და აღარ დაბრუნდა.
წლებია "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე" წამოიწყო. ჰოლდინგი საკუთარ მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე უარს ამბობს. ამ გადაწყვეტილების სისწორეში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამა, ჩვენი აზრით, ერთგვარი თანამონაწილეობაა ათასობით ადამიანის გაუბედურებაში.
ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომლის ოჯახური ბედნიერებაც აზარტულ თამაშებს შეეწირა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რამდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული ამ უბედურებას და რა მძიმე Mშედეგი მოიტანა სახელმწიფოს გულგრილმა დამოკიდებულებამ.
"კვირის პალიტრას" მიაწოდეს 14 წლის ლიზის ჩანაწერები, რომელსაც დედის წასვლის შემდეგ წერდა იმ იმედით, რომ ოდესმე დედას წააკითხებდა... ამ წერილებს უცვლელად გთავაზობთ.
- "დღეს 4 წელი გავიდა, დედა არ მინახავს. არც მისი ხმა არ გამიგია. დედა მოთამაშეა. ჯერ არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა. მერე ამიხსნეს, ბევრი ფული წააგო, ვალები აიღო და ახლა მევალეებს ემალებაო. ბებია და მამიდები მეუბნებიან, დედა არ უნდა გენატრებოდეს, არც უნდა გახსოვდესო, მაგრამ მე მაინც მენატრება, ძალიან, ძალიან მენატრება... მეზობლებმა მითხრეს, შენი დედიკო ავად არისო. ალბათ, მართლა ავად არის, თორემ არ დავავიწყდებოდით. დედა, რომ ჩამოხვიდოდე, ჩაგეხუტებოდი და მოგარჩენდი და მერე სულ ერთად ვიქნებოდით, დე".
- "დღეს ჩემი დაბადების დღეა. ბებიას სახლის დალაგებაში ვეხმარებოდი და დედიკოს ტანსაცმელები ვიპოვე, ფეხსაცმელებიც იყო, მანიკურებიც. ბებიამ მითხრა, რამე თუ მოგწონს, ჩაიცვიო. დედიკოს სუნი ჰქონდა, ვერ ჩავიცვი. ტირილი დავიწყე და მაწყნარებდა, ბებიას სძულს დედა. სტუმრები მოვიდნენ - ბავშვები, მეზობლები. მე ცუდ ხასიათზე ვარ, არ მინდა ტორტი, არც სანთლები. დედამ იქნებ დამირეკოს. ბებიასაც ეგონა დამირეკავდა, მაგრამ არ მომილოცა. დედა, ტორტის სანთლებზე შენი დაბრუნება ჩავიფიქრე, როგორ მინდა გაგახსენდე. ილიამ თქვა (ლიზის ძმა - ავტ.), სხვა ბავშვებს დედიკოები ასწავლიანო, მე ბებია ან ბაბუაო... მამიკომ უთხრა, შენ დედა არ გყავს და იმიტომო".
- "გუშინ ლუკას სიცხე ჰქონდა. ბებიას შეეშინდა, კოვიდი არ ჰქონდეს, ყველას გადაგვედებაო. მეც შემეშინდა. მე ბავშვობაში კრუნჩხვა მქონდა, გავითიშე და სკოლის იატაკზე დავვარდი. რომ გამოვფხიზლდი, დედიკოს კალთაში ვიჯექი და რაღაცეები მქონდა შეერთებული. დედა ტიროდა, ექიმი აწყნარებდა, კარგად იქნებაო. მართლა კარგად გავხდი, მაგრამ მირჩევნია ცუდად ვიყო და დედიკო აქ იყოს... არ მინდა კოვიდი დამემართოს. არ მინდა დედიკოს უნახავად მოვკვდე".
- ქმარი არ ცდილობდა დახმარებას? - ყველა ცდილობდა. სამსახურში ნაჩხუბარი, ტირილისგან თვალებდასივებული მოდიოდა, მეუბნებიან, მონასტერში წადიო, რას მიშველის, მაშინ სამუდამოდ იქ უნდა დავრჩეო... ერთხელ მისმა ქმარმა შემომჩივლა, რომ მოვკლა და ციხეში წავიდე, შვილებს დედა როგორ მოვუკლა, თან არც დედა ეყოლებათ და არც მამა, მშობლები კი მოხუცები არიან და პატარებს მათ იმედად ვერ დავტოვებო.
თავადაც სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ გადაარჩინეს. ერთხელ მე შევუსწარი, ფანჯრიდან აპირებდა გადახტომას. მოსიარულე გვამად ვიქეცი, შვილებზე წინ რაღაც ეშმაკის მანქანას ვაყენებ და ვერაფერს ვცვლი, დაღუპული ვარო, ტიროდა.
არ ვიცი, ვისგან ისწავლა ეს ონლაინთამაშები, ვინ აჩვენა. არაერთხელ ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა. ქმარს არასდროს უთამაშია. ერთხელ მითხრა, წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენი ადამიანია თამაშდამოკიდებულიო.
- თურქეთში ვისი დახმარებით წავიდა? - არ ვიცი, მაგრამ იმ პერიოდში ბევრი წავიდა თურქეთში სამუშაოდ. ზოგმა ოჯახიც კი დაანგრია, რადგან მეუღლე წინააღმდეგი იყო. ეტყობა, იქ ემალებიან ამ სენს... არ ვიცი, კატო როგორ და ვის დაუკავშირდა თურქეთში, ვინ ურჩია იქ წასვლა, დილით ბავშვები სკოლასა და ბაღში ჩამოარიგა, თავად პატარა ხელჩანთით, რომელშიც საფულე და საბუთები ეწყო, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების გაჩერებაზე უნახავთ. ეს მერე თქვეს, როდესაც ოჯახმა ძებნა დაიწყო. არც წერილი დატოვა, არც არაფერი... მეორე საღამოს, მის დას დაურეკავს, თურქეთში გადასულა, ძებნას ნუ დაუწყებთო. ეს რომ გაიგეს, მევალეები მისი ქმრის სახლს მიაწყდნენ, ვიღაც მისი მამამთილის მანქანას მიათრევდა თურმე, 2.000 ლარამდე აქვს ჩემი ვალი, მეუბნებოდა, ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და როგორ არ მიგვეცაო. ზოგმა უჩივლა და მისი საცოდავი დედამთილი სამი პატარა ბავშვით დადიოდა სასამართლო პროცესებზე. ზოგ მევალეს შეეცოდა ეს პატიოსანი ოჯახი და საჩივარი გამოიტანა, ზოგი არ შეეპუა, მე რატომ უნდა დავზარალდეო. ბებია თან ბავშვებს უვლის, თან რესტორანში მუშაობს ჭურჭლის მრეცხავად. ქმარი სამ ადგილას მუშაობს, ღამით ტაქსაობს. ბაბუაც თითქმის აღარ არის სახლში, სულ მუშაობს. დედამისს მწვავე ინსულტი დაემართა. ამბობენ, რომ იშვიათად დასთან აქვს კონტაქტი.
კატოს წასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სახლიდანაც ბევრი რამე მოუპარავს. სოციალური ქსელები გააუქმა და ყველასთან კავშირი გაწყვიტა. ჯერ მეგონა, შვილების გარეშე ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა, დაბრუნდებოდა და ოჯახს პატიებას სთხოვდა, მაგრამ ოთხი წელი გავიდა.
- ერთხელაც არ გამოჩენილა? - ერთი-ორჯერ უთქვამს მის დას, ყველა ვალს რომ გაისტუმრებს და რაღაც თანხას დააგროვებს, შვილებს დაუბრუნდებაო. მის ვალებს ქმრის ოჯახი ისტუმრებს და კიდევ რა ვალები ჰქონდა, არ ვიცი... უფროსი გოგონა, ლიზი, თითქოს ერთ კვირაში გაიზარდა, ძმებს დედასავით უვლის, თანატოლებთან აღარ თამაშობს. ჩემი შვილის კლასელია. ერთხელ შევნიშნე, როგორ უყურებდა სხვა კლასელს, რომელიც დედას შეეგება...
- ლიზის ჩანაწერები წავიკითხე, დეიდას არ უცდია დისთვის (კატოსთვის) გაგზავნა? - არ ვიცი, მის დას არ ვიცნობ... როდემდე იცხოვრებს თურქეთში. როდესაც ჩამოვა, მიიღებენ კი შვილები? ბიჭები იშვიათად ახსენებენ დედას, რომ წავიდა, პატარები იყვნენ და ბევრი არაფერი ახსოვთ. ახლა ორივე სკოლაში დადის. ყველანი ვცდილობთ ბებიას ხელი გავუმართოთ, ლიზი ხშირად რჩება ჩემთან. ბებია გამწარებულია, ნერვები ცუდ დღეში აქვს. ოთხი შვილი გავზარდე და რას ვიფიქრებდი, ამ სიბერეში კიდევ პატარების დევნა თუ მომიწევდაო.
გასულ ზამთარს მთელ ოჯახს "კოვიდი" ჰქონდა. სოციალურ ქსელში მივწერე ლიზის დეიდას, თქვენს დას გადაეცით, ბავშვებს "კოვიდი" აქვთ-მეთქი, ნახა, მაგრამ პასუხი არ მოუწერია. ამ ხნის განმავლობაში ერთი თეთრიც არ გამოუგზავნია, შეიძლება აგროვებს, მაგრამ მის შვილებს იმდენი რამ აკლიათ. უპირველესად კი დედის სითბო და მზრუნველობა. დიდხანს უთვლიდნენ კატოს ქმრის ოჯახის წევრები, ჩამოდი, შვილებს მიხედე, ვალების გასტუმრებაშიც დაგეხმარებითო, მაგრამ უშედეგოდ.