"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში. მას შემდეგ მივყევი სამხედრო საქმეს და დღემდე ვემსახურები"
90 -იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული რომანი "თბილისს ვტოვებ ალიონზე" 30 წლის ხდება. ამ პერიოდის თაობაში იშვიათად შეხვდებით კითხვის მოყვარულ ადამიანს, რომელმაც მთელი წიგნი თუ არა, მისი ცალკეული ეპიზოდები მაინც ზეპირად არ იცოდეს. რომანი პირველად 1992 წელს დაიბეჭდა და მალევე ბესტსელერად იქცა. 35 000-იანი ტირაჟით გამოცემული წიგნი რამდენიმე დღეში აღარ იშოვებოდა. ნაწარმოებზე იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რომ გადამყიდველებს მისი გაყიდვა გაათმაგებულ ფასადაც კი არ უჭირდათ. მას შემდეგ, რომანი კიდევ 7-ჯერ გამოიცა, ყოველ ჯერზე შთამბეჭდავი ტირაჟით...
მარტივი, უშუალო ენითა და კარგი იუმორით დაწერილ რომანს, რომელიც 80-იანი წლების თბილისური სამეგობროს თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე ჰყვებოდა, მკითხველის გულის დაპყრობა არ გასჭირვებია. ახალგაზრდული სიყვარული, მისწრაფებები, მეგობრობა, თბილი, გულწრფელი და ლაღი ურთიერთობები - ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ გაჩნდა ამხელა მოთხოვნა წიგნზე 90-იანი წლების ბნელ და მძიმე პერიოდში. მაშინ, როდესაც კეთილი და სასიამოვნო ემოციებით სავსე ამბების დიდი დეფიციტი იყო.
ამ ცნობილი წიგნის გარდა ავტორს კიდევ ოთხი რომანი და ერთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული, მაგრამ რატომღაც მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა.
გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველითვის უკეთესად გაგვეცნო ბევრისთვის საყვარელი ნაწარმოებების ავტორი კახა სულუაშვილი.
- ბატონო კახა, საუბარი თქვენი ყველაზე ცნობილი რომანით დავიწყო. გვიამბეთ, როგორ და სად დაიწერა ის?
- მაშინ 19 წლის ვიყავი, თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი. ერთი პერიოდი, სტუდენტებიც მიჰყავდათ ჯარში და მეც მომიწია ასტრახანში წასვლამ. იქ ცოტა დაუმორჩილებელი გახლდით და ხშირად მიწევდა "გაობახტში" ყოფნა. პერიოდულად ერთკაციან კამერაშიც კი მსვამდნენ. სწორედ ასეთ საკანში დავიწყე ამ რომანის წერა. იმდენად მომეძალა ჩემი ქალაქის, მეგობრების მონატრება, ზედამხედველს ვთხოვე, კალამი და ფურცელი მომეცი-მეთქი... თავიდან პატარა ლექსი დავწერე, რომელიც შემდეგ ამ რომანს დაედო საფუძვლად. პირველი 18 გვერდი " გაობახტში" დაიწერა. დაახლოებით 2 თვეში დავასრულე. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც კი დამიშვია, რომ ამ წიგნით ვინმე ისე დაინტერესდებოდა, რომ მის დაბეჭდვას მოინდომებდნენ. მაშინ წიგნებს სახელმწიფო გამოსცემდა და ეს მარტივად ნამდვილად არ ხდებოდა.
- როგორ იხილა დღის სინათლე თქვენმა რომანმა?
- ჯარიდან რომ დავბრუნდი, მეორე კურსზე, რეპეტიციისთვის დიალოგი დაგვჭირდა. გვითხრეს, რამე მარტივი ნაწარმოები მონახეთო. გამახსენდა ჩემი ხელნაწერი წიგნი და ინსტიტუტში მივიტანე. ჩემს იმჟამინდელ მეწყვილეს, ახლა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, მაია ლომიძეს ვუთხარი, აარჩიე აქედან რამე დიალოგი და გავაკეთოთ-მეთქი. დავიწყეთ მეცადინეობა. მაიას მეზობელი იყო გამომცემლობა "მერანის" თანამშრომელი მანანა ასათიანი. ერთხელაც მაიასთვის უკითხავს, რას კითხულობო და ჩაუხედავს ხელნაწერში. მოსწონებია და უთქვამს, სასწრაფოდ დაურეკე ამ ბიჭს და ჩვენთან მოვიდეს გამომცემლობაშიო. რომ მივედი, მითხრეს, ვერ გეტყვით, რომ გადასარევი რომანია, მაგრამ კომერციულად მომგებიანი იქნება და თუ სურვილი გაქვთ, დავბეჭდავთო. შოკში ვიყავი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას. და უფრო მეტად იმას, რა გამოხმაურებაც შემდეგ მოჰყვა წიგნს.
- როგორ შეხვდა მკითხველი რომანს?
- 1987 წელს დაიწერა და წიგნი 1992 წელს გამოიცა. გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა. 35 000 წიგნი გაიყიდა 2 თვენახევარში. უფრო დიდი რეკორდი იმ პერიოდში არ არსებობდა. შემდეგ, გადამყიდველებმა დაიწყეს მისი გაყიდვა. ათმაგ ფასად ყიდდნენ. ერთხელ, ბაზრობაზე გამყიდველს ვეხუმრე, რა ამბავია ამხელა ფასი-მეთქი, მომიბრუნდა და მითხრა, - შენ არაფერი გესმის, თუ არ გინდა, ნუ იყიდიო. საერთო ჯამში, წიგნი 7-ჯერ გამოიცა და ყოველ ჯერზე, ძალიან სწრაფად გაიყიდა.
- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, რამ განაპირობა ამ წიგნის ასეთი აღიარება და სიყვარული?
- ამაზე მარტივი პასუხი მაქვს - მაშინ სიკეთის ძალიან დიდი დეფიციტი იყო ქვეყანაში. სხვა ქვეყნებმა შეიძლება ამას გაუძლონ, ვერც კი იგრძნონ, მაგრამ საქართველოში ამის ატანა შეუძლებელია. საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო 90-იანებში. მაშინ გამოჩნდა ვინ ვინ იყო რეალურად. მომრავლდა დაჯგუფებები, საძმოები. ქართველებმა ერთანეთის ძარცვა დაიწყეს. არავინ არავის ინდობდა. ის თბილი, ლაღი ურთიერთობები, სიკეთე და სიყვარული, რაზეც არის წიგნი, ყველასთვის სანატრელი გახდა. ამ წიგნით მინდოდა მეთქვა, რომ არ არის აუცილებელი, ვინმე გარეწარი და მკვლელი იყოს. საკმარისია, ადამიანებმა ერთმანეთის მოსმენა შეწყვიტონ, რომ აურზაური გარანტირებულია. რომანის მთავარი გმირები, თბილისელი ბიჭები, ცდილობენ იცხოვრონ სწორად და გარემოებების მიუხედავად, არასოდეს არაფრის ფასად წავიდნენ კომპრომისზე საკუთარ ღირსებასთან. რადგან ღირსების განცდა ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამ რომანში მრავლად არის ავტობიოგრაფიული ეპიზოდები. მეც, ისევე, როგორც ჩემი რომანის პერსონაჟებს, ყოველთვის მქონდა სიმართლის დაცვის გამძაფრებული სურვილი. ამ რომანში არის ასეთი ფრაზა - "გავაკეთებ ყველაფერს, რაც მინდა, თუ ჩემი სურვილის ხორცშესხმა ვინმეს არ ავნებს" - ეს გახდა შემდეგ ჩემი ცხოვრების კრედოც. შეიძლება ბევრი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ სურვილი კი ყოველთვის დიდი მქონდა, რომ ჩემ ირგვლივ ყველაფერი სამართლიანად ყოფილიყო.
- ამის გარდა კიდევ ოთხი რომანი და ერთი პოეტური კრებული გაქვთ გამოცემული. გვიამბეთ მათზეც...
- რომანიდან რომანამდე საკმაოდ დიდი პაუზები გამომივიდა. "თბილისს ვტოვებ ალიონზეს" დაწერიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ დავიწყე მუშაობა ახალ რომანზე - "ლახტის პრინციპით". თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა დამეწერა და შევჩერდი. რამდენიმე დღეში, "სეკუნდანტის" წერას შევუდექი და ეს მართლაც ის იყო, რაც ჩაფიქრებული მქონდა. 2-3 თვე ვმუშაობდი და დავასრულე თუ არა, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მონაწილეობით, მაგრამ ჩემდაუნებურად... განაგრძეთ კითხვა