"დღეიდან მასიური ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას პირადად ეცნობა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის შეფერხებები მოგვარებულია და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ რეგისტრაცია.
მისივე თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, "სინოფარმის" ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული.
"დღეს მასიური ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში შეფერხებები იყო, სრულად გამართულია და ამ ეტაპზე მოქალაქეს თავისუფლდ შეუძლია დარეგისტრირდეს. დილის მდგომარეობით, "სინოფარმის" ვაქცინაზე უკვე 20 000 ჯავშანია დარეგისტრირებული. გააქტიურებულია 15-22 ის ცხელი ხაზი.
ასევე გააქტიურდა ახალი ცხელი ხაზის ნომერი - 144 3, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში შეეძლებათ დარეკვა", - განაცხადა გავუნიამ.
ცნობისთვის, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.