"გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, დამტვრეულია კამერები" - კვირის პალიტრა

"გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, დამტვრეულია კამერები"

თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს - ჟურნალისტებს და ოპერატორებს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა. აგრესიულები არიან ყველა არხის ჟურნალისტის მიმართ. გვეუბნებიან, რომ ტერიტორია დავტოვოთ. რამდენიმე ჟურნალისტია დაშავებული. დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ", - ამბობს "რუსთავი 2-ის" ეთერში ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

"უცებ ძალიან მძლავრი ძალადობა დაიწყო ჟურნალისტებზე. ყველა ერთ მხარეს დავდექით. დაიწყო ფურთხება, გინება, ფიზიკური ძალადობა, ნაცემი არიან ჩვენი ოპერატორები, ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა - ზურა მანაგაძე, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩემთან ერთად ზის.

არ ვაპირებდით ტერიტორიის დატოვებას, თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხო ადგილას მივყავართ.

ამ ადამიანების აგრესია ჟურნალისტებზე გაურკვეველი მიზეზის გამო იყო. ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან. პოლიციამ საკმაოდ შორს დაგვტოვა, სადღაც ვაკეში, იმისთვის რომ არ გადმოვსულიყავით აქციაზე, თუმცა უნდა გავაშუქოთ მოვლენები. ეს ადამიანები ჟურნალისტების მუშაობას მეტად აპროტესტებენ, ვიდრე ამ კვირეულს. რამდენიმე წუთის წინ, მე და ჩემს ოპერატორს ზურა მანაგაძეს მოგვიახლოვდა აქციის ერთ - ერთი ორგანიზატორი, რომელმაც გვთხოვა, რომ აღარ მივბრუნებულიყავით აქციაზე. უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზატორებს არ ჰქონიათ აგრესია. იქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო", - განაცხადა "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძემ პირდაპირი ჩართვისას.