ავღანეთიდან ამერიკელების კვალდაკვალ ავღანელებიც გამოდიან...
ორი ათეული წლის შემდეგ ავღანეთიდან ნატოსა და მისი პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების გამოყვანა ბევრად დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება გახლდათ - ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შინ, ევროპაში იმდენი პრობლემა დაუგროვდა, თუნდაც "მადაზე" მოსული რუსეთის სახით, რომ ავღანეთისთვის აღარ სცხელა.
კოალიციის ძალების, მათ შორის - ქართული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა ავღანეთიდან, საბედნიეროდ, უპრობლემოდ განხორციელდა და ხორციელდება, მაგრამ უდიდესი პრობლემები ელოდებათ სამშობლოში დარჩენილ იმ ავღანელებს, რომლებიც სხვადასხვა სახით თანამშრომლობდნენ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
თალიბებისგან განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ იმ თარჯიმან ავღანელებს, რომლებიც მიმაგრებულნი იყვნენ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ამა თუ იმ დანაყოფთან, მათ შორის - ქართველ სამხედროებთან და დაკავებული თალიბების დაკითხვისას თარჯიმნის როლში გამოდიოდნენ.
ამ ავღანელების თალიბებზე მიტოვება არანაირ ჩარჩოებში არ ჩაჯდება, მით უმეტეს - აშშ-ს უკვე გავლილი აქვს ასეთი რთული სიტუაცია, როდესაც სამხრეთ ვიეტნამიდან სწრაფად მოუწია ევაკუაცია და მანამდე, წლების განმავლობაში, მათი დამხმარე ვიეტნამელების კომუნისტების ხელში ჩავარდნის საფრთხე დადგა.
ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ამერიკელმა დიპლომატებმა კულუარულად უკვე მიმართეს თხოვნით ავღანეთის ჩრდილოეთ მეზობლებს - ტაჯიკეთსა და უზბეკეთს, რომ მათ პირველ ეტაპზე შეიფარონ 9 ათასი ავღანელი იძულებით დევნილი.
თუმცა, თუკი თალიბები სწრაფი ტემპით მოახერხებენ ხელისუფლების დაბრუნებას, მაშინ ავღანეთიდან იძულებით დევნილთა რიცხვი, ალბათ, ასი ათასობით განისაზღვრება და ისინი შუა აზიიდან ჯერ რუსეთის, შემდეგ კი - ევროპის ტერიტორიებზეც შეეცდებიან შეღწევას.
თალიბების წარმატებით შეშფოთებულია ავღანეთის დასავლეთით მეზობელი - ირანიც, რომელმაც საზღვართან სასწრაფოდ გადაისროლა დამატებითი საბრძოლო დანაყოფები და ჯავშანტექნიკა.
ნატოს მიერ ორი ათეული წლის განმავლობაში უხვად დაფინანსებული და მომზადებული ავღანეთის სამთავრობო ჯარები და სამართალდამცავი სტრუქტურები ჯერჯერობით, სამწუხაროდ, შესაბამის წინააღმდგობას ვერ უწევენ თალიბების ურიცხვ, პატარ-პატარა რაზმებს და ხშირად ტყვედ ბარდებიან უფრო მცირერიცხოვან ჯგუფებს ან გადარბიან ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე და შველას ითხოვენ.
თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ თალიბები ძალიან მალე შევლენ ქაბულში და თავის ხელისუფლებას გამოაცხადებენ მთელ ავღანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამ მრავალტანჯული ქვეყნის ბევრი, სხვადასხვა რაიონის მაცხოვრებელი თალიბების დაბრუნებას არ მიესალმება და მზადაა, იარაღი აიღოს ხელში მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.
განსაკუთრებულად გამოირჩევიან ქალები, რომლებმაც იციან, რომ თალიბების ხელისუფლების ხელში მათი უფლებები უკიდურესად შეიზღუდება.
პ.ს. 2008 წლის გაზაფხულზე ერაყში, ქართულ სამშვიდობო დანაყოფთან ერთად, გზაზე მოულოდნელი, მოძრავი საგუშაგოს დაყენების პროცესში ადგილობრივი პირი გავიცანი, რომელიც ჩვენს დანაყოფზე იყო მიმაგრებული თარჯიმნის როლში და რუსულად საუბრობდა. მან მომიყვა, რომ იგი სადამ ჰუსეინის ყოფილი არმიის ოფიცერი გახლდათ, გადამზადება თავის დროზე ფოთში გაიარა და რუსული ენაც იქ აითვისა.
ის მუდამ ნიღბით დადიოდა და როდესაც ვკითხე, არ გცხელა-მეთქი (ჩრდილში სიცხე 50 გრადუსამდეც ადიოდა), მიპასუხა, - სჯობს დამცხეს და ჩავიხუთო, ვიდრე იმ ერაყელებმა დაინახონ ჩემი სახე, ვისაც გზაზე თქვენი სამხედროები აჩერებენ და ჩხრეკენ, მე კი გადათარგმნა მიწევსო. ადრე თუ გვიან თქვენ წახვალთ, მე და ჩემს ოჯახს კი აქ მოგვიწევს დარჩენა და ცხოვრებაო...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს