ამ წუთებში ოპერაცია უტარდება „პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

ამ წუთებში ოპერაცია უტარდება „პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში "ნიუ ჰოსპიტალსში" ოპერაცია უტარდება.

"ნიუ ჰოსპიტალსის" გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. ამასთანავე, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განმარტა, მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდეგ კლინიკიდან გაეწერა, სამს კი კვლევა უტარდება.

"პირს, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება, წასულია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლის მოტეხილობით, ის საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად არის კვლევის სტადიაში. სტაბილურია ყველა,"- განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ იცავენ.