"საქართველოში ასეთი ძალადობა 2013 წლიდან აღარ ყოფილა" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს - კვირის პალიტრა

"საქართველოში ასეთი ძალადობა 2013 წლიდან აღარ ყოფილა" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ფართოდ გააშუქეს. გავრცელებული ინფორმაციების უმრავლესობაში მხოლოდ მშრალი ფაქტები და მოვლენებია ასახული, თუმცა არის გარკვეული შეფასებები და კომენტარები - უცხოელი ავტორებისა და პოლიტიკოსების მიერ, აგრეთვე, ექსკლუზიური ინტერვიუები. გთავაზობთ ზოგიერთი მასალის მიმოხილვას.

ფრანგულმა სააგენტო "ფრანს-პრესმა" (France Presse) გაავრცელა სტატია სათაურით - "ღირსების მარში" საქართველოში: "წინ, მუქარების მიუხედავად", რომლითაც სხვა ქვეყნების მასმედიამაც ისარგებლა და მასალა თავიანთ ვებგვერდებზეც გამოაქვეყნა, მათ შორის - ინდურმა გაზეთმა "თაიმს ოფ ინდიამაც" (Times of India).

პუბლიკაციაში ფრანგული სააგენტოს ჟურნალისტი "ღირსების მარშის" ორგანიზატორს, "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელს გიორგი თაბაგარს ესაუბრება: "მოსაწონია, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, ჩვენ ვგრძნობთ ქართველი საზოგადოებისა და ქართველი პოლიტიკოსების მზარდ სოლიდარობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ სასტიკი ჰომოფობიური ჯგუფები", - ამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი თაბაგარი.

როგორც "ფრანს პრესის" ჟურნალისტი აღნიშნავს, "ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობის სოციალური შეხედულებები სულ უფრო ლიბერალური ხდება, უკანასკნელ ხანს რამდენიმე ღონისძიებაც ჩატარდა ლგბტ საზოგადოებასთან დამოკიდებულების თაობაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა მაინც ღრმად კონსერვატიული რჩება: მძლავრი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის წინააღმდეგ გამოდიოდა და კონფლიქტი ჰქონდა ქვეყნის იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც მსგავს სოციალურ საკითხებში დასავლეთისაკენ იხრებოდნენ". (წყარო)

--------------------

ბრიტანული გაზეთი "გარდიანი" (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "საქართველო: ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი "ღირსების მარში", მოწინააღმდეგეთა ძალადობის მუქარის გამო, არ ჩატარდა" (ავტორი - ენდრიუ რუტი), რომელშიც თანმიმდევრობითაა გადმოცემული თბილისში 5 ივლისს მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა ("ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა მიტინგი, ლგბტ აქტივისტების ოფისის დარბევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა და უცხოელ დიპლომატთა განცხადებები). მასალაში აღნიშნულია, რომ "აქციის ორგანიზატორებმა "მარშის" ჩატარებაზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები ლგბტ აქტივისტების შტაბ-ბინაში შეიჭრნენ..."

"ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის, რაც საქართველოს დედაქალაქში ხდება. თბილისში საკმაოდ აქტიური ლგბტ საზოგადოება არსებობს, მათ წინააღმდეგ მიმართულ ჰომოფობიურ გამოსვლებს კი ულტრაკონსერვატიული პოლიტიკოსები და მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები ხელმძღვანელობენ", - წერს ავტორი და იხსენებს: "2013 წელს სწორედ მღვდლები ჩაუდგნენ სათავეში ადამიანთა ბრბოს, რომლებმაც გეების წინააღმდეგ ძალადობა განახორციელეს, შემდეგ კი ისინი მიიმალნენ. ამ შემთხვევამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში იმდენად, რამდენადაც ქვეყანა ევროპასთან კავშირების გაღრმავებას ესწრაფვის. ექვსი წელი დაჭირდა იმას, რომ "თბილისი პრაიდი" ქალაქის ქუჩებში დაბრუნებულიყო და 2019 წელს "ღირსების მარში" განეხორციელებინა". (წყარო)

-------------

გერმანული ტელევიზიის ARD-ის პროგრამა "ტაგესშაუში" მომზადდა სიუჟეტი საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ამბების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით - "ძალა "ღირსების მარშის" წინააღმდეგ", რომელშიც მიმოხილულია თბილისში ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ ჩატარებული საპროტესტო აქცია და მასთან დაკავშირებული მოვლენები (ავტორი - სილვია შტოიბერი).

"საქართველოში ასეთი ძალადობა 2013 წლიდან აღარ ყოფილა. იმ დროს მსოფლიოს მასმედიაში ფართოდ იყო რეკლამირებული რისხვით სახეწაშლილი ქართველი მამაკაცების ფოტოსურათები: სიმბოლოდ იქცა ერთ-ერთი მღვდლის ფოტო, სკამით ხელში, რომლითაც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს ემუქრებოდა.

საერთოდ, თბილისში 5 ივლისს მომხდარ ამბებში ეკლესიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ისევე, როგორც 2013 წელს, ახლაც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აქეზებდნენ მოსახლეობის ულტრაკონსერვატიულ, ნაციონალისტურ და უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებს ლოზუნგებით "გეი - ტერორისტები".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში ყველაზე პატივცემულ რელიგიურ დაწესებულებად მიიჩნევა. ეკლესიამ ასეთი დიდი პოპულარობა და ნდობა მისი პატრიარქის - ილია მეორის ავტორიტეტის წყალობით მოიპოვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს ეკლესიას ვნებს მის შიგნით არსებული ბრძოლა ხელისუფლებისა და მემკვიდრეობისათვის. ბოლო დროს ეკლესიის ირგვლივ ხმაურიანი სკანდალი მოხდა, რომელიც სამღვდელოების მზრუნველობის ქვეშ არსებულ ბავშვთა სახლში შექმნილ არასახარბიელო სიტუაციას უკავშირდება. ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მსგავსი აქციები - ტრადიციული ფასეულობების დაცვის ლოზუნგებით - არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება", - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სიტუაციის გამწვავებას, ეკლესიასთან ერთად, გარკვეულწილად ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობამაც. როგორც ავტორი მიუთითებს, ბევრი ოპოზიციონერი აქტივისტის აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" უკან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დგას.

"მმართველი პარტია "ქართული ოცნება" რთული ეკონომიკური სიტუაციის წინაშე დგას, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავლები ტურიზმს შეჰქონდა, ახლა კი ტურიზმი, ფაქტობრივად, კრიზისშია. გარდა ამისა, მმართველ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში უკვე მესამე ვადით იმყოფება, აკრიტიკებენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალი გზიდან გადახვევის გამო. ამას ადასტურებს გასული წლის მეორე ნახევარში მომხდარი კრიზისული მოვლენები, რაც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. სიტუაცია იმდენად შევიდა ჩიხში, რომ მის გამოსწორებას ევროპული სტრუქტურების ჩარევა დაჭირდა.

ხუთ ივლისს თბილისში მომხდარი საპროტესტო უწესრიგო გამოსვლები დაგმეს დასავლეთის ქვეყნების დიპლომატებმა, მათ შორის - გერმანიის საელჩომაც. მათ გააკრიტიკეს მთავრობისა და ეკლესიის წარმომადგენლების უუნარობა და მოითხოვეს, რომ ძალადობის ჩამდენთა მიმართ გამოძიება დაიწყოს". (წყარო)

რაც შეეხება რუსულ მედიასაშუალებებს: ფედერალური ტელეარხები დღის მეორე ნახევარში რეგულარულად უთმობდნენ ეთერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს - ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქცია ახალი ამბების თითქმის ყოველ გამოშვებაში ფიგურირებდა. ტელეარხ "დოჟდის" (Дождь) ეთერში ისაუბრა თბილისელმა ჟურნალისტმა თეიმურაზ კაკუჩაიამ, რომელმაც დაგმო საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი უწესრიგობები და განაცხადა, - ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ ის ადამიანები, რომლებიც რაიონებიდან სპეციალურად ჩამოიყვანა მილიონერ ლევან ვასაძის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. ისინი ეკლესიებში მღვდლებმა დალოცეს და მოუწოდეს, რომ "საქართველო გათახსირებული ჰომოსექსუალისტებისაგან გაეწმინდათ". პოლიცია უმოქმედოდ იდგა და საპროტესტო აქციის დროს არავითარ ზომას არ მიმართავდა აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ".

თეიმურაზ კაკუჩაიას თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის პარტია "ერი" ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადება, ხოლო თვითონ პარტიის ლიდერი დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი და პატრიარქალური ფასეულობების დამცველია. სწორედ ამიტომ მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს საქართველოს კონსერვატიულად განწყობილ მოსახლეობაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ