"ეჭვის თვალით ვუყურებ ვერსიას, რომ ღარიბაშვილის მოტივი ჩხუბის მოწყობა იყო, რადგან ჩემი აზრით, რაც გუშინ მოხდა ხელისუფლებას არ აწყობდა"
არ ვიცი, რა იყო ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების მოტივი - ეჭვის თვალით ვუყურებ ვერსიას, რომ მისი მოტივი ჩხუბის მოწყობა იყო, რადგან ჩემი აზრით, რაც გუშინ მოხდა ხელისუფლებას არ აწყობდა, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ხვიჩიამ აქვე აღნიშნა, რომ პრემიერის სიტყვებმა გუშინდელი მოვლენები წაახალისა და შედეგად გამოიწვია ის, რაც მოხდა.
"რა საკვირველია, 5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ უნდა აიღოს, ხოლო პრემიერი უნდა გადადგეს თუ არა დაკავებული თანამდებობიდან, ეს პირადი პასუხისმგებლობის საკითხია. ირაკლი ღარიბაშვილი რომც გადადგეს და ირაკლი კობახიძე მივიდეს, ამით ზოგადი კონფიგურაცია შეიცვლება? ზოგადად, პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებაზეა". ეს ახლა გარდაისახება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში თუ სხვა პროცესში... მე მირჩევნია არჩევნების წაგებაში გარდაისახოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.