"რატომ დაინტერესდა პრესა მათი ოჯახით?" - რას წერს ქართველი ოჯახის დეპორტაციაზე გერმანული გამოცემა?
გერმანულ პრესაში საკმაოდ აქტიურად შუქდება ერთ-ერთი მიგრანტი ოჯახის - ცოლ-ქმარ ილია და ილონა იმერლიშვილისა და მათი შვიდი შვილის ამბავი. ისინი საქსონიის მხარის ქალაქ პირნაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ამას წინათ კი გერმანიის საიმიგრაციო სამსახურმა მათი თბილისში დეპორტაცია განახორციელა.
გაზეთი "დი ცეიტი" (Die Zeit) ბეჭდავს სტატიას სათაურით - "რატომ მოხდა ქართული ოჯახის დეპორტაცია? ისინი კარგად იყვნენ ინტეგრირებულები" (ავტორი - ანე ჰენიგი), რომელშიც გადმოცემულია გერმანელი საზოგადოების ნეგატიური განწყობა მომხდარი რეზონანსული ფაქტის მიმართ: "ყოველდღიურად გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან თავიანთ სამშობლოში ათობით ისეთ ადამიანს აძევებს, რომლებთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ და, შესაბამისად, მათი ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოა, მაგრამ მათ ბედზე პრესაში სტატიები იშვიათად თუ ქვეყნდება.. მაშ, რატომ დაინტერესდა პრესა იმერლიშვილების ოჯახთან დაკავშირებით?", - წერს ავტორი.
პირველი გაზეთი, რომელმაც ხმა აიმაღლა ქართველი მიგრანტების დეპორტაციაზე, საქსონიის გაზეთი "შვაბიშე ცაიტუნგი" (Die Sächsische Zeitung) იყო - "რატომ გააძევეს ქართული ოჯახი გერმანიიდან", - ასეთი სათაური ჰქონდა სტატიას, რომელშიც უფრო გოგონას ემოციური საუბარი იყო გადმოცემული. "ტვიტერის" მეშვეობით, ამ მასალას თითქმის 400 000 ადამიანი გაეცნო. გაზეთ "დი ველტის" (Die Welt) მთავარმა რედაქტორმა ულფ პოშარდმა ამ პრობლემისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში საკითხი ასე დასვა: "რატომ ხდება, რომ გერმანიაში თავშესაფარს ბევრი ისეთი ადამიანი იღებს, რომელმაც, წესით, არ უნდა მიიღოს? რატომ არის, რომ ბევრი სამართალდამრღვევი დიდი ხნის დეპორტირებული უნდა იყოს, მაგრამ ისევ აქ არიან, წესიერი, მცირეწლოვანი შვილების მყოლი ოჯახების დეპორტაცია კი, რომლებიც კარგად არიან გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირებულები, სწრაფად ხდება?
საქსონიის ადგილობრივი ხელისუფლება, თითქოსდა, გონს მოვიდა: მხარის სოციალურ საქმეთა მინისტრმა პეტერ კოპინგმა განკარგულება გასცა, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს ოჯახების დეპორტაცია, ხოლო ქალაქ პირნას მერმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმერლიშვილის ოჯახის საქსონიაში დასაბრუნებლად.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება და ხელისუფლება დეპორტირებულების მიმართ გულმოწყალედ არის განწყობილი, შინაგან საქმეთა მინისტრი როლანდ ვოლერი მაინც ამბობს, რომ დეპორტაცია სამართლიანად განხორციელდა და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ილია იმერლიშვილმა გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ დანაშაულის ჩადენაც მოასწრო.
გერმანულ პრესაში გამოითქმება აზრი, რომ მიგრანტთა სტატუსის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ