"მთავრობა ივანიშვილიანად წავა მაშინ, როცა არჩევნებს წააგებს... სახელმწიფო ჩამოიშალა, როცა მოძალადეებს უფლება მისცეს, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა"
ჩვენ ვიხილეთ ის, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როცა მოძალადეებს უფლება მისცეს, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა - მე-19 საუკუნეში რომ აწყობდნენ აი, ისეთი "პოგრომი" მოეწყო თბილისის ქუჩებში 21-ე საუკუნეში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და საპატრიარქოა.
"ძალადობის წამხალისებელი, დამაორგანიზებელი ეს ბნელი ჯუფები იმართება კონკრეტულად ღარიბაშვილის, მისი "კლანის", ხელისუფლების და სუს-ის მიერ. ისინი ასრულებენ ივანიშვილის დავალებას და ეს არის ამ მარაზმის გუშინდელი აპოკალიპტური მხეცის პოლიტიკური ნაწილი. რელიგიურ ნაწილს, სამწუხაროდ, ხელმძღვანელობს საპატრიარქო. აი, ამ ვანდალიზმის ბოლო კურთხევის მიმცემი იყო მეუფე შიო. ჯერ კიდევ მის არ დაწყებულ კარიერაზე ეს არის ყველაზე შავი და მძიმე ლაქა. მას ჯერ არ დაუწყია თავისი საქმიანობა, მაგრამ სისხლის ღვრით და საკუთარ მოქალაქეებზე ამ აპოკალიპტური გავეშებული მხეცის მისევით დაიწყო, ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი" , - განაცხადა უგულავამ.
კითხვაზე: რამდენად არის იმის საშიშროება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ, უგულავა პასუხობს, რომ "ამ ხელისუფლების პირობებში ყველა გართულება არის შესაძლებელი".
"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია. საქართველოში "პოგრომი" მოეწყო. რუსეთის იმპერიისთვის დამახასიათებელი პოგრომი, რომელიც საქართველოში არასდროს მოწყობილა, იმიტომ იყო ეს რუსული მოვლენა. მე-19 საუკუნეში რომ აწყობდნენ აი, ისეთი "პოგრომი" მოეწყო თბილისის ქუჩებში 21-ე საუკუნეში. საუბრობენ, თითქოს არაფერი მომხდარა, უბედურება მოხდა, ისტორია შეიცვალა ისეთი რაღაც მოხდა.
მთავრობა ივანიშვილიანად წავა მაშინ, როცა არჩევნებს წააგებს. ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ამ შემოდგომაზე ტარდება რეფერენდუმი, უნდა თუ არა ჩვენ მოქალაქეებს კვლავ ივანიშვილი, ღარიბაშვილ-კობახისეული შემდეგი ვერსიის გაგრძელება და მმართველობა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ამის დასრულება.
ჩვენ ვიხილეთ ის, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როდესაც მისცეს უფლება მოძალადეებს, რომ ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა და ასევე ჩვენ ვერ შევდექით როგორც საზოგადოება. მორალური და ფიზიკური ტერორის მიუხედავად უამრავი ადამიანი გამოვიდა სიტყვის თავისუფლების და თანასწორობის დასაცავად" , - განცხადა უგულავამ.