"ძალადობა და ვანდალიზმი სრულიად მიუღებელია - მადლობელი ვარ პარლამენტის, ევროკავშირის დროშის კუთვნილ ადგილზე დაბრუნებისთვის"
"ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და მის განხორცილებაზე ერთად იმუშაოს", - ამის შესახებ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ "ტვიტერში" დაწერა.
"მოხარული ვარ, რომ დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ, ეს არის ადგილი, სადაც დებატები უნდა გაიმართოს. ახლა ყველა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას და მის განხორციელებაზე იმუშაოს,"- წერს ოლივერ ვარჰეი.
მისი თქმით, შეხვედრების დროს საუბარი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
"ასევე განვიხილეთ გასული ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ძალადობა და ვანდალიზმი სრულიად მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ძალადობით ან დისკრიმინაციით არ უნდა დაბრკოლდეს. მადლობელი ვარ პარლამენტის, ევროკავშირის დროშის კუთვნილ ადგილზე დაბრუნებისთვის", - წერს ოლივერ ვარჰეი.
"ინტერპრესნიუსი"