"მოსკოვი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, თუ შავ ზღვაში მისი სახელმწიფო საზღვარი დაირღვევა"
"მოსკოვი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, თუ შავ ზღვაში მისი სახელმწიფო საზღვარი დაირღვევა", - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის კომენტარს, რომ სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლას განაგრძობენ.
"როგორც პრეზიდენტის, ასევე სხვა ოფიციალური პირების დონეზეც, რამდენჯერმე თქმულა, რომ რუსეთი მიიღებს შესაბამის ზომებს ზღვაზე სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში. მესაზღვრეები გადადგამენ ყველა ინსტრუქციით გათვალისწინებულ ნაბიჯებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენებაც მოხდება ", - აღნიშნა პესკოვმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ რა ასეთი ინციდენტების თავიდან აცილება, პესკოვმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა, არ დაირღვეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.
"რა თქმა უნდა, ასეა. მათ უბრალოდ არ უნდა დაარღვიონ რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ან ეს არ უნდა გააკეთონ აბსოლუტურად პროვოკაციულად", - აღნიშნა მან.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბრიტანულ ხომალდ HMS Defender -თან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ხომალდი მოძრაობდა საერთაშორისოდ აღიარებულ მარშრუტზე. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს უკრაინის ტერიტორიული წყლებში გადაადგილების სრული უფლება ჰქონდა, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რასაც ისინი მომავალშიც გააგრძელებენ.