"ძალადობა, მითუმეტეს ძალადობა ჟურნალისტებზე გაუგონარი ფაქტია და არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის ინტერესებში"
"ჩვენ ვართ დიდი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანა და ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი და ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქართველი ხალხის ხელწერაა", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის გამო ადამიანების დისკრიმინაცია არ ხდება და ყველა ადამიანი დაცულია კანონის მიერ.
"რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ არასასიამოვნო და ძალადობრივ ფაქტებს - მე ეს საჯაროდ დავგმე, ბატონო კომისარო. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი არის ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა და მითუმეტეს ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი და ეს რა თქმა უნდა, არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შეიძლება იყოს სამწუხაროდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ, პოლიციამ დაიწყო უკვე გამოძიება. გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის შეუქცევადი და ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვკაციებს დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო დიდ მიზანს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვართ დიდი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანა და ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. ის რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები იქნება აღკვეთილი, გამოძიებული და შესაბამისად იქნება ყველა ადამიანი დასჯილი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში ხდება ევროპაშიც, ამერიკაშიც, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს სწორედ ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ ანტი-დისკრიმინაციული კანონი და ჩვენ ასევე, კონსტიტუციაში მოვახდინეთ დეფინიცია ქორწინების. დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ქვეშ და ასეც იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ. ცალკეული პროვიკაციული შემთხვევების განზოგადება რა თქმა უნდა არასწორია, ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში. რა თქმა უნდა ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად", - განაცხადა პრემიერმა.