"ქართველმა ხალხმა გააკეთოს ნამდვილი თავისუფალი არჩევანი, რომ ბიძინა ივანიშვლი და მისი "ქართული ოცნება" პენსიაში გავისტუმროთ" - კვირის პალიტრა

"ქართველმა ხალხმა გააკეთოს ნამდვილი თავისუფალი არჩევანი, რომ ბიძინა ივანიშვლი და მისი "ქართული ოცნება" პენსიაში გავისტუმროთ"

წარმოუდგენლად მიმაჩნია პარლამენტის წინ 2-ჯერ მიეცეს გარკვეულ ჯგუფს იმის საშუალება, რომ ჩამოხიონ ევროკავშირის დროშა - ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშეა ,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდთან" დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, ჩაკეტილი წრე უნდა გავარღვიოთ, „ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება" პენსიაში გავისტუმროთ".

"მინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მტრები და "მეხუთე კოლონა", რომელიც საქართველოში არსებობს და ჩაბუდებულია სხვადასხვა უწყებაში, იყენებს სხვადასხვა თემას, იმისთვის რომ საზოგადოება გახლიჩოს, დააპირისპიროს, რაც ყველაზე მთავარია, ააცდინოს მთავარ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხნის წინ აირჩია-ეს არის ევროპული ოჯახი. ამ 30 - წლიანი ჩაკეტილი წრის გამოწვევა მკაფიოდ დაგვიდგა, გზაჯვარედინზე ვართ, ან მონობის, კოლონიის, გუბერნიის მიმართულებით, ან თავისუფალი ქვეყნის მიმართულებით.

ის ფაქტი, რომ უკვე 2-ჯერ იქნა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნილი, არ არის შემთხვევითი ფაქტი. წარმოუდგენლად მიმაჩნია პარლამენტის წინ 2-ჯერ მიეცეს გარკვეულ ჯგუფებს იმის საშუალება, რომ ჩამოხიონ ევროკავშირის დროშა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის. ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშეა. უამრავი ახალი მსგავსი დაპირისპირების საბაბი იქნება მოგონილი ხელისუფლების და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ აწყობს ქვეყანაში სტაბილურობა და უნდათ გამოიყენოს ეს ყველაფერი ხელისუფლებაში ყოფნის გაგრძელებით. ამას ბოლო უნდა მოეღოს, ქართველმა ხალხმა გააკეთოს ნამდვილი თავისუფალი არჩევანი, რომ ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და ბიძინა ივანიშვლი და მისი „ქართული ოცნება" პენსიაში გავისტუმროთ",- აღნიშნავს ხაზარაძე.

მისივე თქმით, 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება.

"პასუხისმგებლობა არის პრემიერ-მინისტრის, რომელმაც წაახალისა ჟურნალისტებზე თავდასხმა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის. ჩვენ მათ აუცილებლად დავიბარებთ პარლამენტში და მოვთხოვთ ძალიან მკაცრ პასუხს. რაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობაა", - აღნიშნავს ხაზარაძე.

5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, მამუკა ხაზარაძემ საპატრიარქოს როლზე ისაუბრა, სადაც დასძენს: „ ჩვენ ძალიან სერიოზული, მორწმუნე, ღვთისმოშიში და სარწმუნოებრივი სასულიერო პირები გვყავს. ამავე დროს, არიან ადამიანები, არა მარტო საპატრიარქოში, არამედ სხვა უწყებებში, რომლებიც ასრულებენ ჩვენი ქვეყნის მტრების დავალებას" .

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კი ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსენეს, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა. ბოლო 2 დღეში ეს ევროკავშირის დროშის დაზიანების მეორე შემთხვევა იყო.

"ინტერპრესნიუსი"