"რეპეტიციის დროს გავიფიქრე, როგორი თავხედი ვარ, როგორ ვბედავ აქ მისი სიმღერის შესრულებას-მეთქი, სცენიდან ჩამოვედი და..." - კვირის პალიტრა

"რეპეტიციის დროს გავიფიქრე, როგორი თავხედი ვარ, როგორ ვბედავ აქ მისი სიმღერის შესრულებას-მეთქი, სცენიდან ჩამოვედი და..."

ცისო კობახიძე საზოგადოებამ "დიდების შოუს" საშუალებით გაიცნო, ის სამეჯლისო ცეკვების უბადლო შემსრულებელი გახლავთ. 83 წლისაა, ხელოვნებაზე, თეატრსა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული. დღესაც "გეპეის" თეატრის მთავარი ქორეოგრაფია და გარდა ამისა, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაშიც მუშაობს. როგორც ამბობენ, ეს ქალბატონი ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის გულწრფელად უხარია მათი წარმატება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პატარაობიდანვე ვცეკვავდი და ვმღეროდი. სტუდენტობისას კონცერტზე უნდა მემღერა "მუხამბაზი თბილისზე", რომელსაც ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა. რეპეტიციის დროს გავიფიქრე, როგორი თავხედი ვარ, როგორ ვბედავ აქ მისი სიმღერის შესრულებას-მეთქი, სცენიდან ჩამოვედი და აღარ ვიმღერე..."

"ორერასთან", ოთარ რამიშვილთან ერთადაც მიმღერია. სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლესში ჩასაბარებლად 2 წლის სტაჟი უნდა მქონოდა, ისე არ მიმიღებდნენ. ამიტომ ვმუშაობდი აბრეშუმის ფაბრიკაში და ვცეკვავდი, ვმღეროდი ამ ფაბრიკასთან არსებულ ანსამბლში. სწორედ იმ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი. მოსკოვშიც ვიყავით კონცერტებზე, რიგაშიც. ერთხელ დედას სთხოვა, ცოტა ხნით მომეცით ეს გოგო, ფილარმონიაში რომ ვამღეროო, მაგრამ დედამ უარი უთხრა, ინსტიტუტში უნდა ჩააბაროს და მაგისი დრო არ ექნებაო..."

"სამეჯლისო ცეკვების პედაგოგის დიპლომი მაქვს, ილიკო სუხიშვილი აწერს ხელს. ჩემმა მოსწავლეებმა ერთ-ერთ კონკურსზე ოქროს მედლები მიიღეს, რაც ძალიან მეამაყება..."

"ვინც მიცნობს, ყველა დიდ სიყვარულს გამოხატავს ჩემ მიმართ, რადგან მე თვითონ ვარ ადამიანების მოყვარული და ალბათ ეს სიყვარული მიბრუნდება უკან. ყველას ვეუბნები, რომ დამინახავთ, გაიღიმეთ, გაიცინეთ და არასდროს თქვათ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ-მეთქი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი