"ის ვაქცინები, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ნამდვილად გვაძლევს საკუთარი თავისა და ერთმანეთის დაცვის საშუალებას"
ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის მომზადებაში ეხმარებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დახმარების სახით გადაეცა ლეპტოპები, ვაქცინის სატარებელი ყუთები, ყინულის სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, ასევე თერმომეტრი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და განაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს.
დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ და მოწყობილობების ნაწილი გადასცეს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური იყოს.
"ვიმედოვნებ, უკვე არსებული ვაქცინებით, რაც დღეს ქვეყანაშია, ასევე იმ ვაქცინებით, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით, ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის სწრაფად და სრულად მოცვას. ის ვაქცინები, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ნამდვილად გვაძლევს საკუთარი თავის დაცვის, ასევე ერთმანეთის დაცვის საშუალებას, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ სწრაფად შეიქმნას ისეთი იმუნური ფენა, რომ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.