"ასობით ველური მოძალადეა იდენტიფიცირებული, ყველა გაუშვეს... დამნაშავეები რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებული უტევნდნენ პოლიციელებს"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, 5-6 ივლისს "პრაიდთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლებაა დამნაშავე და ამიტომ "პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გადადგეს".
გოცირიძეს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით დამნაშავეები არ დაისჯებიან და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასობით მოძალადეა იდენტიფიცირებული, საჩვენებლად მხოლოდ 2-3 ადამიანს დატოვებენ საპატიმროში.
"ვხედავთ, რომ ასობით ველური მოძალადე არის იდენტიფიცირებული, ყველა გაუშვეს, ალბათ 2-3 ადამიანს ჩატოვებენ საჩვენებლად, შემდეგ რაღაცას გაუფორმებენ და ამით დასრულდება. შედეგით - დაისჯება თუ არა ეს ხალხი, იქნება განსაზღვრული, რა როლი მიუძღოდა ხელისუფლებას. ხელისუფლება რომ არის დამნაშავე და წამქეზებელი, ამაში ორი აზრი არ არის. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მიყვეს მთავრობა და შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. მათ გაწირეს პატიოსანი, რიგითი პოლიციელები. რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებულები უტევნდნენ+ პოლიციელებს, ანგრევდნენ კედელს და პოლიციის ხელმძღვანელობა ჩახუტებული საუბრობდა ქუჩაში მოძალადეების ლიდერებთან და მათთან ფილოსოფიურ განსჯებში იყო, ნაცვლად იმისა, რომ მოეკიდა ყურში ხელი და კინწისკვრით გაეყარათ",- განაცხადა გოცირიძემ.