"მადლობა ქართველებს... საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, მე მხარს ვუჭერ ქართველების იმ ნაწილის აზრს, რომლებიც..." - კვირის პალიტრა

"მადლობა ქართველებს... საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, მე მხარს ვუჭერ ქართველების იმ ნაწილის აზრს, რომლებიც..."

რუსეთის პოპულარული ოპოზიციური რადიოსადგურის - "ეხო მოსკვის" (Эхо Москвы) გადაცემაში "განსაკუთრებული აზრი" (Особое мнение) ჟურნალისტ ირინა ვორობიოვასთან ისაუბრა ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ. თემები - რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები (2021 წლის 19 სექტემბერს), კორონავირუსი და ვაქცინაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენები და, რა თქმა უნდა, საქართველო...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ირინა ვორობიოვა: - ექიმები ამბობენ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, უნდა ავიცრათ... მაქსიმ შევჩენკო: - მე მჯერა იმ ექიმების, რომლებმაც მეცნიერებაში რაღაც შექმნეს და [ავტორიტეტით სარგებლობენ].

ირინა ვორობიოვა: - მაინც რომელი ექიმების გჯერათ? მაქსიმ შევჩენკო: - მჯერა, მაგალითად, აკადემიკოს ჩუჩალინისა, რომელიც არ ამბობს, რომ უნდა ავიცრათ. ასევე, არ ამბობს ლეო ბოკერია და სხვები... მე ბევრს პირადად ვიცნობ. არცერთ ნორმალურ ექიმს არ შეუძლია იმის თქმა, რომ [ყველა ადამიანის] აცრა აუცილებელია. იმიტომ, რომ სანამ კონკრეტული პაციენტის ანამნეზი არ იქნება შესწავლილი, ამას ვერავინ იტყვის. ვინ იცის, აცრას იქნებ ალერგია მოჰყვეს? ან იქნებ ადამიანს ისეთი რამ ჭირს, რომ აცრა მის მდგომარეობას გააუარესებს?

ირინა ვორობიოვა: - როცა ევროპულ ქვეყნებში... მაქსიმ შევჩენკო: - მიმიფურთხებია, ირა, ევროპული ქვეყნებისათვის. აი, მადლობა ქართველებს - ღვთისგან კურთხეულ საქართველოს, ივერიას... რამდენიმე დღის წინათ ქართველებმა თბილისის ცენტრში აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოაგდეს და დახიეს. ძალიან დიდებული ვიდეოკადრებია... ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ქართველებო...

ირინა ვორობიოვა: - მხედველობაში გაქვთ ის, როცა ქართველებმა გეიაღლუმზე რეაგირება მოახდინეს? მაქსიმ შევჩენკო: - დიახ, როცა მათ თავიანთი სამშობლო ამ სენისაგან დაიცვეს.

ირინა ვორობიოვა: და ვისგან დაიცვეს? იმ ადამიანებისგან, რომლებთაც ერთმანეთი უყვართ?

მაქსიმ შევჩენკო: - ისინი თვლიან, რომ ეს სენი ქართველობის სულს კლავს. ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან.

ირინა ვორობიოვა: - რას ამბობ, მაქსიმ? განა [ჰომოსექსუალიზმი] სენი და ავადმყოფობაა? მაქსიმ შევჩენკო: - ზოგადად საქმე გეებს არ ეხებოდათ...

ირინა ვორობიოვა: - აბა, ვის? მაქსიმ შევჩენკო: - საქმე ისაა, რომ საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ქრისტიანულ-მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მართლმადიდებელმა პატრიარქმა გადაარჩინა. მას საქართველო ეწოდა - იმიტომ, რომ ლიტურგია ამ ქვეყანაში ყველგან ქართულ ენაზე წარმოებს. საქმე ეხება იმას, რომ [ვიღაც-ვიღაცებს] საქართველოს შეცვლა სურთ, მისი გარდაქმნა რაღაც სტანდარტებით, რომლებიც ევროკავშირში და კიდევ სადღაც არსებობს. ჰოდა, ქართველებმა ასეთი სახით უპასუხეს. მე ხელს ვართმევს ამ გაბედულ ადამიანებს. ყოჩაღ, ჩემო მეგობრებო!

ირინა ვორობიოვა: - განა ცუდი სტანდარტია ის, რომლის მიხედვით, ერთ ადამიანს უფლება აქვს მეორე უყვარდეს? მაქსიმ შევჩენკო: - საკითხი სიყვარულის უფლებას არ ეხება.

ირინა ვორობიოვა: - აბა, რას? მაქსიმ შევჩენკო: - საკითხი გეიაღლუმებს ეხება. გეიაღლუმის ჩატარება საჯარო ღონისძიებაა, სიმბოლიკაა.

ირინა ვორობიოვა: - მაქსიმ, თქვენ ხომ ადამიანის უფლებების მხარდამჭერი ხართ? მაქსიმ შევჩენკო: - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვადასხვა მომენტთან. მსგავსი სიმბოლიკის [აგიტაცია-პროპაგანდა] მართლმადიდებელ საქართველოში დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, მე როგორ ვთვლი. ასე თვლიან ქართველები.

ირინა ვორობიოვა: - მაგრამ ასე ყველა ქართველი არ თვლის. მაქსიმ შევჩენკო: - აბა, ვინ არ თვლის?

ირინა ვორობიოვა: - ქართველების ნაწილი. მაქსიმ შევჩენკო: აჰა, ასე ამბობთ? თქვენ უკვე ქართველ ხალხს ჰყოფთ? ყოჩაღ, სწორად მოქმედებთ. მხარს გიჭერთ...

ირინა ვორობიოვა: - თქვენ ჩემს ნათქვამს მართლაც იზიარებთ? მაქსიმ შევჩენკო: - მე მხარს ვუჭერ და ვიზიარებ საქართველოს, ქართველების იმ ნაწილის აზრს, რომლებიც ახლა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ირგვლივ არიან შეკრებილნი და რომლებმაც გააძევეს ისინი, ვისაც ქართველი ხალხის სულის გაუპატიურება და მისი გარდაქმნა სურს. ყოჩაღ, სწორად მოქმედებენ.

ირინა ვორობიოვა: - მაქსიმ, თქვენ ჰომოფობი ხართ? მაქსიმ შევჩენკო: - მე არასდროს არ ვსვამ ამ კითხვას საკუთარი თავის წინაშე. ჩემთვის სულ ერთია, ვის და როგორ უყვარს ერთმანეთი, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, ძალადობა არ იყოს.

ირინა ვორობიოვა: - თქვენ ახლა სწორედ მოძალადეების მხარეს გამოხვედით... მათ ხომ ძალადობა ჩაიდინეს? მაქსიმ შევჩენკო: - მთავარია, რომ სასიყვარულო ურთიერთობების დროს ძალადობა არ იყოს. გაუპატიურება ძალადობით დანაშაულია. ვიმეორებ: მე არ მაინტერესებს ვის ვინ და როგორ უყვარს, ეს ადამიანის პირადი საქმეა. მე ვთვლი, რომ ყოველ ქვეყანას, ყოველ ხალხს, ყოველ ცივილიზაციას აქვს უფლება, ადამიანებისთვის განსაზღვროს რაღაც დასაშვები ქმედება პირადი ცხოვრებიდან საჯარო სივრცეში. ევროპულმა ცივილიზაციამ ადამიანის სექსუალობა ანუ პიროვნების ცხოვრების ძალზე კერძო და პირადული, ინდივიდუალური ფაქტორი პოლიტიკურ, საჯარო სივრცეში გაიტანა. ასეთი პოლიტიკური-საჯარო ქმედება ყველა თავისუფალი ქვეყნისთვის მისაღები არ არის. ქართველები აბსოლუტურად თავისუფალი ხალხია, მაგრამ ისინი ტრადიციებს პატივს სცემენ, ტრადიციონალისტები არიან. ქართველების დიდი ნაწილი მარხულობს, ეზიარება, აღიარებს, ეკლესიაში ჯვარს იწერს და გიორგობას დღესასწაულობს. და ეს სწორი მოქმედებაა, მათი თვალსაზრისით. ამიტომაც მე მხარს ვუჭერ ქართველთა იმ ნაწილს, რომელიც თავის სამშობლოს იცავს. ჩემი აზრით, არ არის საჭირო, რომ ერთმა ცივილიზაციამ თავისი ინოვაციები მეორე ცივილიზაციაზე გაავრცელოს. ევროპული და, საერთოდ, დასავლური ეთიკა უნივერსალური არ არის. მსოფლიო სხვადასხვაგვარია. მსოფლიოში არის ერთი ავღანეთი, მაგრამ არის პუშტუნური და თალიბანური განზომილებით... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ