პრეზიდენტმა 8 სამხედრო მოსამსახურე მხედრული მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედლით მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა, რომელთა შორის არიან ის ჯარისკაცები, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში.
როგორც მან სენაკში, ქართული კონტიგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთოშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი.
"დღეს ქართული ჯარისთვის და არა მხოლოდ ქართული ჯარისთვის, სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია დაასრულა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთოშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. ჩვენ ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ დღეს მედლით მხედრული მამაცობისთის დავაჯილდოვებ 8 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის არიან ის ჯარისკაცები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში.
დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს, დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში ჩვენს სატრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო ნატო-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა მტიცე მხარდაჭერის მისიაში. გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევნისა და ღირსეული მომავლისთვის. ბრძოლა დამოუკიდებლობასა და სტაბილურობისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა. მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში, სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატო-სკენ. ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. სიამაყით აღვნიშნავ, რომ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პარტნიორების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდით თქვენ. დასრულდა ჩვენი მონაწილეობაა ამ სამშვიდობო მისიაში, 31 აგვისტოს დასრულდება თვით მისია, არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი ერთიანი ბრძოლა. მე მინდა თქვენ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გაუმარჯოს ქართულ ჯარს! გაუმარჯოს საქართველოს!", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.