"საოცარი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა ჩემი გვარის გამოცხადებამ. წამიერად გავშეშდი, არც კი მახსოვს, რა განვიცადე იმ წამს" - კვირის პალიტრა

"საოცარი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა ჩემი გვარის გამოცხადებამ. წამიერად გავშეშდი, არც კი მახსოვს, რა განვიცადე იმ წამს"

მიუხედავად პანდემიისა, 2021 წლის ივლისის დასაწყისში ზუგდიდში მაინც მოეწყო ხელოვნების V საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი "Art-კოლხი", მაგრამ, სამწუხაროდ, იმავე პანდემიის გამო, წელს ფესტივალმა უცხოეთის კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს ვერ უმასპინძლა. გარდა ამისა, მისი საზეიმო გაფორმება - ქუჩაში კოსტიუმირებული მსვლელობა ამჯერად ვერ მოხერხდა და "ქრონომეტრაჟიც" შემცირდა - როგორც წესი, ფესტივალი ერთკვირიანია და დიდი ზარზეიმით ტარდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად მას მხოლოდ ორი დღე დაეთმო. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამით ფესტივალის საშემსრულებლო ხარისხსა და დონეს რამე დააკლდა - აქ ლამის მთელი საქართველო გაერთიანდა, რადგან მას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეწვივნენ საკმაოდ ძლიერი შემსრულებლები.

ცხადია, პანდემიამ არც მე დამაბრკოლა და რადგან "პალიტრა მედია" ყოველწლიურად გახლავთ "Art-კოლხის" მედიამხარდამჭერი და, ამავე დროს - მე, თქვენი მონა-მორჩილი - მისი უცვლელი ჟიურის წევრი (თუმცა წელს ზუგდიდში ჩასულს, ორგანიზატორებმა სიურპრიზი მომიწყვეს და "თანამდებობით" დამაწინაურეს - ამჯერად ჟიურის თავმჯდომარის ორმაგად საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა), პანდემიამ ვერ შემაფერხა და სიხარულით გამოვეშურე ჩემს საყვარელ ქალაქში. "Art-კოლხს" წელს კარგი სიახლეც ჰქონდა - მასტერკლასები ქართულ ქორეოგრაფიაში, რომელმაც არა მარტო ქორეოგრაფები დააინტერესა, არამედ - მეც და ორგანიზატორებიც უდიდესი სიამოვნებით დავესწარით მას და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ.

იმ ხალხზეც აუცილებლად მინდა, გიამბოთ, ამ ულამაზეს ფესტივალს ყოველწლიურად რომ აწყობს: ზუგდიდის ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი ,"ოდიში", რომლის დამფუძნებელი გახლავთ მუსიკოსი, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-თეატრალურ სტუდია "რიბირაბოსა" და ანსამბლ "გინცის" ხელმძღვანელი, ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო მამფორია, ფესტივალის ორგანიზატორი არის ცენტრ "ოდიშის" დირექტორი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ჩელასა" და ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ცისკრის" სამხატვრო ხელმძღვანელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე რომეო ბულია, ხოლო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯერი გახლავთ დიანა მესხია და კიდევ - ამ ცენტრის დიდი გუნდი და სამეგობრო, ხმის რეჟისორის ამპლუაში პულტთან მომუშავე მუსიკოსი ლაშა თოდუა, წამყვანი მიხეილ ბუაძე და სხვები, ვინც ყველაფერს აკეთებს, მონაწილეებმა და მაყურებელმა დიდი სიამოვნება რომ მიიღონ...

როგორც გითხარით, ქალაქში ფესტივალის ტრადიციული კოსტიუმირებული მსვლელობა ამჯერად ვერ მოეწყო, ამიტომ ორივე დღეს "Art-კოლხს" მისმა უცვლელმა და ერთგულმა მხარდამჭერმა უმასპინძლა - ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა და მისმა დირექტორმა ბატონმა მანუჩარ სამუშიამ, რომელიც, იმავდროულად, კონკურსის ჟიურის წევრიც გახლდათ. ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონკურსი-კონცერტიც დაჯილდოების ცერემონიალით და, ასევე, პრაქტიკული მასტერკლასი ქორეოგრაფიაში, ცენტრის საკონფერენციო სივრცე კი თეორიულ მასტერკლასებს დაეთმო.

კონკურსს აფასებდა ჟიური: ცენტრის დირექტორი, მუსიკოსი და მსახიობი მანუჩარ სამუშია; ასევე - ფოლკლორისტი, მომღერალი და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი ბესო ჭითანავა; ანსამბლ "რეტროს" ხელმძღვანელი, მუსიკოსი ნანა ნოდია; კომპოზიტორი მედეა კვარაცხელია; აბაშის სამუსიკო სკოლის დირექტორი, დირიჟორი ნანა კელაპტრიშვილი; ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მომღერალი მაია ჩიტაია; მომღერალი ნანა ჩიქავა და ჟიურის თავმჯდომარე, თქვენი მონა-მორჩილი, ფესტივალის მხარდამჭერი ვებპორტალების - kvirispalitra.ge-ისა და ambebi.ge-ის, ასევე, ჟურნალ "გზის" ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე. ვფიქრობ, ჟიურის თითოეულმა წევრმა კეთილსინდისიერად ვიმუშავეთ და ფაქტია, ქულების მიხედვით, ჩვენი შეხედულებები, ფაქტობრივად, სრულიად დაემთხვა. ფესტივალის უპირობო გამარჯვებულებმაც - გრან-პრის მფლობელებმა მართლაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დაგვიტოვეს.

ნინო მამფორია, ფესტივალ "Art-კოლხის" დამფუძნებელი და დირექტორი:

- წელს ფესტივალი განსხვავებული - შემეცნებითი ხასიათის იყო. ნახეთ, რომ ფესტივალს დავამატეთ მასტერკლასი ქართულ ქორეოგრაფიაში, რომელსაც ბათუმიდან და თბილისიდან საგანგებოდ მოწვეული ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები - ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ბათუმის" მთავარი ქორეოგრაფი ბატონი შალვა გოგუაძე და ქართული ხალხური ცეკვის მკვლევარი და პედაგოგი ბატონი უჩა დვალიშვილი უძღვებოდნენ. სამომავლოდ ვგეგმავთ, ამგვარი მასტერკლასი სამუსიკო ხელოვნებაშიც ჩავატაროთ. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, ჩვენს საორგანიზაციო გუნდს, ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, სტუმრებს, მონაწილე ბავშვებს, პედაგოგებს, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ახერხებდნენ რეგულარულ მეცადინეობებს და მაინც, ჩემდა გასაოცრად, წელს გამორჩეულად ძლიერი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. მადლობას გიხდით ჟიურის წევრებს ასეთი კომპეტენტური მუშაობისთვის. მე, როგორც პედაგოგს, მიყვარს კონკურსები, რადგან თავადაც მაინტერესებს ბავშვებთან ჩემი ნამუშევრის შეფასება. კონკურსს მრავალმხრივი დატვირთვა აქვს და ვფიქრობ, არა მარტო ბავშვებს სძენს ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ - პედაგოგებსაც, ის მეტი მოტივაციაა ბავშვებისთვის, საკუთარ თავზე უკეთ სამუშაოდ, ასევე, ამით ეცნობიან და ისმენენ საინტერესო კომპოზიციებს, აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს, პედაგოგებისთვის კი, მუშაობის მხრივ, იგი მეტი სტიმულია - უფრო მეტს აკეთებს, რათა მისი მოსწავლე უკეთ წარმოჩნდეს საზოგადოების წინაშე.

წლევანდელ კონკურსზე ორი გრან-პრი გავეცით - ჟიურის თანაბარი, უმაღლესი შეფასება ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა - ხობელმა ბარბარე ლოლუამ და ზუგდიდელმა ანანო ჯაბუამ დაიმსახურეს. წარმატებით წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე და საპრიზო ადგილები მოიპოვეს ჩხოროწყუს, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ-საკრავთა ჯგუფებმა, საესტრადო ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ინსტრუმენტალისტებმა.

ასევე, წელს დავაწესეთ და პირველად გავეცით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ღვაწლმოსილი დირექტორის, ბავშვებისა და ჩვენი ფესტივალის დიდი მეგობრის, აწ გარდაცვლილი ნინელი ჭითანავას სახელობის სპეციალური პრიზი - იგი გადაეცა ამავე სასახლის მუსიკალურ-თეატრალურ სტუდია "რიბირაბოს", რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და რომლის პედაგოგები ნათია ზარანდია და ეკა კერესელიძე არიან.

ფესტივალის შემოქმედები - ნინო მამფორია, ხმის რეჟისორი ლაშა თოდუა და რომეო ბულია

სხვათა შორის, სცენაზე ფესტივალის დამფუძნებელ-ორგანიზატორებიც დააჯილდოვეს - კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მურმან გამისონიამ ნინო მამფორიას, მანუჩარ სამუშიას, ქორეოგრაფებს - მაკა გვიჩიასა და რომეო ბულიას "ხელოვნების ალამდარის ორდენი" გადასცა.

თავისი განცდა და სიხარული გაგვიზიარა ერთ-ერთი გრან-პრის მფლობელმა, ზუგდიდის ანსამბლ "გინცის" წევრმა ანანო ჯაბუამ:

- დაჯილდოება რომ დაიწყო, შიშმა და მღელვარებამ ამიტანა. სიმართლე გითხრათ, გრან-პრის აღების არ მოველოდი, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტი მყავდა ჩემს კატეგორიაში. საოცარი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა ჩემი გვარის გამოცხადებამ. წამიერად გავშეშდი, არც კი მახსოვს, რა განვიცადე იმ წამს. ერთს ვიტყვი, საოცარი შეგრძნება იყო. იქ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები და იმ დღეს შეძენილი გულშემატკივრები, ასევე, პედაგოგები, რომლებსაც ჩემი იმედი ჰქონდათ. მიხარია, ეს წარმატება მე რომ მხვდა წილად, რადგან გული გავუხარე პედაგოგებს, ვინც დაუღალავად მუშაობდა ჩემთან. სტუდიაში ყოველდღიურად ერთად ვარჩევთ რეპერტუარს, რაც უფრო მეტად მოუხდება ჩემს ხმის ტემბრს. ვცდილობ, ყოველი არჩევნის დროს აზრი ნინო მასწავლებელს, ქალბატონ ნინო მამფორიას ვკითხო, რადგან მან უკეთ იცის, რა მომიხდება. სამომავლოდ უფრო მეტ მუშაობას ვაპირებ, რეპერტუარს გავაახლებ, კიდევ უფრო მეტ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, უფრო მეტი გამოცდილება რომ დავაგროვო.

ქართულ ქორეოგრაფიაში ბატონი შალვა გოგუაძის მიერ გულმოდგინედ ჩატარებული პრაქტიკული მასტერკლასის შემდეგ მასაც ვთხოვე შთაბეჭდილების გაზიარება: შალვა გოგუაძის მასტერკლასი - როდესაც უყურებ, რომ მონდომებულები არიან და ყველაფერს გულით აკეთებენ, ჩვენთვისაც სტიმულია, მით უფრო, რომ აქ ზრდასრული ადამიანები არიან, პედაგოგები, ვისაც საკუთარი ანსამბლები ჰყავთ, ცნობილები არიან და დიდ წარმატებებსაც აღწევენ. მადლობელი ვარ ფესტივალის ორგანიზატორების, განსაკუთრებით ჩემი კოლეგის - რომეო ბულიასი, რომ მომიწვია და ძალიან ნიჭიერ, ინტერესიან ქორეოგრაფებთან მომიხდა მუშაობა.

აქ ქორეოგრაფიის თეორიაში მასტერკლასის ჩასატარებლად ისეთი წონის პიროვნება ჰყავთ მოწვეული, რომელსაც უდიდესი შრომა და ღვაწლი აქვს ჩადებული ჩვენს საქმეში - ბატონ უჩა დვალიშვილს ვგულისხმობ, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს. ეს განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საქმისთვის, მაგრამ... შეიძლება ვკადნიერდები, ამას რომ ვამბობ, მაგრამ თუ ამ თეორიის სინთეზი არ მოხდა პრაქტიკასთან, შეიძლება ქართული ცეკვის ძალიან მნიშვნელოვანი მარგალიტები დაიკარგოს და ის საგანძური სრულყოფილად ვეღარ მოგაწოდოს.

აჭარიდან ვარ და მერვე კლასიდან, სამი წლის განმავლობაში დიდი ენვერ ხაბაძის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, იმ ადამიანის, ვინც უამრავი ცეკვა დადგა, მათ შორის იყო აჭარული სატრფიალო ცეკვა, რომელსაც თავადვე უწოდა "განდაგანა" და სცენაზეც პირველმა გამოიტანა; ჩემი გამზრდელი ქორეოგრაფია საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი რეზო ჭანიშვილი - 11 წელიწადის განმავლობაში ვცეკვავდი მის მიერ ჯემალ ჭკუასელთან ერთად ჩამოყალიბებულ ქუთაისის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; შემდეგ, 15 წლის განმავლობაში ვცეკვავდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხალხური ცეკვის აკადემიურ ანსამბლში. მქონდა ბედნიერება, ქალბატონი ნინოს მასტერკლასი გამევლო; ასევე, წლების განმავლობაში ბათუმის კორიფეებთან ერთად ვცეკვავდი და ვმუშაობდი... ანსამბლი "კავკასიონი" შევქმენი და საზღვარგარეთ კონტრაქტით მიგვიწვიეს - 5 წელი შოუებში ვმონაწილეობდით. მაგალითად, 8 თვე შვეიცარიაში დავყავით და იქ ჩვენი დირექტორი დიდი ჩარლი ჩაპლინის შვილი - ევგენი ჩაპლინი გახლდათ, შემდეგი საფრანგეთი იყო და ა.შ. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება დამიგროვა და წლებია, ბათუმში ბატონი ენვერ ხაბაძის სახ. სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი ვარ. ძალიან მსიამოვნებს, რომ ზუგდიდში სამეგრელოს ქორეოგრაფებთან მომიხდა მასტერკლასის ჩატარება. მასტერკლასის შემდეგ ქორეოგრაფები და ორგანიზატორები ახალგაზრდა ქორეოგრაფებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ტერმინოლოგიაც და ცეკვის კომპოზიციის დრამატურგიული გაშლაც. სამეგრელო, კოლხეთი მისტიკური მხარეა, მთელი კავკასია მისტიკაა და როდესაც, განსაკუთრებით, დიდ ანსამბლებში გიწევს მუშაობა, ცეკვების დადგმა, მეცნიერებაშიც უნდა ჩაიხედო, სათანადო განათლება და ცოდნაც უნდა გქონდეს. გარდა ამისა, მაგალითად, აჭარა მდიდარია სასცენო მოძრაობებით, რადგან ბევრი ინდივიდუალური მოცეკვავე გვყავდა ცეკვის საკუთარი მანერით, მაგრამ ასე მოკლე დროში აქ ყველაფერს ვერაფრით ვასწავლიდი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, თუმცა ვცდილობდი, ტექნიკურად დამენახვებინა, როგორ კეთდება ხელისა და ფეხის პროპორციები და ა.შ. ზოგადად, ძალიან მომწონს ფესტივალ "არტკოლხის" ეს წამოწყება და თუკი მასტერკლასები მართლაც დაემატება ამ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც პანდემიის გავლის შემდეგ კვლავ მიიღებს უცხოურ კოლექტივებს, ქართულ ხელოვნებასთან პრაქტიკულად ზიარების საშუალება მათ ქორეოგრაფებსაც მიეცემათ. თავად ფესტივალს მუდმივად განვითარებასა და დიდ წარმატებას ვუსურვებ.

(სპეციალურად საიტისთვის)