"ლეიბორისტულ პარტიას" ანტიკონსტიტუციურად, უტიფრად და უსამართლოდ მოექცნენ იმისთვის, რომ სრულად გაენაღდებინათ საარჩევნო კომისიებში ბალანსი" - კვირის პალიტრა

"ლეიბორისტულ პარტიას" ანტიკონსტიტუციურად, უტიფრად და უსამართლოდ მოექცნენ იმისთვის, რომ სრულად გაენაღდებინათ საარჩევნო კომისიებში ბალანსი"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებს.

როგორც ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეუძლებელია პრეზიდენტისთვის წარდგენილ კანდიდატებზე კონსენსუსი მოხდეს.

"ქართული ოცნება" რომ წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებს, ეს რა თქმა უნდა, გამოჩნდა და ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის. თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ მიშელის შეთანხმება იძლეოდა გარდატეხის რეალურ შესაძლებლობას "ქართული ოცნების" პირობებში, ეს იყო ან თავის მოტყუება, ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. "ქართულ ოცნებას" ყოველთვის ჰქონდა ამოცანა, რომ ადმინისტრაციაში მათი პოლიტიკური კონტროლის, ივანიშვილის რეჟიმის კონტროლის დომინაცია იყოს. ეს დავალება შესრულებული იქნება. პოლიტიკური დასჯის პრეცედენტისთვის და დომინაციის გასამყარებლად "ლეიბორისტულ პარტიას" ანტიკონსტიტუციურად, უტიფრად და უსამართლოდ მოექცნენ იმისთვის, რომ სრულად გაენაღდებინათ საარჩევნო კომისიებში ბალანსი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდია, რაც სამართლიან არჩევნებს აზიანებს, საბედნიეროდ, მხოლოდ მანდ არ წყდება გამარჯვების და ვადამდელი არჩევნების მოპოვების ბადი. ეს მაინც მიღწევადია მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის პირობებში. იმ ტიპის აქტიურობას უნდა მივაღწიოთ ივანიშვილის რეჟიმზე, რომელსაც ვერ გაანეიტრალებს არალეგიტიმური მეთოდებით. ეს არის შესაძლებელი, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, გვექნება რწმენა და მოვიპოვებთ მოქალაქეების ნდობას. შეუძლებელია ამ კანდიდატებზე კონსენსუსი მოხდეს, იმდენად ნათელი ვითარებაა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც ბოკერია აცხადებს, ქვეყანა კვლავ პოლიტიკურ კრიზისში რჩება, რადგან, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რეალურად არც დაწყებულა.

"კრიზისს განმუხტავს მხოლოდ მოქალაქეების აქტიურობა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებში და შემდეგ ვადამდელი არჩევნებით მათი ხელისუფლებიდან მშვიდობიანი ჩამოცილება. ეს იქნება კრიზისის განმუხტვის დასაწყისი", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.

"ინტერპრესნიუსი"