"დედოფალი ჯერჯერობით არ გვყავს, მაგრამ სადედოფლო არსებობს"
"ერთ-ერთ სასტუმროში კედელზე კიდია მირიან მეფის ფოტო. არავინ იცის, სინამდვილეში ის როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ მეგობრებმა, ძალიან ჰგავხარო. ამის შემდეგ ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე, საბო მეფეაო"
"გირჩმა" საკუთარი სამეფო დააარსა. ნაზირ-ვეზირებისა და მოურავების გარდა, არც მეტი, არც ნაკლები, მეფეც ჰყავთ - ჰერმან საბო. ვინ არის წარმომავლობით ჰერმან მეფე, რატომ მიიჩნევენ თავს ყველაზე ღირსეულ და ტრადიციულ პოლიტიკურ ძალად და რა არის მათი მიზანი? - სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ ჰერმანს.
- უნგრული წარმომავლობა მაქვს. ჩემი წინაპრები ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს ჩამოვიდნენ საქართველოში. ზაქათალის გენერალური გუბერნატორები ყოფილან, შემდეგ კი საქართველოში დარჩენილან. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მამა თეატრის რეჟისორი გახლდათ. გარდაიცვალა. დედა მოზარდ მაყურებელთა და ცხინვალის თეატრების მსახიობია. მყავს და, ასევე მსახიობი და ტანსაცმლის დიზაინერი. დავამთავრე მე-7 ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია, შემდეგ - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი.
- პოლიტიკაში მოსვლის სურვილი მაშინ გაგიჩნდათ? - უნივერსიტეტმა ეს სურვილი ვერ გამიღვიძა, არ იყო საინტერესო სწავლის პროცესი. ჩემი პირველი სამუშაო ოფიციანტობა იყო, მერე კი "გირჩში" მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტზე მოვხვდი. ერთ წელიწადში ეს ფუნქცია სხვას გადავაბარე და პოლიტიკოსობა გადავწყვიტე. ბევრ რამეში დაემთხვა ჩემი და "გირჩის" შეხედულებები. ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანის უფლებაა, საკუთარ თავს რაც უნდა ის უქნას, მთავარია, სხვა არ დააზიანოს. დაახლოებით 250 ვიდეო მაქვს გახმოვანებული ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, მორალზე, სოციალურ თემებზე, ასევე - ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ნობელიანტის 10-სერიიანი ფილმი "არჩევანის თავისუფლება". ასე შემოვედი პოლიტიკაში. 2018 წელს პარლამენტში ერთი ადგილი გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. შუალედურ არჩევნებში ვცადე ბედი და 4,76% ავიღე.
- რა არის "გირჩის" სამეფოს შექმნის მიზეზი და მიზანი? - ერთ-ერთ სასტუმროში კედელზე კიდია მირიან მეფის ფოტო. არავინ იცის, სინამდვილეში ის როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ მეგობრებმა - ძალიან ჰგავხარო. ამის შემდეგ ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე, საბო მეფეაო.
პარტიის გაყოფის მერე მე და ლევან ჯგერენაიამ, რომელიც ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახურია, ჩვენს თავზე ავიღეთ ძველი "გირჩის" კრიზისმენეჯერობა. ვიფიქრეთ, დაგვეწერა კონსტიტუცია, რათა გასაგები და მკაფიო ყოფილიყო, რა მორალურ პრინციპებზე იდგა ეს საზოგადოება. ამ მოდელით "გირჩის" საზოგადოება იმართება არჩეული საბჭოს მიერ. ეს არის კონსტიტუციური მონარქია, სადაც მე, როგორც მეფე და ლევანი, როგორც მთავარი მღვდელმსახური, ვიძლევით გარანტიას, რომ კონსტიტუცია მუდამ შესრულდება და თუ რამე ან ვინმე დაემუქრება ჩვენი საზოგადოების სტაბილურობას, ან მმართველი საბჭო ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციებს, მაშინ ერთპიროვნული მმართველები გავხდებით და ამ საზოგადოებას კონსტიტუციურ ფარგლებში დავაბრუნებთ. ასეთია ჩემი მეფობის ამბავი.
- თქვენი არაერთი აქტივობა - ბიბლიური თავისუფლება, შმაქსი, ბრძოლა მარიხუანას ლეგალიზებისთვის, ახლა ამ სამეფოს შექმნა საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. - ბევრს აღიზიანებს ჩვენი შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 000 ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება დავიცავით და არ მგონია, მათ, ვისაც ვეხმარებით, ამის გამო ეცინებოდეთ.
არც კანაფისა და ნარკოტიკების ლიბერალიზაციისთვის ჩვენი აქტიურობა მოსწონთ, მაგრამ სწორედ ამის წყალობით მოსაწევის მოხმარების გამო აღარავის იჭერენ. გასაგებია, რომ ჩვენს იდეებს ისეთი ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ტაშით არავინ შეეგებებოდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იცვლება ჩვენ მიმართ დამოკიდებულება, მივხვდებით, რომ მეტი ადამიანი იაზრებს, ამ ეპატაჟურობის უკან როგორი კონკრეტული მორალური პრინციპები დგას, თანაც - სწორი და ქრისტიანული პრინციპები.
- თუნდაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება სწორია? - ჯარში უნდა იმსახუროს ადამიანმა, ვისაც ეს მართლა უნდა. მეც გავიარე სავალდებულო სამხედრო სამსახური და ზუსტად ვიცი, რას ასწავლიან ან მატებს თუ არა ეს რამეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ერთადერთი ცოდნა, რაც ჯარიდან დამრჩა, არის ე.წ. შაგაობა. ის ფული, რომელიც ამ ახალგაზრდების მომზადებასა და აღჭურვაში იხარჯება, წყალს გატანებულია. რაკი ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა ვიყენებდეთ თანხას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გამოეყოფა.
"გირჩის" მთავარი პოსტულატია, რომ არ შეიძლება ძალადობა. რომ გაიძახიან, საქართველოს აუცილებლად სჭირდება კარგი თავდაცვაო, ეს საჩემო არგუმენტია და არა იმ ხალხის, ვინც ემხრობა ახალგაზრდების ჯარში გაწვევას იმ პერიოდში, როდესაც, წესით, პროფესიას უნდა ეუფლებოდნენ. "გირჩის" პრინციპია, რომ არ შეიძლება ადამიანებს დაავალო იმის კეთება, რაც არ უნდათ.
- საუბრისას თქვით, რომ სამეფოს შექმნა ერთგვარი გართობაც არის თქვენთვის. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკა არის ის სფერო, სადაც შეიძლება გაერთო და ასე აკეთო საქმე ან საქართველოს აქვს ამის ფუფუნება? - რატომაც არა! "გირჩი" ამის კარგი მაგალითია. რამდენი წელია, ვარსებობთ და თვე არ გავა, რამე ისეთი არ მოვიფიქროთ, რითაც, ერთი მხრივ, საქმეს გავაკეთებთ და, მეორე მხრივ, გავერთობით. ის მითი, რომ პოლიტიკოსი ძალიან სერიოზული და შარავანდედით მოსილი უნდა იყოს, რომელსაც მხოლოდ ჭკვიანური საუბარი შეეფერება, დასანგრევია და ამასაც ვცდილობთ.
ჩვენი წარმომადგენლები პარლამენტში თან ერთობიან და თან, თუ თვალს მიადევნებთ კომიტეტების სესიებს, ყველაზე მომზადებული არიან ნებისმიერ თემაზე საუბრისას. ასე რომ, პარლამენტი შეიძლება იყოს ერთდროულად გართობისა და საქმის კეთების ადგილი.
- ამბობდით, პარლამენტში მოსვლისას განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს გავაუქმებო, რატომ? - როდესაც განათლება ცენტრალიზებულია, ერთი ადამიანი წყვეტს, რა და როგორ ისწავლო და თუ განათლების მინისტრს რამე შეეშალა, მისი ეს შეცდომა 500 000 ბავშვზე გავრცელდება, შეცდომებისგან კი დაზღვეული არავინ არის.
ვაპირებთ გავხსნათ სკოლა, რომლის მსგავსიც საქართველოში არ იქნება - გვინდა ავიღოთ მსოფლიოში არსებული განათლების სისტემებიდან საუკეთესოები და გავაერთიანოთ. მაგალითად, მონტესორის მეთოდიდან ავიღებთ იმას, რომ ასაკობრივი ჯგუფების ნაცვლად ერთ სივრცეში იქნება შერეული ჯგუფები, არ იქნება სავალდებულო საგნები და ა.შ. მთავარი მიმართულება იქნება, აღმოვაჩინოთ ბავშვის ბუნებრივი ინტერესები და დავეხმაროთ, იპოვოს ბედნიერება. ვეცდებით, ყველა სკოლა გავათავისუფლოთ ზედამხედველობისგან. დღეს ხომ არავინ გეკითხებათ, რა საგნები გინდათ ასწავლონ თქვენს შვილებს ან როგორ სკოლაში გინდათ იარონ?
- ამბობთ, რომ ყველაფერიო ისე ხდება, როგორც ნამდვილ სახელმწიფოში - ხართ მეფე, გყავთ ნაზირ-ვეზირები, ატარებთ პერფორმანსებს ჩოხებში გამოწყობილები. ეს ყველაფერი ასოცირდება ტრადიციებთან, ისტორიასთან. მაინტერესებს, როგორია მეფის აზრი პრაიდთან და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით? - ძალადობა არ მოსულა, ასე ვერ ავაშენებთ საზოგადოებას, რომელიც მოახერხებს, შიდა თუ გარე მტერს გაუმკლავდეს. მეორე მხრივ, ეს მოძალადე ჯგუფები ფარისევლებიც გამოდიან - ეწინააღმდეგებიან დასავლურ ღირებულებებს და, ამავე დროს, დასავლური ღირებულებით შექმნილ კომფორტში ცხოვრება მოსწონთ. კი ბატონო, სხვა ქვეყნებშიც არის წინააღმდეგობა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ერთეული შემთხვევების გარდა, ადამიანები იქ ახერხებენ, ერთი ქუჩის ორ მხარეს იდგნენ, შუაში პოლიციის კორდონი არ დასჭირდეთ და თავიანთი სათქმელი თქვან. თუ არ მომწონს, შემიძლია დავდგე ქუჩის მეორე მხარეს და ხმამაღლა ვთქვა, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩემთვის მიუღებელია-მეთქი. მხოლოდ ამის უფლება შეიძლება მისცე თავს. ძალადობა არ შეიძლება. ეს ერთი ადამიანის პოტენციალსაც ანგრევს და ერის პოტენციალსაც.
- კარგი, სხვა რა აინტერესებს ჰერმან მეფეს და ჰყავს თუ არა "გირჩის" სამეფოს დედოფალი? - დედოფალი ჯერჯერობით არ გვყავს, მაგრამ სადედოფლო არსებობს. შეყვარებული ვარ. ინტერესებს რაც შეეხება, მიყვარს ფიზიკა და ტექნოლოგიები. სხვათა შორის, ძალიან მინდა ფიზიკის მასწავლებლობა. გატაცებული ვარ პროგრამირებით.
- სურვილის შემთხვევაში როგორ უნდა გავხდეთ თქვენი სამეფოს წევრები? - გვაქვს ჩვენი შიდა ვალუტა - ჯედი, რომლის შეძენაც გარკვეულ თანხად შეგიძლიათ. ერთი ჯედი მაინც უნდა გქონდეთ ანგარიშზე. ამის შემდეგ თქვენ დაეთანხმებით "გირჩის" კონსტიტუციას, შემოხვალთ ჩვენს ფეისბუკგვერდზე და გახდებით ჩვენი სამეფოს სრულუფლებიანი წევრი. შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ დავაში, შიდა სასამართლოში, მოხვდეთ მმართველ საბჭოში და მიიღოთ გადაწყვეტილებები. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვეცდებით, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭიროს მხარი. თუ ჩვენი გეგმების 10-20% მაინც შესრულდება, ადამიანებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში.
ნინო ჯავახიშვილი