როგორ დავხვდეთ "დაუპატიჟებელ სტუმრებს" - კვირის პალიტრა

როგორ დავხვდეთ "დაუპატიჟებელ სტუმრებს"

"ახლა ზაფხულია, ბავშვები ბევრ ოჯახს ქალაქგარეთ ჰყავს გაყვანილი და ისინი შესაძლოა წყლის გველს - ანკარას გადააწყდნენ. წყლის ანკარა იშვიათად იკბინება, თანაც მისი ნაკბენი საშიში არ არის. 95 პროცენტი გველი ან გველისმაგვარი, რომელსაც ხალხი ნახულობს, უშხამოა"

ივლისის პირველ რიცხვებში სოცქსელით შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა: ბერი გაბრიელის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მობინადრემ კონდიციონერში გველი იპოვა. "კონდიციონერი 2015 წელს დავაყენეთ. რამდენიმე კვირის წინ შევნიშნე, რომ წყლის მილი მოტეხილი იყო და ხელოსანი გამოვიძახე, რომელმაც გველი მალევე შეამჩნია. კიდევ კარგი, ჩემმა ძმამ და მისმა მეგობარმა დაიჭირეს და პარკში ჩასვეს. ერთი საათი ვრეკავდით ცხელ ხაზზე, მაგრამ არავინ გვიპასუხა. ბოლოს იძულებული გავხდით მოგვეკლა", - წერს მოქალაქე, რომელმაც ფოტოებიც ატვირთა.

გველები თბილისის სხვა უბნებშიც იპოვეს... როგორ მოვიქცეთ, როგორ დავხვდეთ "დაუპატიჟებელ სტუმრებს", რომლებიც უსიამოვნო "სიურპრიზებს" გვიწყობენ? - ამ საკითხზე სასაუბროდ ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ დავით თარხნიშვილს მივმართეთ, რომელიც 40 წელია ქვეწარმავლებს და ამფიბიებს შეისწავლის:

- განსაკუთრებული არაფერი ხდება, მსგავსი რამ ყოველ წელიწადს ხდებოდა და ხდება, მოსახლეობაში კი უსაფუძვლო პანიკა იწყება. ძალიან დაბალია ალბათობა, რომ თბილისში გველი საცხოვრებელ სახლში შევიდეს. შესაძლოა ანკარა შეძვრეს სადმე, მაგრამ ეს ხდება გარეუბანში, ან ისეთ ადგილას, სადაც ახლოს ბუნებაა. რაც მთავარია, საქართველოში გავრცელებული გველების 99% უშხამოა.

- ვისაც გველების შიში აქვს, ამაზე ნაკლებად ფიქრობს! - გველების შიში ოჯახიდან მოდის, რადგან ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ, რომ ის სახიფათოა. რეალურად, საშიში არაფერია: როცა ქვეწარმავალს დაინახავთ, შეიძლება ჯოხით აიღოთ და ეზოში გადააგდოთ, ისიც, თავის გზაზე წავა.

- მაგრამ ხომ არიან შხამიანი გველებიც? - საქართველოში ერთადერთი სიცოცხლისთვის სახიფათო გველი გვხვდება - გიურზა. დანარჩენები შხამიანები არ არიან. თანაც ხშირად ადამიანები გველისმაგვარ ცხოველებს ხვდებიან და მათი ეშინიათ. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ გველხოკერა - უფეხო ხვლიკი, რომელიც სრულიად უვნებელია, თბილისის მიდამოებში ბინადრობს და ძალიან ჰგავს გველს. ასევე ხშირია ჩვენში ორი სახეობის გველი - ჩვეულებრივი და წყლის ანკარა - ორივე უშხამო და უსაფრთხოა.

- ამბობენ, რომ თბილისში გიურზაც ნახეს. - გიურზა უფრო თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ივრის ზეგანზე გვხვდება, ამიტომ შეიძლება გამოჩნდეს თბილისის სამხრეთით მდებარე უბნებში.

გიურზა არა მარტო ადამიანისთვისაა სახიფათო, არამედ შინაური ცხოველებისთვის. ვისაც ავი ძაღლი ჰყავს, შეიძლება გიურზამ დაკბინოს და მოკლას კიდეც. თუ ამ გველს დაინახავთ, ცხადია, თავი უნდა მოარიდოთ, თუმცა მე არ მსმენია, გიურზა ოდესმე საცხოვრებელ სახლში შემძვრალიყოს. უფრო ეზოებში ნახულობენ, მაგრამ ძალიან იშვიათად. ასეთ დროს სპეციალურ სამსახურში უნდა დარეკოთ, დაიჭერენ და ბუნებაში გაუშვებენ.

თუ მაინც გიკბინათ, საავადმყოფოს უნდა მიმართოთ. იქ სპეციალურ ვაქცინას - ანტიგიურზინს გაგიკეთებენ. ერთადერთი, რაც შეიძლება თავად გააკეთოთ, შხამის ნაწილი მაინც უნდა ამოწოვოთ. მეორე გზაა, დაკბენილმა ანტიალერგიული საშუალება მიიღოს, ეს შეიძლება იყოს დექსამეტაზონის ინიექცია, სუპრასტინის ტაბლეტები და სხვა ანტიალერგიული წამლები. ეს აუცილებელია, რომ გველის შხამის გამო პაციენტს ანაფილაქსიური შოკი არ განუვითარდეს. ზოგჯერ ადამიანი ალერგიულია და ამის შესახებ არც კი იცის, ის შეიძლება უეცრად ჩავარდეს შოკში და დაიღუპოს. ამის მერე ნაკბენთან ქამარი ან თოკი უნდა შემოიჭიროთ, ოღონდ ისე არა, რომ სისხლის მოძრაობა შეჩერდეს - ეს უარესია. დაკბენილმა ადამიანმა არ უნდა იმოძრაოს, რაც შეიძლება მშვიდად იწვეს და ბევრი სითხე მიიღოს. ეს აუცილებელია, რომ თირკმელები ამუშავდეს, რადგან თირკმელებს ორგანიზმიდან შხამი გამოჰყავს.

დაახლოებით 40 წლის წინ ვაშლოვნის ნაკრძალში ვიყავით ექსპედიციაზე. გიურზას ვიჭერდი და უეცრად მიკბინა. ნაკბენი ადგილი ოდნავ გავიჭერი და შხამი მე თვითონ ამოვწოვე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ამ სიტუაციაში საავადმყოფოში არ მივიდეს. ზოგჯერ ადამიანებს გველგესლებიც კბენენ, მაგრამ გველგესლას ნაკბენი სიცოცხლისთვის იმდენად საშიში არ არის, როგორიც გიურზას ნაკბენია.

- მაღალ სართულზე თუ შეუძლია გველს აცოცება? - რამდენიმე წლის წინ წენგოსფერი მცურავი ნახეს მესამე თუ მეოთხე სართულზე, მაგრამ ის უშხამოა და ადამიანს მხოლოდ მაშინ კბენს, თუ ის ხელით შეეხება. თუ უკბინა, შეიძლება მხოლოდ კანი გაუკაწროს. ეს საშიში არ არის, შეიძლება მხოლოდ იოდი წაისვათ. ახლა ზაფხულია, ბავშვები ბევრ ოჯახს ქალაქგარეთ ჰყავს გაყვანილი და ისინი შესაძლოა ანკარას გადააწყდნენ. წყლის ანკარა იშვიათად იკბინება, თანაც მისი ნაკბენი საშიში არ არის. 95 პროცენტი გველი ან გველისმაგვარი, რომელსაც ხალხი ნახულობს, უშხამოა.

- ხუთიოდე წლის წინ მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ერთ-ერთ ოჯახს ყოველდღე ათეულობით გველი "სტუმრობდა". ეს რა მოვლენაა? - შეიძლება იმ სახლის ახლოს ბინა დაიდეს, ერთად გამოიზამთრეს და გაზაფხულზე რომ დათბა, გამოვიდნენ. ასეთ დროს ზოგიერთი გოგირდს ახრჩოლებს, რაც ზედმეტია. დაუშვებელია ისიც, კუს ტბაზე ხეებს და ბალახებს რომ წამლავენ, რადგან ხალხს იქ მობინადრე უშხამო ქვეწარმავლების შიში აქვს. ეს მავნებლობაა, რადგან ამ დროს უამრავი ფუტკარი და სასარგებლო მწერი იღუპება.

- ხვლიკებზე რას გვეტყვით, რომლებსაც უფრო ხშირად ნახულობენ? - ხვლიკები აბსოლუტურად უვნებელი არსებები არიან. მათთან შედარებით თაგვი უფრო საშიშია, რადგან კბენის შემთხვევაში შეიძლება ადამიანს რაღაც დაავადებები გადასდოს. ხვლიკები, რომელსაც პოულობენ, ჩვეულებრივი სახლის ხვლიკები არიან. ისინი მავნე მწერებს იჭერენ და მათ რაოდენობას ამცირებენ. ის არც შხამიანია და არც საშიში, როგორც ბევრს ჰგონია.

ხათუნა ჩიგოგიძე