"ახლა შეიძლება ისეთი რეალობა მივიღოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველდღე მოუწიოს ევროკავშირის დროშის აღმართვამ"
"ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკონტროლოდ მიუშვა ქუჩაში ხალხი"
გულწრფელად აღშფოთებული საზოგადოება თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია? ეს კითხვა საზოგადოებას მას შემდეგ დაებადა, რაც ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებზე "ნადირობა" გააჩაღეს. 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. "ძნელია თქმა, 5 ივლისის ამბები იყო თუ არა დაგეგმილი, თუმცა პროვოკაციული ელემენტებით უცილობლად იყო გაჯერებული", - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. რა იდგა რეალურად 5 ივლისის დაპირისპირების უკან, რატომ იქცნენ ჟურნალისტები აგრესიის სამიზნედ, ხელისუფლებამ მედია არ დაიცვა თუ ვერ დაიცვა და როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრა:
- დარწმუნებული ვარ, ორივე დაპირისპირებულ მხარეს, ლგბტ თემში, ასევე მათ მოწინააღმდეგეებში მრავლად იყვნენ მართული პირები. როდესაც პრაიდის მსგავს ღონისძიებას ვგეგმავთ, მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, პოლიტიკური მიზანშეწონილობაც არ უნდა დავივიწყოთ და გავითვალისწინოთ საზოგადოების განწყობა. დღეს ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი პრაიდის მიღებისთვის მზად არ არის. ნუ გვავიწყდება, რომ სულ რაღაც 30 წლის წინ ნებისმიერი რამ, რაც კი ლგბტ თემს უკავშირდებოდა, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. ჩემი და ჩემი მომდევნო თაობა ასეთ რეალობაში გაიზარდა. ჩვენ დღეს არც ისეთი დამოუკიდებელი ვართ და არც იმდენად დაცული გარე ძალების ჩარევისგან, რომ ეს არ გავითვალისწინოთ. თუ იცი, რომ შენს ორგანიზებულ ღონისძიებას ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, ისიც იცი, რომ ამ დაძაბულობას მტრულად განწყობილი ძალები გამოიყენებენ და შენ მაინც არ იხევ უკან, ესე იგი, მიზანმიმართულად მტრობ ქვეყანას. როგორ ერთ, ისე მეორე მხარეს უთუოდ უამრავი პროვოკატორი იყო. არ ვამბობ, რომ ლგბტ თემმა თავისი უფლებებისთვის არ უნდა იბრძოლოს. იბრძოლონ, მაგრამ მეთოდურად და ნელ-ნელა, ქვეყნის ჯანჯღარის გარეშე. გულწრფელად ვთქვათ, სულ რაღაც 10-15 წლის წინ ლგბტ თემზე ტელევიზიით ამდენი საუბარი წარმოუდგენელი იყო. ესე იგი, პროგრესი არის, ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ თუ ნახტომის გაკეთებას მოინდომებ, უნდა იცოდე, რომ შეიძლება უფსკრულში ჩავარდე.
5 და 6 ივლისის ამბებმა ძალიან შემაშფოთა. 90-იანი წლები დამიდგა თვალწინ, ქუჩა მაშინაც ასეთი უკონტროლო იყო.
- პრაიდი არ შედგა, ლგბტ თემს არავინ შეხებია, მაგრამ ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სცემეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორს, ფოტოგრაფს, გაანადგურეს ტექნიკა და პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს. რატომ გახდა აგრესიის სამიზნე ევროკავშირის დროშა და ჟურნალისტები? - როდესაც პრაიდი არ შედგა, ჯავრი ჟურნალისტებზე იყარეს. საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ შორის ხელისუფლებასაც, თავისუფალი სიტყვის არსი არც ესმით და არც აინტერესებთ. ვერ გეტყვით, რომ დღეს მედია თავისუფალია, მაგრამ ერთი ცენტრიდან მაინც არ იმართება და დიდ უხერხულობას უქმნის ხელისუფლებას.
5 ივლისს ერთი ან ორი, თუნდაც სამი-ოთხი ჟურნალისტი რომ მოხვედრილიყო "გაუგებრობაში", ვიფიქრებდით, რომ გაბრაზებულ მოქალაქეებს შემოელახათ, მაგრამ მთელ ჟურნალისტურ კორპუსს შეუტიეს. თუ ეს წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა არ იყო, ყოველ ნაბიჯზე როგორ უნდა გალახულიყვნენ ჟურნალისტები?!
დამრჩა შთაბეჭდილება, მოძალადეებმა იცოდნენ, რომ ჟურნალისტების ცემისთვის არ დაისჯებოდნენ. როგორც ჩანს, ახლა ეს ხალხი დაუსჯელი ვერ დარჩება და ძალიანაც კარგი, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ გარანტია ჰქონდათ მიცემული.
დღეს ხელისუფლება ცდილობს სხვისი ხელით მართოს პროცესები. პირდაპირ ვერაფერში დაადანაშაულებ, მაგრამ ხომ ცხადია, ამ ყველაფრის უკან მმართველი გუნდი დგას.
- ამ შემთხვევაში ის ჟურნალისტებიც გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, რომლებიც თვალში საცემად ლოიალურად არიან განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ. - ამდენ გალახულ ჟურნალისტს შორის "იმედისა" და პირველი არხის ჟურნალისტებიც რომ არ აღმოჩენილიყვნენ, ძალიან თვალსაჩინო იქნებოდა და თავის მართლებას ვეღარ მოახერხებდნენ. ხელისუფლება დიდად არც იდარდებდა "იმედისა" და სხვა ლოიალური ჟურნალისტების გალახვას. თავი რომ დავანებოთ პრემიერს, რომელმაც, ფაქტობრივად, უარი თქვა უფლებამოსილების შესრულებაზე, ნუთუ სახელმწიფო იმდენად სუსტია, რომ რამდენიმე ასეული კაცის, მათ შორის პროვოკატორების ალაგმვა ვერ შეძლო? თუ ასეთ წვრილ პროვოკაციას ვერ უმკლავდება, საგარეო საფრთხეებს როგორ გაუმკლავდება? ბევრი ფაქტორი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ ხელი დაიბანა და განზე გადგა.
- ამ მოვლენებს ექსპრემიერი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქეები. რამდენად გულწრფელი იყო, როდესაც სახელმწიფოს უუნარობაზე საუბრობდა? - მისი განცხადება ცოტა უცნაურად მომეჩვენა. ხელისუფლება გადაწყვეტილების მიუღებლობაში დაადანაშაულა, არადა, ჩვენ გვახსოვს, რომ მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის გაცდენილი იყო ზომიერების ფარგლებს, ხან ბოდიშებს იხდიდა და ხან არაადეკვატურ ძალას იყენებდა. მისი გადაწყვეტილებები არ თავსდებოდა კანონის ჩარჩოებში.
- საბოლოოდ ვინ დარჩა წაგებული? - წაგებული ყოველთვის ხელისუფლებაა.
შეიძლება საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, ჟურნალისტები მართლა საცემები არიანო, მაგრამ იმას არ დაიჯერებენ, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ხელი არ ურევია. როდესაც ხელისუფლება კარგავს ელექტორატს, მისი საყრდენი ძალოვანი სტრუქტურები ხდება. ფორმებია სხვადასხვა - თუ სააკაშვილის ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას სპეცრაზმის უხეში ძალით ცდილობდა, "ოცნება" კომბინირებულად მოქმედებს, ხან შეფარვით იყენებს პოლიციურ ძალას, ხანაც სხვისი ხელით ცდილობს ეკლის მოკრეფას.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ამ პროცესით დასავლეთის დისკრედიტაცია მოხდა. - IPN-ზე წავიკითხე ერთი რუსი ბლოგერის ინტერვიუ, რომელშიც აღფრთოვანებული ჰყვებოდა, როგორ გაარტყეს სილა დასავლეთს ქართველმა მართლმადიდებლებმა და უარი თქვეს დასავლურ გარყვნილებაზე. ეს მიზანმიმართული პროვოკაციის გაგრძელებაა.
რუსეთი საქართველოდან არასდროს წასულა. კრემლის გავლენა დღემდე ძლიერია ჩვენს ქვეყანაში, რუსული გავლენა დღესაც მოქმედებს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, არასამთავრობოებში... რუსული საცეცები ყველგანაა.
- მათ შორის ლგბტ თემშიც? - რა თქმა უნდა. რუსეთი ძალიან კარგად იყენებს დასავლეთში არსებულ სიტუაციას. ეს ჩვენ არ გვყავს რუსები შესწავლილი, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რაზე როგორ ვრეაგირებთ და რა უნდა გააკეთონ, რომ ჩვენთან დასავლეთის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორჯერ ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა. დროშის ჩამომგდების ქცევა პირდაპირ რუსულ ნარატივში რომ ჯდებოდა, ვინმეს ეჭვი ეპარება? დავანებოთ თავი ამ დროშის ჩამომგდებს. თუ მე მაქვს უფლება პროდასავლური შეხედულება მქონდეს, სხვასაც აქვს უფლება პრორუსული განწყობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში პრობლემა ისევ ხელისუფლებაშია. ევროკავშირის დროშის, ანუ დასავლური ღირებულებების სიმბოლოს ჩამოგდებას, პირველ ჯერზე არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, შედეგად კიდევ გაიმეორეს.
ახლა შეიძლება ისეთი რეალობა მივიღოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველდღე მოუწიოს ევროკავშირის დროშის აღმართვამ. ვისაც მოუნდება, ისევ ჩამოხევს...
- რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ბოლოდროინდელი პროვოკაციების, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების შედეგად ქვეყანამ შეცვალოს დეკლარირებული კურსი? - 30 წელია რუსეთი დასავლეთის დისკრედიტაციას ცდილობს, 30 წელია პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ საზოგადოების სრულ უმრავლესობას არ სურს რუსეთი. ახალ თაობაში ხომ საერთოდ მოხსნილია რუსული ფაქტორი. შესაძლოა ლგბტ თემი და პრაიდები ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მოსწონთ დასავლური ცივილიზაცია, ცხოვრების წესი, დემოკრატიული ღირებულებები და ამას ევროკავშირის დროშის ჩამოხევა და ლბგტ პროპაგანდა ვერ შეაკავებს.
- მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დასავლეთი გაიგივდეს ქართველებისთვის მიუღებელ ცხოვრების წესთან და ხაზი გაესვას რუსეთის ერთმორწმუნეობას, საერთო ქრისტიანულ ტრადიციებს... - ახლა სურათს სხვა მხრივ შევხედოთ. რამდენად მასობრივია ანტიდასავლური განწყობები და რუსეთის რომანტიზება. ლგბტ თემის პროპაგანდას ნამდვილად აქვს ეფექტი, მაგრამ ეს მოკლევადიანია და ჩვენს დასავლურ განწყობას ვერ შეცვლის.
- ვერ ვიტყოდი, რომ პრორუსულად განწყობილი საზოგადოების რიცხვი არ იზრდება. შესაძლოა ამას სავალალო ნიშნულამდე ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ მაინც საყურადღებოა. - მაგალითისთვის ისტორიულ პარალელს გავავლებ. გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ძალიან ცოტა ბოლშევიკი იყო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ რუსული არმიისთვის შემოჭრის საშუალება მიეცათ. დღესაც არ არის გამორიცხული, რომ ასეთივე გეგმა კრემლში ისევ მუშავდებოდეს. ამიტომ არ შეიძლება ამის წაყრუება. ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკონტროლოდ მიუშვა ქუჩაში ხალხი. ამ ამბავში ძალიან ცუდი როლი შეასრულა ეკლესიამაც. მესმის, რომ საპატრიარქოში ახლა დიდი დაპირისპირებაა პატრიარქის ტახტისთვის, მაგრამ არსებობს ქვეყნის ინტერესები... ძალიან რთული პერიოდი გველის წინ - თვითმმართველობის არჩევნები და შესაძლოა ხელისუფლებამ ეს პროცესი სწორედ საარჩევნოდ გამოიყენოს. როგორ?
არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ შექმნას ილუზია, რომ არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხების შემთხვევაში ქვეყანაში 90-იანი წლების მსგავსი არეულობა დაიწყება და ასე მოახერხოს 43%-იანი მხარდაჭერის მოპოვება.
- ამ პროცესებისგან ოპოზიციის გამიჯვნის მცდელობას როგორ ახსნით? - ოპოზიცია ძალიან დაბნეულია. პატარა პარტიები, გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ხელახალი არჩევნები ხელს არ აძლევთ. შესაბამისად, ვერ ჩამოყალიბდნენ, რა აწყობთ. გაცილებით უნდა ეაქტიურათ არა ლგბტ თემის, არამედ ჟურნალისტების მხარდასაჭერად. ვერაფრით ვხვდები, რატომ გაუშვეს ეს თემა ხელიდან.
ხათუნა ბახტურიძე