"5 ივლისს ორგანიზებული დანაშაული მოხდა"
"ჩერგოლეიშვილის კომენტარებს არც ვკითხულობთ. არ გვაინტერესებს ეგ ადამიანი, არც მისი აზრები"
"პროცესი იყო მძიმე და არა სპონტანური. ეს ამბავი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა", - ასე აფასებს 5 ივლისის მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისი აზრით, ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორი საარჩევნო კამპანია ექნება "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებისთვის. "როგორც ჩანს, მმართველი გუნდის დასაყრდენი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წახალისებული შავრაზმელთა ბანდები იქნებიან. ჩემდა სამწუხაროდ, საპატრიარქოშიც მოიძებნებიან პირები, რომლებიც ამ ძალადობრივ პროცესში არიან ჩართული", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი.
- ჩვენ ვნახეთ, როგორ დასდევდნენ და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, ბავშვებზე და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ყველა ქვეყანაში ხელისუფლებაა ვალდებული აღკვეთოს ძალადობა და ექსტრემიზმი.
- გომელაური ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესების ასეთი განვითარებისთვის მზად არ იყო. პოლიცია "თბილისი პრაიდის" დასაცავად ემზადებოდა და ვერ წარმოიდგენდნენ, თუ ჟურნალისტებზე იძალადებდნენ. - სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, პირველი პოლიციელიც ვიყავი უკრაინაში და ვიცი, როგორ უნდა დაიცვას პოლიციამ მოქალაქეები.
ჩვენ უკრაინაში ღირსების მარში ისე ჩავატარეთ, არც ერთი მოქალაქის უფლება და ღირსება არ შელახულა. როდესაც მინისტრი ამბობს, ძალები სათანადოდ ვერ გადავანაწილეთო, გარდა იმისა, რომ ინსტიტუციას შეურაცხყოფს, ცრუობს კიდეც. პოლიციამ ძალიან კარგად იცოდა, რომელი ჯგუფი სად იმყოფებოდა და სად იყო ძალადობის მთავარი კერა. თავმოყვარე შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს.
5 ივლისს ორგანიზებული დანაშაული მოხდა. თუ უახლოეს დღეებში პოლიცია ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით არ დააპატიმრებს დამნაშავეებს, ესე იგი გომელაური ხელს იბანს სიტუაციისგან. მე მასზე მაღალი წარმოდგენის არა ვარ და არ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელია, მაგრამ იმას აღარ ველოდი, რომ პოლიციას შეურაცხყოფდა. დიახ, მან განზე განდგომითა და თავისი განცხადებებით შეურაცხყო პოლიცია, მთელი სისტემა. პოლიცია უნდა იყოს უპირველესი უსაფრთხოების გარანტი ყველა მოქალაქისთვის. რატომ არის პოლიცია ასეთ ცუდ დღეში? სხვა ბევრ მიზეზს შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
სწორედ მისმა განცხადებებმა აუნთო მწვანე შუქი მოძალადეებს. ღარიბაშვილის შავრაზმული განცხადებები და დავალება პირველი არ არის. როდესაც ის პირველად იყო პრემიერ-მინისტრი, მისი ბრძანებით "ნაციონალური მოძრაობის" 40 ოფისი დაარბიეს. სამწუხაროდ, მას მხარს უბამენ სასულიერო პირებიც. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ 5 ივლისს აშკარად დავინახეთ, როგორ გაიმარჯვა პუტინისტურმა რუსეთმა ჰიბრიდული ომის შედეგად.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს ამ განცხადებას საპატრიარქოსა და მრევლის მწვავე გამოხმაურება მოჰყვება? - არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ საპატრიარქოში არიან რადიკალური ძალები, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, ღმერთმა დაგვიფაროს, ასე იყოს. უფრო მეტიც, საპატრიარქოს ვმიჯნავ ეკლესიისგან. ჰიბრიდული ომის ნაწილი არის ის, რომ ხელისუფლებამ არ აღკვეთოს ძალადობა, საშუალება მისცეს სხვადასხვა ჯგუფის დაპირისპირებას და ამით დაასხას წყალი რუსეთის ინტერესების წისქვილს. რუსეთი ასეთი მეთოდებით ცდილობს საქართველოდან დასავლეთის განდევნას.
- ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა უკმაყოფილია იმის გამო, რომ მათთვის ურთულეს მომენტში ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა ქუჩაში არ გამოვიდა. თქვენ სად იყავით? - 5 ივლისს, მაშინ როდესაც შავრაზმელები ჟურნალისტებს არბევდნენ, მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად ფიზიკურად გადავეფარებოდი მათ, ვისაც სცემდნენ. თუმცა ზუსტად ვიცი, არც მე დამინდობდნენ. ნიკა მელიამაც თქვა, თუ რატომ არ იყო 5 ივლისს რუსთაველის პროსპექტზე. ჩვენ მართლა გვქონდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. ჩვენი პარტიიდან სხვა ლიდერები ნამდვილად იყვნენ იქ. ჩვენთვის ადამიანის გამოხატვის უფლებები, თავისუფლება ნამდვილად უზენაესია.
- ნიკა მელია ახსენეთ და, საინტერესოა, რას ფიქრობთ ჩერგოლეიშვილის კომენტარზე, როდესაც ის ასეთ რამეს ამბობს: "ოღონდაცა რა! კოჭლი გაპრავება მოუფიქრებია. დედაქალაქის მერობა რომ გინდა, ორკები დაარბევენ და მეორე დღეს იმალები... მიშა რომ ამბობს, იმიტომ არ ჩამოვედი, არეულობა არ მინდაო, მაგის ჩინური ვერსიაა ეს არგუმენტი". - ჩერგოლეიშვილის კომენტარებზე ფიქრი კი არა, არც ვკითხულობთ. არ გვაინტერესებს ეგ ადამიანი, არც მისი აზრები.
ხათუნა ბახტურიძე