"ქუჩაში ჩვენი გამოსვლა შეიძლება სიტუაციის გამწვავების მიზეზი გამხდარიყო"
"როდესაც პოლიტიკურ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, არ შეიძლება ასეთ მომენტში დაიმალო... თუ არ ვცდები, 5 ივლისს, ჩემ გარდა, არც ერთი პარტიის თავმჯდომარეს არ ჰქონია კომუნიკაცია ჟურნალისტებთან"
"ფრაქცია - შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიის მუშაკებზე ძალადობას კატეგორიულად გმობენ და ამ საკითხზე შს მინისტრს პარლამენტში კიდევ ერთხელ დაიბარებენ. გვესაუბრება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
- ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, ვინც 5 ივლისს სიტუაციის გართულებიდანვე საჯაროდ აკეთებდა განცხადებას. სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით, ამ საკითხს პრესკონფერენციაც მივუძღვენით. ქუჩაში ჩვენი გამოსვლა შეიძლება სიტუაციის გამწვავების მიზეზი გამხდარიყო. პოლიციელებს არაერთგზის მოვუწოდეთ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ. როდესაც პოლიტიკურ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, არ შეიძლება ასეთ მომენტში დაიმალო და პოზიცია არ გამოხატო. თუ არ ვცდები, 5 ივლისს, ჩემ გარდა, არც ერთი პარტიის თავმჯდომარეს არ ჰქონია კომუნიკაცია ჟურნალისტებთან. პარლამენტშიც მხოლოდ ჩვენი ფრაქცია იყო და განცხადებებსაც ვაკეთებდით.
- თქვენი აზრით, რა მოხდა 5 ივლისს რუსთაველის პროსპექტზე? - ეს დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო. კონკრეტულ ჯგუფებს კონკრეტული დავალებები ჰქონდათ. ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, ვინ რომელ ოფისში უნდა შევარდნილიყო და რომელ ჟურნალისტს დასხმოდა თავს.
- ამას გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობთ?
- არა, დაკვირვების შედეგად... ქაოსურად არაფერი ხდებოდა, მცირე დაჯგუფებები ორგანიზებულად მოქმედებდნენ. გომელაურთან გვაქვს ძალიან მარტივი შეკითხვები: რატომ ვერ დაიცვა შსს-მ მოქალაქეები, ჟურნალისტები და რატომ ჰყავდა ნებაზე მიშვებული გავეშებული ხალხი? როდესაც პრევენციულ ღონისძიებას არ მიმართავ, მოძალადეები ფიქრობენ, რომ ყველაფერი გაუვათ და უფრო ძალადობენ.
- რატომ არ იღებს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივას თუნდაც იმ მიზნით, რომ საბოლოოდ გაირკვეს, 5 ივლისს ქუჩაში გულწრფელად გაბრაზებული ხალხი გამოვიდა თუ დაგეგმილი პროვოკაცია იყო? - რა გულწრფელად გაბრაზებული ხალხი? ყველაფრის თავიდათავი იყო "ოცნება". ამაზე მეტყველებს ღარიბაშვილისა და კობახიძის წამქეზებლური განცხადებებიც. მესმის, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, უბრალოდ, სხვების უფლებები არ უნდა დაარღვიო, აგრესიული არ უნდა იყო და განსხვავებული პოზიციის მქონეთ თავს არ უნდა ესხმოდე.
იმ გავეშებულმა ბრბომ არ დაინდო პოლონელი ტურისტიც, რომელიც საქართველოში დავითგარეჯის სანახავად და გადასაღებად იყო ჩამოსული, დღისით, მზისით, დაჭრეს. მე საავადმყოფოში ვინახულე, შოკირებული იყო, მეკითხებოდა, ხომ არ იცით, რას მერჩოდა ის კაცი, სამჯერ რომ დამარტყა დანაო.
- რისთვის უნდა დასჭირვებოდა ასეთი სპეცოპერაცია ხელისუფლებას, რა მოიგო ამით? - ასე დაიწყო "ოცნებამ" საარჩევნო კამპანია. კარგი გამოცდილება აქვს მიღებული, როგორ უნდა მოიგოს არჩევნები რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერით.
ახლაც ეროვნულ და სარწმუნოებრივ გრძნობებზე თამაშით აპირებს ფონს გასვლას და 43%-იანი მხარდაჭერის მოპოვებას.
- ამ ვითარების შესაბამისად თქვენი სტრატეგიაც ხომ არ იცვლება? - არა, ჩვენ სტრატეგიას არ ვცვლით, ჩვენ ორი მთავარი ხაზი გვაქვს - "ოცნების" მხილება და ამას ვაკეთებ ახლაც, როდესაც გესაუბრებით. აჭარაში ვარ, ქობულეთში ვხვდები მოქალაქეებს, რომლებსაც მიწებს არ უფორმებენ, ვიღაცას მათი ქონების დაპატრონება სურს. მეტი სიახლოვე ხალხთან - ეს იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგია. მოსახლეობას აუცილებლად დავარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ამას წინ ეღობება "ოცნება" კორუმპირებული სისტემით.
- ოპოზიციის ნაწილმა გამარჯვებად ჩათვალა ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა. კომისიამ უკვე წარადგინა ახალი კანდიდატები: გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, და გიორგი სანტურიანი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. "სტრატეგია აღმაშენებელი" დაუჭერს მათ მხარს? - მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ცესკოს მომავალ თავმჯდომარეს სტრესტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი და საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე დამტკიცებული უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, შეუძლია მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება. ამ ორიდან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. გუნდში ვიმსჯელებთ ამაზე, მაგრამ მე მგონია, რომ მხარს არ დავუჭერთ.
- თქვენ ბოიკოტს უცხადებთ მოსამართლეების დანიშვნას და არ ესწრებით პარლამენტში მათ მოსმენებს. როგორ აპირებთ დანაქადების შესრულებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლეების დანიშვნას არ დაუშვებდით? - ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია - უცხოელ მოსამართლეთა პანელი. ეს მოდელი აპრობირებულია უკრაინასა და ალბანეთში. ამაზე ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან და გვინდა ეს რეფორმები წინა პირობად დაერთოს საქართველოსთვის თანხების გადმორიცხვას. ვგულისხმობ საქართველოს მაკროეკონომიკური მხარდაჭერისთვის განსაზღვრულ თანხებს. ამასთან, ოქტომბერში იწყება სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და უნდა ვიმუშაოთ, რომ პროგრამის დაწყება წინა პირობად დაედოს მართლმსაჯულების გამოსწორებას.
- მაგრამ ეს ყველაფერი მოსამართლეების დანიშვნას ხომ ვერ შეაჩერებს? - ვერ შეაჩერებს, მაგრამ არსებობს პრაქტიკა, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლეებიც გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ვენეციის კომისიამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლეების შერჩევა ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც სჭირდება მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას.
ხათუნა ბახტურიძე