"უბედურებამ გვერდი მხოლოდ იმიტომ ამიარა, რომ ახლო ადამიანების სიყვარულით ვიყავი გარემოცული"
რუსეთის გაზეთ "სობესედნიკის" (Собеседник) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნანი ბრეგვაძესთან - "საქართველოში უკეთესობის იმედით ვცხოვრობ" (ესაუბრება ოლეგ პერანოვი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით: "მიმდინარე წელს, 21 ივლისს, სსრ კავშირის სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე 85 წლის ხდება. ასაკს იგი არ მალავს, თუმცა აღიარებს, რომ ადრე თავისი წლოვანების გამხელის ერიდებოდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნანი გიორგის ასული თავის საყვარელ საქართველოში ცხოვრობს და სამშობლო ქვეყანას დედამიწის ზურგზე ყველაზე საუკეთესო ადგილად თვლის.
- ქალბატონო ნანი, როგორი გრძნობით იხსენებთ საბჭოთა კავშირს?
- იმ პერიოდის ცუდად მოხსენიება არ შემიძლია. ჩვენ ხომ ერთ დიდ მეგობრულ ოჯახად ვცხოვრობდით, სხვადასხვა ხალხებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები არსებობდა. არავინ ელოდა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავკარგავდით. ეს ძალიან საწყენია. რა თქმა უნდა, ზოგი რამ უკეთესობისაკენ შეიცვალა, ჩვენ უფრო თავისუფლები გავხდით, აღარ არის ცენზურა, რაც საბჭოთა დროს არსებობდა. თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ასეთი ყველაფრის უფლებით უზრუნველყოფაც სწორი არ არის - ადამიანები ილანძღებიან, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ..
- ანუ თქვენ საბჭოთა ცენზურა ხელს გიშლიდათ? - პირადად მე - არა. იცით, მე ხომ სიმღერებს მხოლოდ სიყვარულზე ვმღეროდი, რუსულ რომანსებს და არავინ არაფერში შარს არ მდებდა. ამ მხრივ თავისუფალი ვიყავი.
- 1991 წლის აგვისტოს მოსკოვის პუტჩის დროს სად იყავით? - საქართველოში. ჩვენ ძალიან ვდარდობდით. საერთოდ, პოლიტიკაში ნაკლებად ვარ ჩახედული, ჩემთვის მთავარია, რომ სიწყნარე და მშვიდობა იყოს. შესაძლოა, იმ პუტჩმა რაღაც კარგი ცვლილებაც მოიტანა უკეთესობისაკენ, არ ვიცი... ჩემთვის ძალიან ძნელია ამაზე მსჯელობა. ჩვენთანაც იყო რევოლუციები, მაგალითად, როცა ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოვიდა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა. იმ დროს ყველას დიდი იმედები გვქონდა და უკეთესი მომავლის გვჯეროდა. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ რუსეთთან კონფლიქტი გვექნებოდა, რაც უკიდურესად არასასიამოვნო ფაქტია. მეორე მხრივ, როცა შენი მიწა ოკუპირებულია - აფხაზეთი, "სამხრეთ ოსეთი" - როგორ უნდა შეხედო ამ სიტუაციას? ახლა ჩვენ არც აფხაზეთში და არც ცხინვალში ჩასვლა არ შეგვიძლია, როგორც კი ფეხს დავდგამთ, დაგვიჭერენ. ეს საშინელებაა!
- თქვენ ხომ გთავაზობდნენ მოსკოვში საცხოვრებლად გადმოსვლას? - დიახ, ასეთი წინადადებები იყო, თავის დროზე მე მოსკოვში ბინაც კი ვიყიდე და სახლი შვიდი წლის განმავლობაში ჩემი იყო, შემდეგ კი - გავყიდე. მე რუსეთში ბინადრობის უფლებაც კი მქონდა... მაგრამ ჩემი სამშობლო მიყვარს, ჩემთვის საქართველოზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ლამაზი ბუნება, როგორც ჩვენთანაა, არსად მინახავს.
- თქვენ ხომ არ ძრახავთ იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში საცხოვრებლად წამოვიდნენ? მაგალითად, მომღერალ თამარ გვერდწითელს... - რა თქმა უნდა, არა! ყველას აქვს უფლება, ისე გააკეთოს, როგორც მოესურვება და როგორც საჭიროდ თვლის. მე რა უფლება მაქვს ვინმე დავძრახო? თამარი შესანიშნავი ქალია, მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მატერიალური თვალსაზრისით, უფრო უკეთესი მდგომარეობა გაქვთ? - რასაკვირველია. იმ დროს მე დიდ სოლო კონცერტში 48 მანეთს მიხდიდნენ და ნორმალური ხელფასი რომ მქონოდა, დღეში სამი კონცერტი მაინც უნდა ჩამეტარებინა. მე არ ვწუწუნებ, მყოფნიდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჰონორარები შედარებით უფრო გაიზარდა. საერთოდ, ფულის მოყვარული და ფულს გამოდევნებული არასდროს ვყოფილვარ, არ ვაგროვებდი, არ ვცდილობდი, დიდი ხელფასისთვის მემუშავა. დედაჩემი მარიგებდა, რომ ამ ცხოვრებაში ფული მთავარი არ არის, მთავარია, წესიერი ადამიანი იყო. იცით, როცა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, მე თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, რადგან იმ დროს ჯერ 50 წლისაც კი არ ვიყავი. მე რატომ ამომირჩიეს, ახლაც არ ვიცი. უკვე ჩემს შემდეგ ეს წოდება მიიღეს იოსებ კობზონმა, ედიტა პიეხამ. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა, მეც გამოვდიოდი იმ კონცერტებზე, რომლებსაც მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. მახსოვს, სკკპ ცეკას გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელსაც აფხაზეთში დასვენება უყვარდა ხოლმე, ერთხელ მკითხა: "რა გქვიათ? ნანი? ესე იგი, მე ნონიას დაგიძახებთ. მიმღერე, გეთაყვა, რომელიმე რომანსი". სენტიმენტალური ადამიანი იყო. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ახლოს არ ვყოფილვარ, მათთან ურთიერთობას თავს ვარიდებდი, შორს ვიდექი და არაფერს ვთხოვდი. ისინი მოდიან და მიდიან, მაყურებელი კი შენთან დიდი ხნის განმავლობაში რჩება...
- რუსეთში სახალხო არტისტის წოდების მქონე ხელოვნების მუშაკებს პენსიაზე დამატებით თანხებს უხდიან. საქართველოში როგორ არის ამ მხრივ საქმე? - ჩვენთან მსგავსი რამ არ არსებობს. მე ჩვეულებრივ პენსიას ვიღებ. შეიძლება რაღაც მომავალში შეიცვალოს...
"დღემდე სცენაზე თრთოლვით გამოვდივარ"
- ქალბატონო ნანი, როგორც ცხოვრობს დღეს საქართველო? - მგონია, რომ ძალიან ცუდად. ყველაფერი მუდმივად იცვლება. სულ მალე ჩვენთან არჩევნები ჩატარდება და ველოდებით - ალბათ, სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება... ჯერჯერობით კი ყველგან სიტუაციას ძალოვანები მართავენ. სხვათა შორის, გავიგე, რომ რუსეთშიც ასე ხდება... საქართველოში ძალიან მდიდარი მიწაა, საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარება, როგორც ადრე იყო. მაგრამ მე იმედს მაინც არ ვკარგავ, იმედის გარეშე ადამიანი შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. მომავლის უნდა გვეიმედებოდეს. სინამდვილეში კი გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დღით ვცხოვრობთ. იცით, საბჭოთა კავშირის დროს ხვალინდელი დღის გვჯეროდა, იყო გარკვეული სტაბილურობა, ახლა კი... მე მგონი, ადამიანებმა დაივიწყეს ისეთი ცნებები, როგორიცაა სინდისი და წესიერება.. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი მხოლოდ იმას ფიქრობს, ვინ რაში მოატყუოს, თავისი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააგოს... ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა.
- თქვენ უყურებთ რუსეთის ტელევიზიის გადაცემებს? - რა თქმა უნდა. ჩვენთან [თავისუფლად] ვუყურებთ თქვენს ტელეარხებს, ყოველთვის მაინტერესებს, როგორ ცხოვრობთ. ზოგჯერ დავნაღვლიანდები ხოლმე, მაგრამ ქართულ ტელევიზიაშიც ბევრი ნეგატივია. სხვათა შორის, ჩემი შვილი - ეკატერინა, რომელიც, ასევე, მომღერალია, მალე წაიყვანს მუსიკალურ ტელეგადაცემას.
- მალე იუბილარი იქნებით... ასაკი თუ დაგიმალავთ? - ახლა აღარ ვმალავ, უკვე 85 წლისა ვარ... ოდესღაც ნამდვილად ვმალავდი, ვცრუობდი, შემდეგ კი მე თვითონ დამავიწყდა, რამდენი წლის ვარ... ახლა ვფიქრობ: ადამიანმა საკუთარი წლოვანებით უნდა იამაყოს. მე კარგი, ღირსეული ცხოვრებით ვიცხოვრე. ვფიქრობ, ადამიანები კარგად მიყურებენ, მაფასებენ, საზოგადოებას ვუყვარვარ. ამჟამად საქართველოში კონცერტების სერიის ჩასატარებლად ვემზადები. ცხადია, ხმა ისეთი აღარ მაქვს, როგორიც ადრე მქონდა, მაგრამ სცენაზე რაღაცის გაკეთება ჯერ კიდევ შემიძლია... მთავარია, რომ გრძნობები დარჩა, რაც რომანსების მღერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 40 წლის ვიყავი, როცა ანსამბლ "ორერას" შემდეგ სოლო კარიერა დავიწყე და რომანსების შესრულებას შევუდექი. რომანსი - ეს სულია, ემოციებია, დაკარგული სიყვარულია. ვერასდროს შეძლებ ყოველთვის ერთნაირად შესრულებას, ყოველთვის რაღაც ახალი გრძნობა ჩნდება. იცით, რა არის საკვირველი? როცა 50 წლის გავხდი, მაშინ მივხვდი, თუ რაზე ვმღერი... დღემდე სცენაზე თრთოლვით გამოვდივარ. საკუთარ თავში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, მეჩვენებოდა, რომ შეიძლებოდა, უკეთესად მემღერა. მე ჩემი სიმღერის მოსმენა არ შემიძლია. ერთხელ დირიჟორმა იური თემირხანოვმა ასე მითხრა: "იცი, ჩემი საკუთარი ჩანაწერის მოსმენა არ შემიძლია. მგონია, რომ ეს ძალიან ცუდია!". აი, ამას დიდი დირიჟორი ამბობდა! მეც ვფიქრობ, რომ ნამდვილი შემოქმედი საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ეჭვიანი უნდა იყოს.
"იყო შემთხვევა..."
- პარიზში გასტროლების შემდეგ შესაბამის ორგანოებში დამიძახეს გასაუბრების მიზნით. ვერაფერი გავიგე, რას და რატომ მეკითხებოდნენ. ბოლოს პირდაპირი ტექსტით მითხრეს: "ჩვენ ვფიქრობდით, რომ იქ დარჩებოდი". "მე? სადღაც დავრჩებოდი? ასე რატომ იფიქრეთ?" თანამშრომელმა დაინახა, რომ ამას გულწრფელად ვამბობდი, არ ვიტყუებოდი, ოთახიდან გამოსვლისას გამომყვა და ამიხსნა, რომ ჩემზე, თურმე, ვიღაცებს "ანონიმკა" (ანონიმური წერილი) დაუწერიათ... ახლა ვფიქრობ, რომ მე უბედურებამ გვერდი მხოლოდ იმიტომ ამიარა, რომ ახლო ადამიანების სიყვარულით ვიყავი გარემოცული. მათი სიყვარული ფარივით მიცავდა". (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ