"პრაიდიც" და მეორე მხარეც, ორივე მხარეს რუსები დგანან"
"იცით, პრაიდზე რა აზრის ვარ? უცხოელები ხომ იდგნენ უკან, მას აბსოლუტურად რუსები მართავდნენ, აქეთაც რუსები იყვნენ. ისინი გვირევენ ქვეყანას. "პრაიდიც" და მეორე მხარეც, ორივე მხარეს რუსები დგანან", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგელობის ტვირთი იმ ხალხის მიმართ არის, "ვინც "პრაიდის" უკან იდგა".
"სამწუხაროდ, ის ხალხი, რომელიც ჩვენი, ეკლესიის გარეშე კონტრაქციაზე იყო გამოსული, ჩვენსას არ მოისმენდა. მე რომ ვყოფილიყავი, ვეცდებოდი მეთქვა, რომ არ ეძალადათ, მაგრამ რა გავაკეთო, იქ არ ვიყავი. პასუხისმგელობის ტვირთი იმ ხალხის მიმართ არის, ვინც "პრაიდის" უკან იდგა. იმათ რატომ არ ეკითხებით, ვინც აძალებდა, ჩაატარეთ, ჩაატარეთო?
ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. ხომ ეუბნებოდნენ სხვა ადგილასო, რატომ აღიზიანებდნენ ხალხს? რა გგონიათ, ეს ხვალ რომ მოხდეს, ევროკონვენციებს და გაეროს შეხედავს ხალხი? ხალხი მათ მისაღებად არ არის მზად, ხომ ხედავთ? არ უნდა ამის მიღება. სადაც მოსწონდათ, იქ მიიღეს და საქართველოში არ მიიღებს ხალხი.
პრაიდი რომ გამოსულიყო, უარესი მოხდებოდა. ერთი ის არის, რომ ჟურნალისტები გამოგირჩიეს. არადა, თქვენ რა შუაში ხართ? იმათ შორის რომ მომხდარიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ჟურნალისტებთან ეს ვერ ვხვდები რა საჭიროა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.