ლორე-ტაშირის "ქვათა ღაღადი"
ოთხი წლის წინ, სომხეთში მოგზაურობა რომ გადავწყვიტე, ნაცნობმა მოგზაურებმა პირველივე დაბრკოლებად მომახალეს, თუ აზერბაიჯანის ბეჭედი გაქვს პასპორტში, ან არ გაგიშვებენ, ან დიდხანს გაყურყუტებენ საბაჟოზეო. არადა - მქონდა! სომხეთის საკონსულოში დამაიმედეს, არაფერი მოხდებაო და გავრისკე - ჯგუფში 17-ნი ვიყავით და ყველა მზად იყო, ორი-სამი თანამგზავრის გამო (ვინც ჩემს დღეში იყო) შეფერხებულიყო კიდეც საზღვარზე. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდით, რომ ეს რამდენიმეწუთიანი შეფერხება და საბაჟოზე დაკითხვა-გამოკითხვა მხოლოდ პროლოგი თუ იქნებოდა. მთავარი შეფერხება უკანა გზაზე გველოდა, სრულიად უმტკივნეულო მიზეზის - სამახსოვროდ და სილამაზისთვის პატარა ტომარაში ჩაყრილი ოფსიდიანი ქვების გამო, რომელსაც სომეხი მებაჟეები, ათასნაირი შემოწმების, მძღოლის გაწამებისა და ჩვენი ნერვიულობის შემდეგ, მაინც ჩამოგვართმევდნენ... ეს უკვე მოგზაურობის ეპილოგი იყო, რომელსაც უკვე ღიმილით ვიხსენებ, რადგან დაძაბულობას წინ შესანიშნავი მოგზაურობა უძღოდა.
თანამგზავრების ნაწილს პირველად ვხედავდი, რამდენიმე მათგანი ჩემი "ალთუნ სიმუსად" წოდებული მეგობარი იყო ტაო-კლარჯეთ-თურქეთის სათავგადასავლო ამბებიდან, სამიც - ფშავ-ხევსურეთ-იმერეთის მოგზაურობებიდან, თუმცა გაუცხოება არავის გვიგრძნია და, საბოლოოდ, უცნობი ადამიანების ნაწილი ამ თავგადასავალმაც დაგვაახლოვა. ბოლოს და ბოლოს, ორი ღამე და სამი დღე საკმაოდ საინტერესოდ გავატარეთ ერთ ანუ ლორე-ტაშირ-სომხეთის ცის, ბაჩოს მიკროავტობუსისა და ერევნის ჰოსტელის ორი ოთახის ჭერქვეშ... ამ მრავალფეროვან "საცხოვრებელში" არც გადარბენით ჭამა-სმა გვაკლდა, არც ღამის ორიგინალური მუსიკალური გაფორმება ნამდვილი რეგენტით და არც ღამისთევა თუ უთენია - ცოცხალი მაღვიძარები.
ამჯერადაც შესანიშნავი მძღოლი გვყავდა - ბაჩო, პროფესიონალი და, ალბათ, ტრადიციულ მძღოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მომთმენი და მშვიდი... ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყოველთვის გვიმართლებს. ჯგუფს ჩემი ერთ-ერთი მოგზაურობის თანამგზავრი ლაშა გაბელია ხელმძღვანელობდა - მიკროავტობუსში ჩასხდომისთანავე სათითაოდ დაგვირიგა ფურცლებზე ამობეჭდილი სანახაობების ჩამონათვალი და ძეგლების მოკლე ისტორია. გადავკვეთეთ საქართველო-სომხეთის საზღვარი და... კვლავ ჩვენი ულამაზესი "საქართველო" შემოგვეგება - ლორე-ტაშირის ქართული მიწა, საუკუნეების განმავლობაში ქართველების სისხლით მორწყული. ამ სისხლის კვალი იყო, კრწანისის დარად, ყაყაჩოებით წითლად აბიბინებული ტაშირიც, ყვავილები ხალიჩასავით რომ გადაჰკვროდა იქაურობას. მხოლოდ ფოტოებს ვიღებდით, თორემ ერთი ყაყაჩოც არ მოგვიწყვეტია - ერთმანეთს არ განვდობილვართ, მაგრამ, რატომღაც მგონია, ყველანი სწორედ ერთს ვფიქრობდით - იმ მდელოებიდან ყაყაჩოს მოწყვეტით, თითქოს, ჩვენს სახელიან თუ უსახელოდ დაღუპულ წინაპრებს ვატკენდით რამეს...
მდინარე დებედას ულამაზესი ხეობა ქართულ-სომხური მოსახლეობით ყოფილა დასახლებული და ქართველი და სომეხი მეფეებიც მისთვის ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს. IX-X საუკუნეებში ეს კუთხე სომეხ ბაგრატუნიანებს ჩაუგდიათ ხელში, 1113-1118 წლებში კი დავით აღმაშენებელმა შემოუერთა საქართველოს და მას შემდეგ, 1921 წლამდე ანუ საქართველოს გასაბჭოებამდე ჩვენი ქვეყნის ტერიტორია იყო. იქაური სისხლისფერი ყაყაჩოები კი ჩემთვის, უპირველესად, გასული საუკუნის დასაწყისის - 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველების დაღვრილი სისხლის სიმბოლო უფრო იყო, ვიდრე - საუკუნეების წინანდელის...
პირველად ახტალის მონასტერს ვესტუმრეთ. ეს ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ლორეს პროვინციაში მდებარეობს და ძალიან ახლოსაა საქართველო-სომხეთის საზღვართან. მონასტრის ეზოს გარს ციხის გალავანი აქვს შემორტყმული. ერთ დროს უძლიერესი ციხესიმაგრე საუკუნეების განმავლობაში საუკეთესოდ იცავდა, თურმე, საქართველოს სამხრეთ საზღვარს, დღეს კი ნაწილობრივ დანგრეულია, იმაზე მეტად, ვიდრე 2011 წლის ზაფხულში, ჩემს კოლეგებთან ერთად ლორეში მოგზაურობისას რომ დამხვდა... ვერ წარმოიდგენთ, მაინც რა საუცხოო სილამაზეა ირგვლივ! ლორეში პირველი სტუმრობაც საუცხოო იყო - ახტალის მონასტრის ფრესკების ფერებითა და სილამაზით აღფრთოვანება იოტისოდენადაც არ გამნელებია. ეკლესიის გვერდით მდგომი თუთის ხის ნაყოფის სიტკბოც კი მახსოვდა... მაშინ ლორეში გაცილებით მეტი ქართული ძეგლი ვნახეთ, ამჯერად კი მათკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე სამუშაოებმა შეგვაფერხა... თუმცა ულამაზეს ახტალაში, და არა მარტო იქ, ხომ მაინც მოვხვდით! რომ მივედით, ციხის კარიბჭე დაკეტილი დაგვხვდა და შეძრომა მოგვიხდა, მაგრამ ეკლესიის ჩარაზულ კარში კი ვერაფრით შევაღწევდით, მე და ქრისტინე საბაშვილი - ჩვენი ჯგუფის ხელოვნებათმცოდნე წევრი ფოტოგადაღებას რომ არ შევეფერხებინეთ. ვიდრე არემარეს ვიღებდით, ხოლო ჩვენს "მეხრედ" ქცეული ზურა ცდილობდა, როგორმე მონასტრის ტერიტორიიდან გამოვეყვანეთ, სომხებმა ეკლესიის გასაღებიც მოიტანეს და კარიც გაგვიღეს.
ციხესიმაგრე შემოვლებულ ამ სამონასტრო კომპლექსს X საუკუნით ათარიღებენ, თუმცა ცნობილია, რომ მანამდე აქ ვახტანგ გორგასალს დაუარსებია საეპისკოპოსო კათედრა და ასწლეულების განმავლობაში იგი ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერას წარმოადგენდა. მონასტრის აღორძინება XIII საუკუნის დასაწყისს უკავშირდება, როდესაც თამარ მეფის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდგვაროვნების - ივანე მხარგრძელისა და მისი ვაჟის - ავაგის ღვაწლით მონასტრის აღმშენებლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ცნობილია, რომ ივანეც და ავაგიც სამონასტრო კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერში არიან დაკრძალულები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი საფლავის ქვა შემორჩენილი არ არის. რამდენიმე ქართველი თავადის საფლავის ქვა ვნახეთ საკურთხეველთან ახლოს.
მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი XIII-XIV საუკუნეებშია აგებული, ხოლო ულამაზესი და, საბედნიეროდ, კარგად შემონახული ფრესკებით დამშვენებული ჯვარ-გუმბათოვანი მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და XIII საუკუნეს მიეკუთვნება. ფრესკებზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ძირითადად, საქართველოს ეკლესიის წმინდანები არიან გამოსახულნი - წმ. ნინო, წმ. იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფე ასურელი მამები, წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმ. ილარიონ ქართველი, წმინდა მღვდელმთავრები...
ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. მონასტრის ტერიტორიაზე მრავლადაა ულამაზესი ქართული წარწერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, საუკუნეების განმავლობაში როგორ ჩქეფდა ცხოვრება ახტალაში...
აქ დღესაც "ცხოვრობენ", ოღონდ... ჯვარგუმბათოვან ტაძარს დღეს გუმბათი აღარ აქვს, უკანასკნელ პერიოდში მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც სომხურად გადაუხურავთ... სომხეთის სამოციქულო ეკლესია მიიჩნევს, რომ ახტალა ქალკედონიკი სომხების აშენებულია და იქ ქართული არაფერია, ხოლო ახტალის მთავარ ტაძარში წლებია, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მღვდელი წირავს. ტაძრის ცენტრში მლოცველი სომხებისთვის მერხებია ჩამწკრივებული...
გაგრძელება მომდევნო ბლოგში
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს