"ტყუილად ნურავის ექნება მცდელობა, რომ ლექსოს სახელი თავისი ბინძური პიარ-კამპანიისთვის გამოიყენოს"
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ სხდომებზე და რაღაც კანონპროექტების მუხლობრივ განხილვას დავიწყებთ, ძალიან ცდებიან - ტყუილად ნურავის ექნება მცდელობა, რომ ლექსოს სახელი თავისი ბინძური პიარ-კამპანიისთვის გამოიყენოს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ტვ "პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სახლთან განაცხადა, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა არც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და არც კონკრეტული მედიასაშუალების ტრაგედია არ არის, ეს ყველას ეხება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
"დღეს უმძიმესი დღე არის არა მხოლოდ ლექსოს ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ ტრაგედიის ფონზე ხელისუფლება სამარცხვინოდ ცდილობს უბინძურესი ვერსიის წამოყენებას და ლექსოს სახელის შებღალვას. იმას ვერ ხვდებიან, რომ ლექსოს სახელის შებღალვით თითოეული მოქალაქის, თითოეული ჟურნალისტის სახელი იბღალება. ტყუილად ნურავის ნუ ექნება მცდელობა, რომ ლექსოს სახელი თავისი ბინძური პიარ-კამპანიისთვის გამოიყენოს. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგედიაში. "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს ყველა ბერკეტს რაც მის ხელში არსებობს - ეს არის საპარლამენტო, ქუჩის აქციები თუ სხვა, რათა ჩვენ მივიდეთ საბოლოო მიზნამდე და დავადგინოთ სიმართლე და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ლექსოს დაღუპვაში.
ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთანაც, რადგან ეს არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ბრძოლა, ან კონკრეტული მედიასაშუალების ბრძოლა - ეს არის ყველას ბრძოლა და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ სხდომებზე და რაღაც კანონპროექტების მუხლობრივ განხილვას დავიწყებთ, ძალიან ცდებიან. ახლა ნამდვილად არ არის ამის დრო. ჩვენ გუშინ გამოვაცხადეთ, რომ შევალთ საკანონმდებლო ორგანოში სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იქნება, სხვა სხდომებს ამ ეტაპზე ჩვენ არ დავესწრებით, მაგრამ ყველა ის საკითხი, რომელიც დადგება დღის წესრიგში, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს ამ საქმის გამოძიებამდე და დამნაშავის დასჯამდე - ყველა ამ საკითხში მონაწილეობას მივიღებთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.
გარდაცვლილ ოპერატორს დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ პირველიის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.