"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ასაზრდოებენ, "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენ უნდა დავამარცხოთ!
"დღეს რასაც ვუყურებ, "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ასაზრდოებენ, სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ და ეს მარწმუნებს, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის - ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელმაც პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაამარცხოს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სიმართლე ის არის, რომ "ოცნებას" დღეს ამის ძალა არ შესწევს.
გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად გამოსავალი პოლიტიკაში კეთილსინდისიერი ახალგაზრდებისთვის გზის გახსნაა.
"ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდები - ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა პოლიტიკაში - კეთილსინდისიერს და პროფესიონალი ახალგაზრდებს. სიაში პირველი იქნებიან ახალგაზრდები, მერობის კანდიდატები და საკრებულოს კანდიდატები იქნებიან ახალგაზრდები. არ გამოვა სხვანაირად - ეს ერთი და იგივე სახეები, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უნდა დავივიწყოთ. სამწუხაროდ ახალგაზრდები ამას რომ უყურებენ - ამ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, ცემას, ტყეპას, იმ ქაოსს რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა, როდესაც შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა. როგორ შეიძლება ორმა ადამიანმა ფიზიკური მუშტი-კრივით გადაწყვიტოს, ერთმანეთს დაუმტკიცოს ვინ უფრო მართალია, ან ვის უფრო უყვარს სამშობლო, ან ვინ უფრო რელიგიურია - ეს შეუძლებელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალადობა შობს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას, სხვას არაფერს. ეს არის ის, როგორც რიგით ქართველ მოქალაქეს ეკარგება იმედი და რწმენა სახელმწიფოსი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს სისტემური პრობლემაა." - განაცხადა გიორგი გახარიამ.