"ვერ გაიზარდა ჩვენი საზოგადოება მენტალურად, "თინეიჯერობის" ასაკში ვართ ჩარჩენილები, ამიტომ, ასეთი ცირკები კიდევ ბევრი იქნება" - კვირის პალიტრა

"ვერ გაიზარდა ჩვენი საზოგადოება მენტალურად, "თინეიჯერობის" ასაკში ვართ ჩარჩენილები, ამიტომ, ასეთი ცირკები კიდევ ბევრი იქნება"

5 ივლისი, დღე, როდესაც 53 ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პოლიტიკური სპეკულაციების და ახალი შეთქმულების თეორიების შექმნის მიზეზი გახდა. რა მოხდა სინამდვილეში 5 ივლისს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამის შესახებ ანალიტიკოსები ვახტანგ ძაბირაძე და თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე:

- 5 ივლისის მოვლენების დრამატულ განვითარებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, "თბილისი-პრაიდის" ორგანიზატორები და "პრაიდის" მოწინააღმდეგები. დიახ, ყველა ერთად და თითოეული - ცალ-ცალკე. როდესაც პრაიდის მსგავს ღონისძიებას ვგეგმავთ, მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, საზოგადოებაში არსებული განწყობებიც უნდა გავითვალისწინოთ და ვაღიაროთ, რომ დღეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი "პრაიდის" მიღებისთვის მზად არ არის.

ჩემი ვერსიით, როგორც "პრაიდის" ორგანიზატორებს, ისე - მის მოწინააღმდეგებს შორის მრავლად იყვნენ პროვოკატორები. "პრაიდის" ორგანიზატორებს შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ლგბტქ+ თემის უფლებები საერთოდ არ ადარდებთ და მეორე მხარესაც იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეროვნული იდენტობა და ქართველობა მეათე ხარისხოვანია. კი, ბატონო, იბრძოლოს ლგბტქ+ თემმა თავისი უფლებებისთვის, მაგრამ გააკეთონ ეს ნელა, მეთოდურად და არა -  ქვეყნის ჯანჯღარით. ნახეთ, რა მოხდა? საბოლოოდ, "პრაიდი" არ შედგა, ლგბტ თემს არავინ შეხებია, მაგრამ ჟურნალისტებს დაერივნენ. რა შუაში იყვნენ ჟურნალისტები?

- ოპოზიციასა და ჟურნალისტების ნაწილს აქვს ვერსია, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტები კრიტიკის გამო დასაჯა? - მეც ასე მგონია. ცხადია, "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ჟურნალისტების ცემისთვის არ დაისჯებოდნენ. როგორც ჩანს, ახლა ეს ხალხი დაუსჯელი ვერ დარჩება, მაგრამ ისე თამამად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ, რომ ინსტრუქციაც ჰქონდათ მიცემული და გარანტიებიც.

- ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ჟურნალისტებიც ხომ დაზარალდნენ?

- მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები რომ ეცემათ, ეს უკვე ძალიან თვალში საცემი იქნებოდა.

თორნიკე შარაშენიძე:

- ჩემი აზრით, ამჯერადაც შეთქმულების თეორიებთან გვაქვს საქმე, მგონია, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ "პრაიდის" ჩატარება წამგებიანი იქნებოდა და კარგი იქნებოდა, თუ რუსთაველზე "პრაიდის" მოწინააღმდეგეები გამოვიდოდნენ. ვერ გათვალეს, რომ ეს მოწინააღმდეგეები სრულ ველურობას გამოიჩენდნენ და ჟურნალისტებს დაერეოდნენ. სისულელე მგონია ვერსია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება იდგა ჟურნალისტების დარბევის უკან. ამ ფაქტით ყველაზე მეტად თავად დაზარალდენ, რაში აწყობდათ ჟურნალისტების დარბევა?! მე მგონია, რომ არ აწყობდათ.

- შეთქმულების თეორიები ამით არ ამოიწურება, გავრცელდა მოსაზრება, რომ "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის დასაფინანსებლად დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსეთიდან ჩამოიტანა ფული, რომ ამ საქმეში ლევან ვასაძის ხელიც ურევია და ის ახლა კვალის ასარევად გაემგზავრა საქართველოდან... - გამორიცხული არ არის, შეიძლება დიმიტრი ლორთქიფანიძემ მართლა ჩამოიტანა რუსეთიდან ფული. უბრალოდ, ეს არ ცვლის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს. მმართველ გუნდს რომ წარმოადგენ, უნდა გათვალო, რომ ბრბო ჟურნალისტებს დაერევა.

- საზოგადოების მოთხოვნას, გადამდგარიყო პოსტიდან პრემიერი, ღარიბაშვილმა არც კი უპასუხა, უფრო მეტიც, მეორე სამუშაო დღე თეა წულუკიანის დაწინაურებით დაიწყო.

- რატომ უნდა გადამდგარიყო ღარიბაშვილი? პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ ვერ დავინახეთ უკმაყოფლო საზოგადოების აზვირთებული ტალღა, ძირითადად, უკმაყოფილო ჟურნალისტები და აქტივისტები გამოვიდნენ აქციაზე.

- ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც პრემიერმა, ამ შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების, ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. ერთ დღეში გაილახა მედიის 53 წარმომადგენელი, რაც ომსა და კონფლიქტის ზონებშიც კი არ მომხდარა. - ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ვიგულისხმე ის, რომ ღარიბაშვილი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შიშით თანამდებობას არ დატოვებდა. ამით ღარიბაშვილს კი არა, ვერავის შეაშინებდნენ.

- თქვენი ვერსიით, რატომ გამოუცხადა ხალხმა სოლიდარობა ჟურნალისტების სამართლიან პროტესტს?

- რთული ასახსნელია. ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ეს არ იყო ბევრი. ალბათ, იმიტომ, რომ საპროტესტო აქციას ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები ჩაუდგნენ სათავეში. მათ ჰყავთ თავიანთი მაყურებელი და, შესაბამისად, მხარდამჭერებიც, მაგრამ ჰყავთ მოწინააღმდეგეებიც. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" გულშემატკივრები ოპოზიციურ მედიას მხარს არ დაუჭერდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად საპროტესტოდ სრულიად ქართული მედია არ არის გამოსული.

- თუმცა, პროტესტის პირველ დღეს მართლაც ერთად დადგა სრულიად ქართული მედია.

- კი, მაგრამ მეორე დღესვე, როგორც კი პოლიტიკურ მოთხოვნებსა და ისტერიკებში გადაიზარდა, ვიღაც-ვიღაცები პროცესს გამოერიდნენ.

- პროცესების როგორ განვითარებას ელით?

- ჯერჯერობით, ინგა გრიგოლია დაიმუქრა, მთავრობის სხდომებს არ გავაშუქებთო, ამის ნამდვილად არავის შეეშინდება, თუ იმით დაემუქრებიან მმართველ გუნდს - გაგაკრიტიკებთო, ამას ისედაც აკეთებენ. სხვა რამე აქვთ მოსაფიქრებელი. მათი აღშფოთება ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ მუქარა, რომ გადადექი, თორემ არ გაგაშუქებ, ეს, უბრალოდ, კომიკურია.

- პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას როგორ შეაფასებთ? - 30 წელია, დამოუკიდებლები ვართ და სულ ასეთი ცირკი ხდება. ვერ გაიზარდა ჩვენი საზოგადოება მენტალურად, "თინეიჯერობის" ასაკში ვართ ჩარჩენილები, ამიტომ, ასეთი ცირკი კიდევ ბევრი იქნება.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)