"თუ ჩვენ საქართველოს კურსით წავალთ, მაშინ სომხეთსაც იგივე ბედი ელოდება" - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"თუ ჩვენ საქართველოს კურსით წავალთ, მაშინ სომხეთსაც იგივე ბედი ელოდება" - რას წერს სომხური გამოცემა?

სომხური პრესა ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, "ლგბტ"-საზოგადოების წარმომადგენლების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შეტაკებას, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, აგრეთვე - ტელეოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას. გაზეთ "გოლოს არმენიის" (Голос Армении) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "მოვლენები საქართველოში: საკრალური მსხვერპლი უკვე გაღებულია. რა მოხდება შემდეგ?" (ავტორი ზარა გევორქიანი) ყურადღება ექცევა ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

"ჟურნალისტის სიკვდილი ძალიან უცნაურად გამოიყურება: იგი საავადმყოფოდან იქნა გაწერილი, სახლში მკურნალობდა და უეცრად გარდაიცვალა. დღეს ნაკლებად ლაპარაკობენ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე, 12 ივლისს თბილისში შესაფერისი მიტინგიც ჩატარდა ლოზუნგებით "სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლის გადასარჩენად!", თან მიტინგის მონაწილეები პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. ანუ "ლგბტსთან" დაკავშირებული თემატიკა პოლიტიკურ სიბრტყეში იქნა გადატანილი, რაც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო.

მაინც რა ხდება საქართველოში? ამ კითხვით ერევნის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის - "ლუისის" ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ აიკ აივაზიანს მივმართეთ.

"როგორი გამოსვლებიც უნდა მოხდეს საქართველოში "ლგბტ"-საზოგადოებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყანა მაინც აგრძელებს დასავლური კურსით, ევროინტეგრაციული გზით სვლას, ანუ საქართველო განწირულია იმ წესების შესასრულებლად, რომლებსაც მას თავს დასავლეთი ახვევს. ქართველებს შეუძლიათ ყოველდღე გამოვიდნენ მიტინგებზე და საპროტესტო აქციებზე, მაგრამ შესაბამისი გენდერული კანონები მაინც იქნება მიღებული. ეს კანონები დროთა განმავლობაში მკაცრად ამოქმედდება. საბოლოო ჯამში, იურიდიული ბაზის განმტკიცების შემდეგ, ადრე თუ გვიან, ქართველებს "ლგბტ"-საზოგადოების წარმომადგენლებთან შერიგება მაინც მოუწევთ.

ისე, კაცმა რომ თქვას, საქართველოში ეროვნული ტრადიციებისა და ქრისტიანული ფასეულობების დარღვევების ფაქტებისადმი მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ შეიმჩნევა. კი, წინააღმდეგობა ქუჩის დონეზე, ადამიანთა აღქმის დონეზე არის, მაგრამ ამას რეალურ წინააღმდეგობას ვერ ვუწოდებ. იმიტომ, რომ საქართველო მაინც დასავლეთისაკენ მიდის, მტკიცე კურსით, შეუჩერებლად, პარლამენტი იღებს შესაბამის კანონებს, უერთდება საერთაშორისო კონვენციებს, მიმდინარეობს დაფინანსება საზღვარგარეთიდან, იქმნება ახალ-ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებში პროპაგანდას ეწევიან "ლგბტ"-საზოგადოებისადმი ლიბერალური დამოკიდებულების თაობაზე, იხსნება ახალი ინტერნეტსაიტები... და ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგნი არიან, ადრე თუ გვიან, კანონგარეშე აღმოჩნდებიან. აბა, რა - შენ თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაარღვევ, აუცილებლად დაგსჯიან.

ქუჩაში გაპროტესტება ნორმალურია, თუ გაქვს შესაბამისი კანონის წინააღმდეგ დასაბუთებული მოსაზრება, თუ გაქვს პროგრამა... თუ არ გაქვს, მაშინ ცარიელი შეძახილებით რამდენიც გინდა, აპროტესტე, არაფერი შეიცვლება. ქართველები კანონების წინააღმდეგ არ გამოდიან, ამიტომ მათი პროტესტი მხოლოდ ემოციური ხასიათისაა. გავა დრო და ტალღა ჩაცხრება, შეიცვლება თაობა, მათი მემკვიდრეები აღარ იქნებიან მკაცრად განწყობილები "ლგბტ"-საზოგადოების წევრების მიმართ. ამით ყველაფერი დასრულდება", - ამბობს აიკ აივაზიანი.

პოლიტოლოგის თქმით, ასეა თუ ისე, ქართველები ევროინტეგრაციული კურსით მაინც კმაყოფილნი არიან. ისინი ევროპისაკენ მიდიან, მაგრამ თურქეთის კურატორობით: ქართველებს დასავლეთთან მეგობრობა სურთ, უნდათ, რომ საქართველოში თურქული კაპიტალი მუშაობდეს, მაგრამ რუსეთთან მეგობრობას ერიდებიან. ცხადია, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რომელ წინააღმდეგობაზეა ლაპარაკი? საქართველოში იმდენი ფინანსებია დასავლეთიდან შესული, რომ ქვეყანას ხელ-ფეხი აქვს შეკრული. კი, ვიღაცები პროტესტს აცხადებენ, მაგრამ მთლიანობაში, საზოგადოება სიტუაციას უკვე შეურიგდა. შემდეგ რა იქნება? რა იქნება და - ჩიხი. შეხედეთ, როგორ ისარგებლეს ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტით გარკვეულმა ძალებმა: იგი საკრალურ მსხვერპლად წარმოაჩინეს. არაა გამორიცხული, რომ პროვოკაცია ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი, რომ შემდეგ ყველაფერი "ანტილგბტისტებისთვის" დაებრალებინათ. საქართველოს შემთხვევაში არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, ზოგადად, ასეთი ტექნოლოგიები საკმაოდ ცნობილია. სომხეთის შემთხვევაშიც დასავლეთი ზეწოლას ახორციელებს - ალბათ, ჩვენთანაც იქნება მსგავსი "ღირსების მარშების" მოწყობის სურვილი, შეეცდებიან იმას, რომ სომხეთმაც მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება... ალბათ, ჩვენებური გეების აგრესიულობაც მოიმატებს".

"თუ ჩვენ საქართველოს კურსით წავალთ, მაშინ სომხეთსაც იგივე ბედი ელოდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ დასავლეთის პოლიტიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, ამას ვერცერთი პატარა ქვეყანა ვერ შეძლებს. დასავლეთის მცდელობის ერთადერთი საპირწონე ასეთ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთია. მხოლოდ მოსკოვთან მოკავშირეობით შეიძლება, რომ ჩვენ წითელ ხაზს არ გადავაბიჯოთ. მაგრამ თუ სომხეთი დასავლური კურსით წავა, უკუქცევითი პროცესები დაიწყება. დასავლეთი და თურქეთი სწრაფად გააფართოებენ სომხური ეკლესიის დასუსტების მცდელობას, ეროვნული ფასეულობებისადმი რწმენის რღევას. შემდეგ კი, უკვე, წინ ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა, დემოგრაფიული სურათის შეცვლა გველოდება...", - ამბობს ინტერვიუში აიკ აივაზიანი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ