"ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში პირველად ამერიკა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობს"
"მსგავს სიტუაციაში ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალური პრემიერი დაუყოვნებლივ გადადგებოდა"
სანქციების დაწესების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება - ღარიბაშვილებს, გომელაურებსა და მოსამართლეებს დაეკისრებათ პირადი სანქციები", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
- ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რომ დასავლელი პარტნიორები სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ავალაპარაკეთ. დღემდე იყო მოზომილი აქცენტები, რეკომენდაციები, შეშფოთება, რაც ვერ გაიგო "ოცნებამ". საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში პირველად ამერიკა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობს, ამას ემატება ევროკავშირის განცხადება ტრანშების შეჩერების შესახებ. დასავლელი პარტნიორები პირდაპირ ადანაშაულებენ ღარიბაშვილსა და გომელაურს, რომ 5 ივლისს ძალადობა არ აღკვეთეს. არათუ პრევენციაზე არ იზრუნეს, უკვე მომხდარი ძალადობის ფაქტებზეც კი არ მოახდინეს რეაგირება. "ქართული ოცნება" არღვევს ყველა შეთანხმებას, ყველა ხელშეკრულებას, ყველა პირობას და ახალისებს იმ ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უკან რუსული ფული დგას. არ მადარდებს, თუ ღარიბაშვილს და გომელაურს დაუწესებენ სანქციებს, მე ის მადარდებს, რომ ქვეყნის იმიჯი ზარალდება. ასეთ ქვეყანაში ინვესტიციას არავინ ჩადებს, არც სერიოზულ პარტნიორად მიგვიჩნევს ვინმე, ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იქნება.
- მიშელთან მთავარი სასაუბრო თემა რა იქნება?
- 19 აპრილის შეთანხმება, რომელშიც ლაპარაკია ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელთა გადაწყვეტა არჩევნებამდე უნდა მოესწროს. ეს არის: საარჩევნო და მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, პოლიტიკური დევნა და 5 ივლისს გაუგონარი ძალადობა, რომელიც წაახალისეს ღარიბაშვილმა და გომელაურმა.
- მათ რისთვის აძლევდათ ხელს ძალადობის წახალისება, რა მოიგეს ამით?
- მიზანი იყო დასავლეთისგან მოწყვეტა, "ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლების შენარჩუნება და ჩვენი პოლიტიკური ღერძის რუსეთისკენ შებრუნება.
- რაც შეეხება მოსამართლეების საკითხს, თქვენც არ გჯერათ "ოცნების" ლიდერების გულწრფელობის, როდესაც ამბობენ, რომ უკვირთ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კრიტიკული განცხადებები. - კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი გაუგონრად უტიფრები, თავხედები და უცოდინარები არიან. უცხოელი პარტნიორები იძულებული არიან მარკერით შემოუხაზონ და განუმარტონ სად რა წერია. მთელი მსოფლიო, ჩვენ, პოლიტიკური სპექტრი, ევროპელები და ამერიკელები ერთნაირად ვკითხულობთ 19 აპრილის შეთანხმებას, "ქართული ოცნება" კი სხვანაირად. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ "ოცნება" საშიშია ხელისუფლებაში და აუცილებელია ვადამდელი არჩევნები. მათი ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე უფრო მეტად გვაშორებს დასავლეთს, რაც კიდევ მეტ სიღარიბეს ნიშნავს. ჯერ კიდევ 5 ივლისს ხათუნა სამნიძემ ფრაქციის სახელით გააკეთა განცხადება, გიორგი ვაშაძე კი პარტიის თავმჯდომარეებს შორის პირველი იყო, ვინც მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ჩვენი ინიციატივა იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, გადადგომა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ახლა ვცდილობთ კოლეგები დავარწმუნოთ მხარი დაგვიჭირონ, საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაში.
- ფიქრობთ, ღარიბაშვილი გადადგება? - მსგავს სიტუაციაში ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალური პრემიერი დაუყოვნებლივ გადადგებოდა. თუმცა "ოცნებისგან" გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას არ ველით. ძალაუფლების შენარჩუნების ისეთი მანიაკური სურვილი აქვთ, ყველაფერს გააკეთებენ, ხელისუფლებაში დასარჩენად. წინ დიდი სირთულეები გველის, მაგრამ პროცესი შეუქცევადია, გარე ზეწოლა და შიდა პროტესტი ნაყოფს გამოიღებს.
- ფიქრობთ, შიდა პროტესტი ისეთი მძლავრია, რომ მმართველი გუნდი იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს? - რუსთაველის პროსპექტზე თავების თვლა არასწორი მეთოდია, საზოგადოებაში ნამდვილად არის საპროტესტო განწყობა და ეს ძალიან მალე თვალსაჩინო გახდება.
ხათუნა ბახტურიძე