"დიდი ტედის" დიდი პრიზი
"დიდი პატივია, როცა რობერტ დე ნიროს დაარსებულ პრესტიჟულ კინოფესტივალზე დაგასახელებენ საუკეთესო მსახიობად"
23 ივლისს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება და მთელი ყურადღება ტოკიოს სპორტული არენებისკენ იქნება მიმართული, მანამდე კი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს კაცთან, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონიც (ორგზის!) არის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ტრიუმფატორიც და საერთოდაც, გამარჯვების, ჩემპიონობის, წარმატების სიმბოლოც. ლევან თედიაშვილი - ლეგენდარული მოჭიდავე, რომელმაც კარიერის დასრულების მერე გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლა და მაყურებელი გოგია კენკიშვილის გმირითაც მონუსხა. ცოტა ხნის წინ კი 73 წლის "ტედიმ" ("დიდი ტედი" B - ლევან თედიაშვილს ამერიკაში შეარქვეს - რ.შ.) მორიგ გამარჯვებას მიაღწია - Tribeca-ს მეოცე, საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს!
"ტრაიბეკას" ყოველწლიურ კინოფესტივალზე, რომელიც 2002 წელს დააარსეს რობერტ დე ნირომ, ჯეინ როზენტალმა და კრეიგ ჰატკოფმა, ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა - საუკეთესო ფილმი, სცენარი და მსახიობი. ლევან თედიაშვილის გმირი ფილმის მთავარი პერსონაჟია - ყოფილი მოჭიდავე, რომელიც ბრაიტონში ვალებში ჩაფლული შვილის დასახმარებლად ჩადის. "მეოთხე ბრაიტონში" მონაწილეობენ გიორგი ტაბიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და კახი კავსაძე, რომლისთვისაც ეს როლი უკანასკნელი აღმოჩნდა...
წლებია ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ჟურნალისტთან არ ულაპარაკია. "კვირის პალიტრა" ამჯერადაც პირველია:
- ბატონო ლევან, მადლობა ექსკლუზიური ინტერვიუსთვის. როგორ დაგითანხმათ ლევან კოღუაშვილმა ფილმში მონაწილეობაზე?
- საიდუმლოა. ფილმის შესახებ უფრო მეტი ვილაპარაკოთ სექტემბერში, როცა თბილისში ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. რაც შეეხება ლევან კოღუაშვილს, ის ძალიან კარგი კაცი და რეჟისორია და აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას, "ოსკარსაც" მიიღებს - ასეთი წინათგრძნობა მაქვს! ერთი ძალიან დიდი რეჟისორი ვახტანგ გორგასლის როლის შესრულებას მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი. მე ლევანს ველი და თუ გადაიღებს ამ თემატიკის ფილმს, დავთანხმდები.
- თუმცა მანამდე უკვე დასრულებულ პროექტზე ვილაპარაკოთ: რას გაიხსენებთ "ბრაიტონის" გადაღების პროცესიდან? ამერიკაში ბევრჯერ ყოფილხართ, მაგრამ ამჯერად სხვა მხრიდან დაინახავდით.
- ბრაიტონ-ბიჩი საინტერესო ადგილია, სადაც ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების უამრავი წარმომადგენელი ცხოვრობს. ქართველებისგან არც გაგვკვირვებია, მაგრამ რუსებმა, უზბეკებმა, ებრაელებმა და ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენლებმაც გამოხატეს პატივისცემა და სითბო. უზბეკმა ბიჭმა ფლავიც კი მოხარშა ჩვენს პატივსაცემად. აშშ-ში მართლაც ბევრჯერ ვყოფილვარ. თეთრ სახლში სტუმრობის და პრეზიდენტ ნიქსონთან შეხვედრის პატივიც მხვდა წილად!
- აშშ-ის პრეზიდენტმა ძმები პეტერსონების (ჯონ და ბენ პეტერსონები - ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებიც ლევან თედიაშვილმა არაერთხელ დაამარცხა. - რ.შ.) დაბრიყვებისთვის ხომ არ გისაყვედურათ?
- პეტერსონებთან დღემდე ვმეგობრობ, აი, თეთრ სახლში სტუმრობისას კი მართლაც გადავურჩი დიდ ჯარიმას... პრეზიდენტ ლინკოლნის ნაქონ სკამზე მოკალათებისთვის! გადავაბიჯე ამკრძალავ ლენტს და ლინკოლნის სკამზე დავჯექი. მოგვიანებით მითხრეს, რომ დიდი დანაშაული ჩამიდენია და რაღა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ თვალს არ მაცილებდნენ, კიდევ არაფერი გააფუჭოსო!
სანამ სუფრას მივუსხდებოდით, თეთრი სახლის მდივანმა საგულდაგულოდ გამაფრთხილა - თორმეტი სახის ჩანგალს მოიტანენ, ყველას თავისი დანიშნულება აქვს და ღმერთი არ გაგიწყრეს, არ შეგეშალოსო! ვიფიქრე, ამათ სეირს ვუზამ-მეთქი და მიამიტი სახით ვუთხარი, ხომ არაფერი დაშავდება, საჭმელს პირდაპირ რომ დავავლო ხელი და პირისაკენ გავაქანო-მეთქი. ამაზე სულ გადაირია და მაშინვე ელჩს მოახსენა, თედიაშვილი ძალიან ცუდად იქცევაო! ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მომამაგრეს, თეთრ სახლში რომ არაფერი გამეფუჭებინა.
- მაინც მოახერხეთ რამე? - სუფრას გადავხედე თუ არა, მაშინვე მივხვდი, ზედმეტი ბუტერბროდი რომ შემეჭამა, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი მშიერი დარჩებოდა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს გადავულაპარაკე, თუ ნიქსონი საგარეჯოში მესტუმრება, ხბოს დავუკლავ-მეთქი. როგორც ჩანს, ეს სიტყვები პრეზიდენტმაც გაიგონა და იკითხა, რა თქვაო? როცა ჩემი სიტყვები გადაუთარგმნეს, გაიცინა, მე ძალიან ღარიბი ვარ, ტედი კი ჩემზე მდიდარია და შეუძლია თავს ხბოს დაკვლის უფლება მისცესო.
- კახური იუმორითა და "წვრილმანი ხულიგნობით" ფილმის გადამღებ ჯგუფსაც "აბრაზებდით" ხოლმე? - "ხარება და გოგიას" მსახიობების უმეტესობა იმერელი იყო. კახელი, მგონი, მხოლოდ მე ვიყავი და ხშირად ვიყენებდი ჩვენებურ გამოთქმას "რას მიაც-მააცვამს". რამდენჯერმე ვთქვი და როცა კადრის ამოჭრა დააპირეს, გავბრაზდი, თუ არ მოგწონთ, თქვენ ჩაიცვით ეს ჩოხა და თვითონ ითამაშეთ-მეთქი! გაბრაზებული ცოტათი უზრდელი ვარ - კახური პირდაპირობით ვიცი ხოლმე ლაპარაკი. ეტყობა, "ბრაიტონის" გადაღების დროსაც ვთქვი რამე ისეთი, რომ რამდენჯერმე კოღუაშვილიც გამებუტა. საბოლოოდ ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა. დიდი პატივია, როცა რობერტ დე ნიროს დაარსებულ პრესტიჟულ კინოფესტივალზე დაგასახელებენ საუკეთესო მსახიობად.
"ხარება და გოგიას" გადაღების შემდეგ ტაშკენტის კინოფესტივალზე დამასახელეს საუკეთესო მსახიობად. თუმცა გიორგი შენგელაიამ უზბეკეთში არ წამიყვანა. პანდემიის გამო ვერც Tribeca-ს დაჯილდოებას დავესწარი. არა უშავს, აი, გამოვჯანმრთელდე და... იმედია, მესამე ფილმიც იქნება (იცინის). სხვათა შორის, ჭიდაობასაც დიდი "არტისტობა" უნდა: როცა ლეიბზე გავდიოდით და ერთმანეთს ვესალმებოდით, მოწინააღმდეგე ხელს მომიჭერდა ხოლმე, ვითომ ორთაბრძოლის დაწყებამდე შევაშინოო! ისეთ სახეს ვიღებდი, თითქოს ძალიან მეტკინა და როცა მეტოქე დარწმუნდებოდა, რომ ნახევარი საქმე უკვე გააკეთა, ცოტა ხანში გულაღმა იყო გაშოტილი.
- არტისტიზმი ხასიათში გაქვთ, მაგრამ პირველ ფილმში მონაწილეობიდან ხომ სამ ათეულ წელზე მეტი იყო გასული და გადასაღებ მოედანზე დაბრუნება არ გაგიჭირდათ? - რა გითხრათ... გამიჭირდა თუ არა, როგორ ვითამაშე, ეს გადამღებ ჯგუფს, რეჟისორს, მაყურებელს უნდა ჰკითხოთ. სხვათა შორის, ერთხელ სიურპრიზიც გავუკეთე: ერთი ეპიზოდი, ქალთან შეხვედრის სცენა ინგლისურად წავიკითხე. არ იცოდნენ, რომ ცოტათი მეხერხება და რომ დავილაპარაკე, გადაირივნენ. სალაპარაკო დონეზე რამდენიმე ენა ვიცი...
- რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ საუკეთესო მსახიობად დაგასახელეს? - რომ გითხრათ, სიხარულით გადავირიე-მეთქი, არ იქნება სიმართლე. მომავალი ჯერ კიდევ წინ მაქვს (იცინის).
- ლევან კოღუაშვილის თქმით, ძნელია იპოვო მსახიობი, რომელიც იმას ითამაშებს, რაც თედიაშვილს 70 წლის განმავლობაში აქვს განვლილი. თქვენი მართლაც რომ მრავალფეროვანი, ტრაგიკული ცხოვრების რომელიმე ნაწილი ფილმში მონაწილეობის დროსაც გადაიტანეთ? - ბევრი რამ არის დამოკიდებული რეჟისორსა და კოლექტივზე. ძალიან მომწონს ნადეჟდა მიხალკოვა, ჩინებული მსახიობია, კარგად ითამაშა გიორგი ტაბიძემაც. ძალიან დამწყვიტა გული კახი კავსაძის გარდაცვალებამ. სხვათა შორის, კახი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვნახე და ომახიანად, იმედიანად იყო, მაგრამ... ერთ კვირაში გარდაიცვალა. დასანანია, თავისი ბოლო ფილმის წარმატებას რომ ვერ მოესწრო.
- პარტნიორების და რეჟისორის მხრივ გაგიმართლათ "ხარება და გოგიას" გადაღებების დროსაც! ხარებასთან - ომარ ფხაკაძესთან ურთიერთობიდან რას გაიხსენებთ? - ომარ ფხაკაძე, უზომოდ საყვარელი და თბილი ადამიანი იყო, კარგი კაცი... იმის მიუხედავად, რომ დიდ სპორტსმენს მსახიობის გამოცდილება არ ჰქონია, ძალიან ღირსეულად ითამაშა. ომარი ჩინებული თამადა იყო და სასმელსაც კარგად იტანდა. ვეხუმრებოდი ხოლმე, როცა მთვრალი ხარ, ვინმემ რომ გცემოს კიდეც, მეორე დღეს არაფერი გახსოვს-მეთქი. ხომ მომეხმარებიო? მთასავით კაცს რა მოხმარება გინდა-მეთქი. გაიხარებდა ხოლმე, ამას რომ ვეტყოდი...
კინოთი უფრო ბევრმა გამიცნო, ვიდრე ჭიდაობით! კინოში ყველა დადიოდა, ჭიდაობის საყურებლად კი ტოკიოში წამოვიდოდნენ თუ ნიუ-იორკში? მაშინ სად იყო ამდენი რეპორტაჟი... რაც შეეხება ფილმს, მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გამოცდილი მსახიობებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ სპორტსმენების გამოჩენამ ფილმს სხვანაირი ხიბლი და ორიგინალურობა შესძინა. მაყურებელი შეჩვეულია ცნობილ მსახიობებს, შენ კი უცხო ხარ, ახალი სახე და სტილი შეგაქვს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან ხშირად არ უნდა გადაიღო მსახიობი, მომაბეზრებელი არ უნდა გახდეს.
- უნიკალური მიღწევები გაქვთ: ხართ ოლიმპიადის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, ერთადერთი მოჭიდავე, ვინც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. გარდა ამისა, 1973 წელს თეირანში ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდით მსოფლიო ჩემპიონი, სამი დღის შემდეგ - სამბოში! - ვახტანგ ბალავაძემ მითხრა, სამბოც უნდა იჭიდაოო! ჩვენებური კაცი, დვალიშვილი მუშაობდა თეირანში ინჟინრად და ტურნირის დასრულების შემდეგ მასთან ერთად მოვილხინე. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ოქროს მედალი ფანჯრის რაფაზე დავაგდე და სუფრას მივუსხედით. ქეიფი ახალი გახურებული იყო, როცა ვახტანგი მომადგა, ბევრი არ დალიოო. უფრო სწორად, იმერულად მითხრა, ნამეტანი არ მოგივიდესო. ხომ მოგიტანე ოქროს მედალი და პრემია, მეტი რაღა გინდა-მეთქი? ერთი მედალი კიდევ მინდა, სამბოშიც უნდა იჭიდაოო! ახალგაზრდობაში სამბოც მიჭიდავია - ყველა სახეობას ვჭიდაობდით, ბერძნულ-რომაულსაც კი. სად მიშვებთ, წესები მაინც გამახსენეთ კარგად, რაღაც სისულელე არ გავაკეთო-მეთქი! გავედი და... ჩემპიონობასთან ერთად ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზიც ავიღე! ბედი არ არის?!
- ბედი არაფერ შუაშია, მაგარი იყავით! - მამაც ხშირად მეუბნებოდა ხოლმე და მეც ასე ვფიქრობ - ღმერთმა თუ არ დაგანათლა, რაც უნდა სცადო, ვერ გააკეთებ. ერთხელ სპარტაკიადაზე მსაჯების "დახმარებით" გულიტკინთან წავაგე (სხვათა შორის, ვაჟკაცი ბიჭი იყო - სპეციალურად ჩამოვიდა კიევიდან და ბოდიში მომიხადა!) და ვზივარ დაღონებული. მაშინ მითხრა მამაჩემმა, ნუ ხარ უკმაყოფილო, ჭიდაობა განა სექსია, ორივემ რომ ისიამოვნოთო.
- ხუმრობა მამათქვენსაც ჰყვარებია, თანაც, როგორც ვიცი, ჭიდაობაში არასდროს დამარცხებულა! - ეგ ამბავიც გცოდნიათ: ერთხელ ცნობილმა კიეველმა ჟურნალისტმა მკითხა, იცნობ მოჭიდავეს, რომელიც არასდროს დამარცხებულაო? როგორ არა, მამაჩემია-მეთქი! მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სტატიაზე და დილით მკითხა, მამაშენი ჭიდაობის რომელ სახეობაში გამოდიოდაო? არასდროს უჭიდავია და როგორ წააგებდა-მეთქი?! პირღია დავტოვე...
- "მეოთხე ბრაიტონში" თამაშობთ მამას, რომელიც აშშ-ში შვილის დასახმარებლად ჩადის. ამერიკაში კი არა, სად არ წახვიდოდით, რეალურ ცხოვრებაშიც რომ შეგძლებოდათ შვილის დახმარება... - როცა ვახტანგი აფხაზეთში გაემგზავრა, მეც ჩავჯექი თვითმფრინავში და მასთან ერთად წავედი. ჩემი შვილი ომში მიდიოდა და მე სახლში დავრჩებოდი?! მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ როცა ბაბუშერის აეროდრომი დაიბომბა და თვითმფრინავი აფეთქდა, ვერაფერი ვუშველე... საავადმყოფოში ჩემს ხელში დალია სული.
მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას, ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი.
- ჟურნალისტებს არასდროს ეკონტაქტებით, მაგრამ მაინც ვიცით თქვენი ამბები... - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად მიწევს "ავერსის" კლინიკაში მისვლა. ვერასდროს მოვახერხე რომ მფლობელისთვის პირადად მეთქვა მადლობა, ამიტომ ამას თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაკეთებ. მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც წლების განმავლობაში ეხმარება უამრავ ადამიანს.
- დღეს რომ ჭიდაობდეთ, რა დონეზე იქნებოდა ლევან თედიაშვილი?
- დღეს წესები ისე შეიცვალა, რომ ჭიდაობა აღარ არის ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც უწინ იყო. ახლანდელ მსაჯებსაც ზედმეტი მოსდით ხოლმე.
დღესაც გვყავს კარგი მოჭიდავეები, მაგრამ ქართველმა ფალავანმა გადაგდება თუ არ გააკეთა, გარე და შუა ფეხი, ცერული თუ არ გააკეთა, აღარ არის სანახაობრივი ჭიდაობა, დაგეძინება!..
- 73 წლის ხართ. როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავთ, კარგი უფრო მეტი გახსენდებათ, თუ ცუდი?
- კარგიც იყო და ცუდიც. ცუდის დავიწყება არ შეიძლება, შეცდომა უნდა აღიარო, ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოს! შევცვლიდი თუ არა რამეს? რა თქმა უნდა! ბოდიშიც მომიხდია იმისთვის, რის შეცვლასაც ვისურვებდი...