"თუ ჯინსი გეცვა და რეზინსაც ღეჭავდი, პირველი კაცი იყავი" - კვირის პალიტრა

"თუ ჯინსი გეცვა და რეზინსაც ღეჭავდი, პირველი კაცი იყავი"

ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებელი სიმღერები და განსახიერებული როლები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე აქვს შექმნილი, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელ გმირებად იქცნენ. მათ შორისაა ფილმები "არ იდარდო!", "მიმინო", "ვერის უბნის მელოდიები" და სხვები.

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან, სადაც ბატონი ბუბა მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდსა და ამბავს იხსენებს:

"გიჟს ჰგავდა დედა..." - ჩვენს თაობას ძნელი ბავშვობა ჰქონდა. მამა თითქმის არავის ჰყავდა. ყველა ჯარში იყო. მამაჩემს თვალების პრობლემა ჰქონდა და დატოვეს, მაგრამ თავისი სურვილით წავიდა. ქერჩში დაიღუპა. დიდ ეზოში ვცხოვრობდით, ძერჟინსკის #10-ში. ვინც რას შოულობდა, ყველაფერს ვიყოფდით. არ იყო მაშინ რკინის კარი და ინგლისური საკეტები. გადაკეტავდა დედა სახლის კარს და გასაღებს ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ მიტოვებდა. ასე იყვნენ სხვებიც.

ჩვენს გვარში ყველა მღეროდა. დედა ჯერ ძმასთან, ძია ჯანოსთან მღეროდა, მერე - კაპელაში, 40 წელზე მეტხანს გალობდა სიონის ტაძარში. წმინდა ნინოს ორდენი ჰქონდა მიღებული. მე კი ერთი ათაღლარა ბიჭი ვიყავი. ჯერ მესამე კლასში დამტოვეს, შემდეგ - მეექვსეში, მერვეში. გიჟს ჰგავდა დედა.

მშენებლობიდან უცხო ენებში

- ჩვენს სახლთან ცოტა მოშორებით ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ. მათ სადარბაზოს კარგი აკუსტიკა ჰქონდა. რომ წამოვიზარდეთ, იქ გიტარებით დავსხდებოდით და ვმღეროდით. ზურა ხელაია ჩვენზე უფროსი იყო, კარგ სიმღერებს წერდა. ერთხელ წაგვაწყდა, ღამით რომ ვმღეროდით. წამო ჩემთან სამედიცინო ინსტიტუტში და იქ იმღერეო. მაშინ ვნახე პირველად მიკროფონი. იმ პერიოდში ყველა ინსტიტუტში ვიმღერე, გარდა ზოოვეტერინარულისა. მხოლოდ მათ არ ჰყავდათ თვითმოქმედი ანსამბლი. ყველაზე ლამაზი გოგონები უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდნენ, ინიაზში, როგორც მაშინ ვეძახდით. ლექციები რომ მთავრდებოდა, ნახევარი თბილისის ბიჭები ინიაზის წინ იდგნენ. იმხანად დაბრუნდა თბილისში გელა ჩარკვიანი. მითხრა, ჩემს მეგობარს პატარა ორკესტრი ჰყავს და კურსის გამოსაშვები საღამო აქვთ უცხო ენებში, იქნებ მიეხმაროო. მართლაც ვიმღერე. ლექტორს ვეუცხოვე, ეს ბიჭი ჩვენთან სწავლობსო? არა, მშენებლობაზე მუშაობსო, უპასუხიათ. რუსულ სკოლას ვაშენებდით ენგელსის ქუჩაზე. არ უნდა უცხო ენებში ისწავლოსო? არადა, ენის გაგებაში არ ვიყავი. მირჩიეს, წადი, ბიჭო, პედაგოგს მოგამაგრებენ, მოგამზადებს და ჩაგრიცხავენო. ასეც მოხდა. დადგა აგვისტო. პირველი გამოცდა ისტორიაში გვქონდა.

რომ მივედი, ფეხები მომეკვეთა, ჯერ ერთი, წინადღის ნაქეიფარი ვიყავი, მეორე, ამდენ გოგოს შორის ერთი ბიჭი აღმოვჩნდი.

ეს გოგოები ინგლისურად საუბრობენ. შელია იყო გამომცდელი. ცხვირი აწითლებული ჰქონდა, ისიც წინადღის ნაქეიფარი იყო. რა გვარი ხარო, მკითხა. ვუპასუხე. წადი ახლა, კიკაბიძე, სამ საათში მოდი და 2 ბოთლი ცივი ლუდი მომიტანეო. სამ საათში მართლაც ყველა გოგო გავიდა გამოცდიდან. შელიამ ერთი ბოთლი გამოცალა. აიღე ბილეთიო, მანიშნა. პეტრე პირველი შემხვდა. რაღაცები ვუთხარი. გეტყობა, შენც არ გეცალა წუხელო, მითხრა. ნაქეიფარი გახლავართ-მეთქი, არ დამიმალავს. ჩამომითვალე, რა ელაგა წუხელ თქვენს სუფრაზეო. დავიწყე: კიტრი, პომიდორი, ხაჭაპური, გოჭი... გოჭზე გამაჩერა და მეკითხება, ს ხრენამ? მე ხრენი ცუდი სიტყვა მეგონა და ვუპასუხე, არა, ეტყობა, სანამ სუფრაზე მოიტანეს, მოაჭრეს-მეთქი. აუტყდა სიცილი. მოკლედ, ისტორიაში ოთხიანი დამიწერეს. ამ "სირთულით" ჩაიარა დანარჩენმა გამოცდებმაც. გავხდი სტუდენტი, მაგრამ სწავლა დაიწყო თუ არა, რეპეტიციაზე ამიყვანეს. რეპეტიციების კვალდაკვალ კონცერტები რიკინ-რიკინით მიდიოდა და პოპულარული გავხდი.

"ასე დავიწყე..."

- "რეროს" სახელმწიფო ორკესტრისთვის კონკურსი გამოაცხადეს. ძია ჯანოს ვთხოვე, მიმიყვანე, გამსინჯონ-მეთქი. არ მიმიღეს, ხრინწიანი ხმა გაქვსო. დასკვნა ასეთი იყო: "Его хриплый голос отдает загнивающим Западом". ასე ეძახდნენ მაშინ დასავლეთს. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამიყვანდნენ, წინასწარ წამოვედი ინსტიტუტიდან. მოკლედ, ვზივარ სახლში. ამ დროს დამირეკა ვახტანგ გოჩიაშვილმა, რომელიც იმ საბჭოში მჯდარა, რომელმაც დამიწუნა. გვარს თუ გამოიცვლი, 2 კვირაში რუსეთში გასტროლებზე წაგიყვანო. დედამ, ჩემი გვარით წადი, ბაგრატიონზე კარგი გვარი რა არისო... პირველი კონცერტი როსტოვში ჩატარდა. პირველ წერილში, რომელიც ჩემზე დაიწერა, მიწასთან ვიყავი გასწორებული: "კონცერტის ბოლოს გამოდის ახალგაზრდა, გამხდარი მამაკაცი და ხრინწიანი ხმით ყვირის მოკროფონში", - ეს იყო 1959 წელი. ასე დავიწყე... შემდეგ "დიელოში" ვმღეროდი, პირველად საზღვარგარეთ მათთან ერთად გავედი. ვინც საზღვარგარეთ დადიოდა, ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდნენ, თუ ჯინსი გეცვა და რეზინსაც ღეჭავდი, პირველი კაცი იყავი. მერე იყო "ორერა", რომელთან ერთადაც ხუთივე კონტინენტი მოვიარე... ახლახან ვიყავი ყაზახეთში, ისრაელში, მონტე-კარლოში, უკრაინის 10 ქალაქი მოვიარე. უკრაინამ სახალხო არტისტის წოდება მომანიჭა და 2015 წლის მამაკაცად დამასახელეს.

"ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის..."

- დედას მეგობრები რომ შეხვდებოდნენ, ერთი იტყოდა, ჩემი რეზიკო ლექციებს კითხულობსო, მეორე იტყოდა, ჩემმა სადოქტორო დაიცვაო. დედა თურმე წითლდებოდა და თავჩაქინდრული ამბობდა, ჩემი ბუბა ბარაბანზე უკრავსო. ქება არ იცოდა, ოთარაანთ ქვრივივით იყო. ერთხელ მითხრა, რადგან შენს კონცერტებზე ბილეთებს ყიდულობენ, ალბათ, მე რაღაც არ მესმისო. სულ უნდოდა, ერთად სიმღერა ჩაგვეწერა. მეც სულ ვერ ვაბამდი თავს. ხომ იცით, სანამ დედა ცოცხალია, გგონია, სულ გვერდში გეყოლება. ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის...

ჩვენ რომ გაჭირვებაში ვიცხოვრეთ, ბევრს არ უნახავს ასეთი. ცოტა რომ დავდექი ფეხზე, ბინა გავუკეთე და არ გადავიდა, მეზობლებს ვერ დავტოვებო.

კუპონები რომ შემოვიდა, აირია ქალი, მილიონი, 2 მილიონი... ერთხელ პროდუქტი მივუტანე და მეკითხება, რამდენი დახარჯეო. დიდი არაფერი, დიდუბეში დატოვეს ჩემი მეგობარი ძველი რაიკომის მდივანი, რომელიც საბჭოთა ფასებით მუშაობს-მეთქი. გაიხარა, დაუძახა მეზობლებს, დაურიგა, ბუბას ისეთი ძმაკაცი ჰყავს, კიდევ მომიტანსო.

ნაძვის ხეები უცნობისგან

- მამა რომ გავხდი, 30 დეკემბერია, ბავშვებთან ერთად ხელოვნურ ნაძვის ხეს ვრთავ, კარზე ზარია. გავაღე, პატარა ბიჭს ცოცხალი ნაძვის ხე უჭირავს. ბუბა ბიძია, ეს თქვენთან გამომატანეს. ვიღაც კაცმა ფული მომცა და მითხრა, ბუბას აუტანეო. ვერ გავიგე, ვისგან იყო. მოვრთეთ, ბავშვებმა გაიხარეს. მეორე წელს კიდევ მოიტანეს, მერე კიდევ... ერთხელაც აღარ მოიტანეს.

იმ პერიოდში მეგობარი საავადმყოფოში იწვა და სანახავად ავედი. მოსაწევად გავედი და იქ ერთი მამაკაცი შემომიერთდა. მივყევით-მოვყევით... რა დიაგნოზი გაქვთ-მეთქი, შევბედე. კიბო მჭირს, ეჰ, ვეღარ გიგზავნი ნაძვებსო. თურმე ის იყო. ახლაც ხმა მებზარება, რომ ვიხსენებ. უკვე მერამდენე წელია, ჩიჩილაკს ვდგამთ. ჩვენი მეკვლეები, ძირითადად, შვილიშვილები არიან... ბევრნი ვართ - 2 შვილი, 3 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი მყავს. ეს პატარა მაგიჟებს...

ადრე ჩვენში კავკასიური ნაძვი ხარობდა. პატრიარქის ქადაგების თანახმად, აღუდგენიათ ეს ჯიში. ახლახან დამირეკეს, შევარჩიეთ რამდენიმე გვარი, მათ შორის თქვენიც და მოგართმევთო. მე დავრგავ და ჩემი გვარის სახელზე გაიზრდება ის ხე. განაგრძეთ კითხვა